"შეუძლებელია, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია" - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია, ივანიშვილმა არ იცოდეს, რომ მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია"

"სკანდალური ჩანაწერები შეიძლება აღმოჩნდეს ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს და რომელმაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ძალა წალეკოს"

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, რასაც ამძაფრებს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბრძოლისთვის არჩეული ხერხები. ნეგატივზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია და კომპრომატებით ომი - ასეც შეგვიძლია დავახასიათოთ დღეს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე შექმნილი ვითარება, რომლის შეფასებითაც დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან.

- ის, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას ვხედავთ - ორი ძირითადი ძალის მიერ ბრძოლისთვის არჩეული უკიდურესად ნეგატიური ხერხები, დამანგრეველია როგორც საზოგადოების, ისე ამ პოლიტიკური ძალებისთვის. დღეს შექმნილი ვითარება ზუსტად ასევე შეაფასა ევროკავშირის ახალმა ელჩმა, რომელმაც ბრძანა, ეს პროცესები ანგრევს პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ნდობასო.

როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე "ნაციონალურ მოძრაობაში", როგორც ჩანს, ასეთი პოზიციონირება ხელს აძლევთ. ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ მათი სტაბილური ამომრჩევლის გარდა, ბრძოლის ამ ხერხების შემყურე დანარჩენი საზოგადოება ნიჰილიზმში ჩაიძირა. მეორე მხრივ, ეს გავლენას ახდენს პოლიტიკურ ველზე, სადაც შემოსვლისა და საქმის კეთების სურვილი ეკარგება ყველას, ვისაც შეიძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის რესურსი ჰქონდეს. ამით კი პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის პრევენცია ხდება. ფაქტობრივად, ცარიელია პოლიტიკური ველი: იმიტომ კი არა, რომ ადამიანები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არ სურთ.

ეს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ ასე ორ კურდღელს იჭერენ - ამომრჩეველი აპათიისა და უიმედობის ტყვეობაშია, შესაბამისად, არ აქტიურობს, პოლიტიკური ველი კი მოსუფთავებულია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს მათთვისაც, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნებისთვის", დამანგრეველია. დღეს მათი არჩეული ბრძოლის ხერხები მათივე დიაგნოზია, რომელიც აჩვენებს, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, ყველაფრის მკადრებელ პოლიტიკურ ძალას კი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.

მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებული ჩანაწერები კიდევ ერთ ტენდენციას ავლენს - თითქმის ყველგან ასეთი ფრაზები გვესმის: "ამათ ვენდობოდი?" "თავს არ დავიზღვევდი?" და ა.შ. რაც იმის მაჩვენებელია, რომ მმართველ ძალაში ნდობის დეფიციტია. ეს ადამიანები, ანუ ე.წ. შემსრულებლები მშვენივრად ხვდებიან, რომ საბოლოოდ მათაც გაწირავენ და ამისთვის ემზადებიან, შავი დღისთვის კომპრომატებს აგროვებენ.

ეს არ არის გუნდი, რომელიც ერთი იდეით და მიზნით არის გაერთიანებული, აქ ადამიანები ერთმანეთის გამოყენებისა და გაწირვის სქემებით ურთიერთობენ.

ამ ყველაფერს ამომრჩეველი რომ უყურებს, ფიქრობს: "თუ "ქართული ოცნების" წევრები მზად არიან, ერთმანეთს ყელი გამოსჭრან, როგორი დაუნდობლები შეიძლება იყვნენ საზოგადოების მიმართ?.."

ეს ჩანაწერები შეიძლება აღმოჩნდეს ის ჯინი, რომელიც ბოთლიდან გამოუშვეს და რომელმაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური ძალა წალეკოს.

თუ "ქართულმა ოცნებამ" იგრძნო, რომ კედელთან არის მიყენებული, შეიძლება ტერორზეც წავიდეს. იმედი მაქვს, ამის ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა საფრთხე არსებობს. ამის სიმპტომები გამოჩნდა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინტერვიუში, როდესაც მან განაცხადა, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მზად არის, სამართალდამცავებს გადასცეს ინფორმაცია პოლიტიკოსების, დეპუტატების, ოპოზიციის წევრებისა და ა.შ. შესახებ... ჩემი აზრით, მათ მიგვანიშნეს, რომ ეს კომპრომატები - რეალური თუ არარეალური, ფაქტებით განმტკიცებული თუ გამოგონილი, სამომავლოდ შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური დევნისთვის, ამისთვის კი ათასი ჯურის ადამიანები შეიძლება გამოიყენონ...

- გავრცელებულ ჩანაწერებში რაც მირზა სუბელიანისგან მოვისმინეთ, რეალურია, რომ სიმართლეს შეეფერებოდეს? თუ მას მართლაც აქვს ამგვარი კომპრომატები, მოსალოდნელია თუ არა, ასეთი კომპრომატები სხვა ჩინოსანთა არქივშიც ინახებოდეს? ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც იყოს მოარული ხმები, თითქოს თეა წულუკიანმა მთავრობაში სავარძელი სწორედ კომპრომატების წყალობით შეინარჩუნა... - ურთიერთკომპრომატებით სკამებისა და თავისუფლების შენარჩუნების ვარაუდი ძალიან ახლოს არის რეალობასთან.

როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში მოსმენების ინდუსტრია ყვავის. ერთი ფრაგმენტი მინდა გავიხსენო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული მასალებიდან, რომელიც პროკურატურამ ახლახან გამოაქვეყნა. ამ მასალებში, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა, მოსასმენი აპარატურა შინ წაიღო. გამოდის, რომ ეს აპარატურა პორტატულია და იმ ზომის, რომ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, გამოიტანოს სამინისტროდან და შინ წაიღოს.

დავუბრუნდეთ მმართველი გუნდის ერთიანობის თემას... ეს ადამიანები ჩანაწერებს აკეთებენ საკუთარი გუნდისა და საკუთარი შემკვეთებისგან თავის დასაცავად. ალბათ, ეს ნიშნავს, რომ სხვებსაც აქვთ ამგვარი ჩანაწერები თუ სხვა ტიპის კომპრომატები და სწორედ ეს არის ამ ხალხის ერთ გუნდად არსებობის წინა პირობა.

ექვსი წელი გავიდა და "ქართულ ოცნებას" წარმოდგენაც არა აქვს, როგორ სახელმწიფოს აშენებს, საით მიჰყავს ერი, ყოველი შემთხვევისთვის, საზოგადოებისთვის ამის თაობაზე არაფერი უცნობებიათ. არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, ერთი იდეის გარშემო ჯერ ხელისუფლება გაერთიანებულიყო და მერე მთელი ერის გაერთიანება ეცადათ... შესაბამისად, ერთიანობისთვის რაღაც დუღაბი ხომ უნდა ჰქონდეთ, ჰოდა, ორი სახეობის დუღაბი აქვთ, ერთი - ნაშოვნი ფულის შენარჩუნების ინტერესი და მეორე - კომპრომატებით ერთმანეთის დაბალანსება.

- ამ პროცესებში აშკარად გამოჩნდა ე.წ. არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების პარალელურად არსებობენ და მასზე დიდ გავლენას ახდენენ... - "ოცნებამ", "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ზონდერჯგუფები" გაიყვანა ხელისუფლების გარეთ, ანუ თუ წინა ხელისუფლებას სისტემაში ჰყავდა ახალაიები, კოდუები, ქარდავები და ა.შ., ესენი ადგნენ და სისტემის გარეთ გაიტანეს პროცესები, ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან და გარჩევები ხელისუფლების გარეთ ხდება.

ასეც რომ იყოს, ამგვარ გარჩევებზეც რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, არასდროს გაუგიათ?!

თავის მხრივ, ამ ზონდერჯგუფების წარმომადგენლები ზუსტად მიხვდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად სჭირდებოდა ხელისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში იოლად შეაწმენდდა მათ ხელს, ამიტომაც დახვეწეს ჩანაწერების გაკეთებისა და გავრცელების ინდუსტრია... ეს არის მოკლედ ის სქემა, რომელსაც ბოლო ხანს ყველა მიმართულებით ვადევნებთ თვალს.

- "ქართული ოცნება", ტრადიციულად, მხოლოდ იმის თქმას ახერხებს, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელებით ოპოზიცია ქვეყანას რევოლუციისთვის ამზადებს, არადა, ისიც კი გაუგებარია, ამ ჩანაწერებს ვინ აკეთებს და ავრცელებს... საზოგადოება ჩანაწერების თაობაზე ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხს ელის, მაგრამ პასუხი არ ჩანს... - ხელისუფლება უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, ეს ლაპარაკიც რევოლუციურ საფრთხეზე ამას ემსახურება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ქვეყანას დღეს მხოლოდ "ოცნების" ამ შემადგენლობისგან თავის დახსნა სჭირდება... თუმცა ყველას არ ვგულისხმობ - ბევრი დეპუტატი და მინისტრი აშკარად ემიჯნება იმას, რაც დღეს ხდება. ჯერჯერობით მდუმარებით ემიჯნებიან, მაგრამ მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციაში ეს დუმილი ხმაურზე მეტია.

- ისმის კითხვა: ვის ხელეწიფება "ქართული ოცნების" ამ შემადგენლობისგან ქვეყნის გათავისუფლება? - ორ ძალას: ერთია ბიძინა ივანიშვილი და მეორე - საზოგადოება.

დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით... ამ დღეებში ვისმენდით ლაპარაკს, რომ ივანიშვილი ამ ჯგუფების მძევალია, შანტაჟის მსხვერპლია და ა.შ. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია.

შეუძლებელია, მან არ იცოდეს, რომ მის გარემოცვაში მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია. სამაგიეროდ, ბევრია განაწყენებული და უკმაყოფილო, რომლებიც ადვილად გაიქცევიან იმისკენ, ვინც ნაშოვნი ფულის გადარჩენის გარანტიას მისცემს. მის გარემოცვაში მოღალატის გამოცდილება არაერთს აქვს... მოკლედ, ბევრია ისეთი, ვინც ივანიშვილს გამოყენების თვალით უყურებს და სიამოვნებით გაცვლიდნენ მას უფრო სუსტ პატრონზე...

ვფიქრობ, ეს ივანიშვილმა მშვენივრად იცის, ამიტომაც მგონია მისი მძევლად აყვანის ვარაუდი უსაფუძვლო.

სურვილის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იპოვის ისეთ კომბინაციას, რომლითაც შეძლებს, თავი გაითავისუფლოს ამ გარემოცვისა და იმ სიბინძურისგან, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა.

ის ან უნდა ჩაჰყვეს ამ სიბინძურეს, მიიღოს ამ ადამიანების შეთავაზებული თამაშის წესები და სულ უფრო ღრმად ჩაიძიროს, ან გამოძებნოს ახალი საშუალებები მათგან გასათავისუფლებლად და ამაში მისი მოკავშირე აუცილებლად იქნება საზოგადოება. მას ამისთვის აქვს რამდენიმე ძლიერი საშუალება, უპირველესად - 2019 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელშიც "ქართული ოცნების" ჯანსაღმა ნაწილმა, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმატით მიიღოს მონაწილეობა და შემდგომ კოალიციური მთავრობა შექმნას. მაგალითად, პარტიის შექმნის საშუალებას მივცემდი კახი კახიშვილს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პირს "ქართულ ოცნებაში", მამუკა ბახტაძეს მივცემდი ახალი კადრების მოყვანის საშუალებას, კახა კალაძეს - მოქმედების მეტ თავისუფლებას, ასევე ლევან კობერიძეს და იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამ სიბინძურეში სუფთა იმიჯი შეინარჩუნეს...

ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილს სვლები აღარ დარჩა, უსაფუძვლოა. საკითხავი ის არის, რა გზას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა ამ სვლებს და დროულად გადადგამს თუ არა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს...

რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები იმედის საფუძველს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გაიყვანენ, გაიყვანენ მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ არის იმ ადამიანების კრიტიკული მასა, რომელიც საკუთარი ხმის დასაცავად გარეთ გამოვა. ხელისუფლებამ ეს იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ყველაფერი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიცია, რომელსაც აქვს მესამე ცენტრის შექმნის რესურსი, თუნდაც დავით უსუფაშვილი, ალეკო ელისაშვილი, "გირჩი" და ა.შ. უნდა შეკავშირდეს და გააქტიურდეს; მეტად უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში ის ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია აქვთ და მის დაუფარავად გამოხატვას არ ერიდებიან. 2019-20 წლები პარლამენტში ახალი პოლიტიკური სუბიექტების გამოჩენის თვალსაზრისით გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, საზოგადოება აღარ დაელოდოს მესიანისტურ ფიგურებს, რადგან ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში 70-80%-იანი ლიდერები აღარ გაჩნდებიან.

- ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური პროცესების პარალელურად სახიფათო პროცესები ვითარდება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც - რუსეთიდან არ წყდება საქართველოზე შემოტევა ლუგარის ლაბორატორიის მოტივით. ამგვარი შემოტევა აქამდეც გვახსოვს, თუმცა არა ასეთი მასშტაბური, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ამ პროცესში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართული... - ნამდვილად არის განსხვავება წინა განცხადებებსა და დღეს რუსეთიდან წამოსულ ბრალდებებს შორის, რადგან ამჯერად ეს თემა პუტინის პირით გახმაურდა. ვალდაის კონფერენცია არის მაღალი დონის კონფერენცია და მასზე პუტინის შეფასებები ლამის მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების წონისაა. პუტინმა თქვა, რომ ის მხოლოდ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებებს ეყრდნობა, მაგრამ თუ ასეთი სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, შესაძლოა, ლუგარის ლაბორატორიაში ქმნიდნენ იარაღს, რომელიც შერჩევით მოქმედებს ადამიანებზე მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით და მესამე, მეოთხე თაობაში ადამიანს თავდაპირველ იერს უცვლის. ერთია, რომ ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული განცხადება და დეზინფორმაციაა - მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში, მაგრამ რუსული პროპაგანდა ამას მშვენივრად ატრიალებს და სავალალოა, რომ ქართველების წინააღმდეგ ისევ ქართველებს იყენებენ.

რაც მთავარია, ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ნაღმი რუსეთის ხელში, რომლის გამოყენების ბევრი კომბინაცია ექნებათ დამუშავებული. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია, რომ სწორედ პუტინმა და სწორედ ასეთი მაღალი დონის კონფერენციაზე განაცხადა ეს.

ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვისხათ, რომ რუსეთმა ამჯერადაც დასავლეთის დასჯისთვის არ გამოიყენოს საქართველო, რაც მოხდა 2008 წელს...

20 ოქტომბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მნიშვნელოვანი ტურნე დაიწყო რუსეთიდან. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი ერა იწყება, რაც ერთდროულად უდიდესი შანსების და უდიდესი გამოწვევების შემცველია საქართველოსთვის - ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკა გამოდის რუსეთ-ამერიკის ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებიდან და კვლავ იწყებს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოებას და წარმოების შემდეგ, დიდი ალბათობით, რუსეთის უშუალო სამეზობლოში მის განლაგებას, შესუსტებულ-დეზორიენტირებული ნატოს დასაბალანსებლად; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროსტრუქტურების ლექსიკონში კი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ახალი ფრაზა გაჩნდა - "სახელმწიფოს მიტაცება"; პუტინის ბაგეთაგან იღვრება ვარაუდი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში შესაძლო ბიოლოგიური იარაღის წარმოების თაობაზე; რუსეთში კი ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ანტირუსი, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ბოლტონი ჩადის რუსებისთვის ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების შეწყვეტის მისასამძიმრებლად და მერე საქართველოშიც ჩამოდის

რუსეთში ადგილობრივი პრესა დიდი ინტერესით აშუქებდა ამ საკითხს, წერდა, საქართველოში მისი ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადება იყოსო. ეს თუ რეალობაა, ეს იქნება ამ ხელისუფლების მთავარი მიღწევა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, ამ ვიზიტით მივიღოთ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული საფრთხის დაზღვევის მაქსიმალური გარანტიები. ვფიქრობ, ბოლტონი აუცილებლად დაინტერესდება არჩევნებითაც.

- უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ჩვენში სერიოზული განხილვის თემაა, რა უნდა ქნას საქართველოს ეკლესიამ... - ეს ის თემაა, როდესაც საქართველოს ცუდსა და უარესს შორის აქვს ასარჩევი. ვფიქრობ, ვიდრე შეგვეძლება, უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია. თუ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას, რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იქნება რუსული ეკლესიის მიერ აფხაზეთის ეკლესიის აღიარება, რაც დღემდე ოფიციალურად არ გაუკეთებიათ...

თუ არ ვაღიარეთ, მაშინ უკრაინას ვუგანებთ, არადა, თუ რომელიმე ორი ქვეყნის ბედია დღეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ესენია საქართველო და უკრაინა, ამიტომ რუსული პოზიციის გაზიარება უარყოფითად აღიქმება და ამასთანავე, ეს იქნება ნიშანი ჩვენს ეკლესიაში ე.წ. რუსული ფრთის გამარჯვებისა.

- 20 ოქტომბერს პოლიტიკურმა ორგანიზაცია "გირჩმა" შეასრულა დაპირება და დედაენის ბაღში "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი" გამართა, რასაც 11 ადამიანის დაკავება მოჰყვა. რით ახსნით "გირჩის" ასეთ აქტიურობას? თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ვარაუდი, რომ ეს ძალა, შესაძლოა, მუშაობდეს ხელისუფლების იმ ჯგუფისთვის, რომელიც კანაფის კულტივაცია-ექსპორტის დაშვების ინიციატორია? - "გირჩის" ეპატაჟური სტილი ახალგაზრდებში კონფორმიზმს ანგრევს და ამ მხრივ უდავოდ დადებითი მოვლენაა საზოგადოებაში, თუმცა, ამავდროულად, ის არ არის მასობრიობაზე გათვლილი პარტია, რადგან იმით, რითიც იზიდავს ახალგაზრდებს, კატეგორიულად განიზიდავს საშუალო და უფროსი ასაკის მხარდამჭერებს. რაც შეეხება იმას, ემსახურებოდა და შეამზადა თუ არა მიზანმიმართულად "გირჩის" ნარკოპოლიტიკამ ხელისუფლების ინიციატივა კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე, გეთანხმებით, რომ ძალზე დიდია საცდური, მათ შორის ეს კავშირი დავინახოთ და "გირჩი" ხელისუფლების სატელიტ პარტიად მივიჩნიოთ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები ჩვენ ხელთ არ გვაქვს, ვარაუდებით ასეთ ბრალდებებზე საუბარი კი სერიოზულად არ მიმაჩნია.