რა სცენარისთვის ემზადებიან 28 ოქტომბრის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატების უკან მდგომი პოლიტიკური ძალები - კვირის პალიტრა

რა სცენარისთვის ემზადებიან 28 ოქტომბრის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატების უკან მდგომი პოლიტიკური ძალები

"ნაცმოძრაობამ" ისეთი შავი პიარი აამუშავა, შესაძლოა, ბუმერანგის ეფექტი მოჰყვეს"

იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატების უკან დგანან, ალბათ, აქვთ საშინაო დავალება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ 28 ოქტომბრის შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური დუღილი 28 ოქტომბერს არ დამთავრდება, თუმცა, რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

"დღეს მოსახლეობის უმრავლესობა შუაში მყოფია"

ნოდარ ხარშილაძე, ანალიტიკოსი: - არა მგონია, საზოგადოებას ჰქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები თავისუფალი იქნება. ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ყველა ხელისუფლება იყენებდა, არსად გამქრალა და "ქართულ ოცნებას" არ შეუცვლია სისტემა, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლებას გამარჯვების წინა პირობა შეუქმნას. თუმცა, დღეს ვინ გაიმარჯვებს, მართლაც სამართლიანი არჩევნები რომ ჩაAტარდეს, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, მეორე ტური ჩაAტარდება და იქ გაირკვევა, როგორ შეძლებენ მისი მონაწილეები შუაში მყოფი ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მიყვანას. კვლევები ადასტურებს, რომ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა შუაში მყოფია.

- მმართველი პარტიის რეიტინგებით, სალომე ზურაბიშვილს 53% აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლება მისი პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება? - ეს იქნება გლობალური გაყალბება. დღეს, როდესაც "ქართული ოცნების" რეიტინგი ასე დაცემულია და ივანიშვილთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში მწვავე კითხვები ისმის, ამასთან, ჰყავთ კანდიდატი, რომელიც ყველაზე უარესია არამარტო კანდიდატებს შორის, პირველ ტურში მისი გამარჯვება წარმოუდგენელია. ამას ცუდი შედეგები მოჰყვება როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ.

- რას გულისხმობთ? - თუ ეს გამარჯვება იქნება უსინდისო და ცინიკური გაყალბების ფონზე, ჩემი აზრით, აქციები აუცილებლად გაიმართება და ხელისუფლებას დაჰბრალდება ყველაფერი, რასაც ზურაბიშვილი აქამდე ამბობდა.

ისეა დაცემული ხელისუფლების რეიტინგი და ზურაბიშვილს ისე ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, რომ გაყალბება ყველასთვის აშკარა იქნება.

- თუკი ხელისუფლება პირველ ტურში მაინც გაამარჯვებინებს თავის კანდიდატს, ოპოზიციას აქვს აქციების გამართვის რესურსი? - დღეს ძნელია ამაზე ლაპარაკი. ყოველდღე რაღაც ხდება და არჩევნებამდე კიდევ რა მოხდება, ვნახოთ. დღეს მუხტი არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლას შეუწყოს ხელი.

- "ნაცმოძრაობის" აქციაზე არ გამოვალთ!" - საზოგადოების ნაწილის ამ განწყობას ხელისუფლება დღემდე იყენებს და შესაძლოა., კვლავაც ამ მიმართულებით იმუშაოს... - ბოლო აქციები რომ გავიხსენოთ, მაგალითად, სარალიძის აქცია, იქ მისი ძირითადი მხარდამჭერი "ნაცმოძრაობა" იყო, მაგრამ ერთ დღეს იქ მივიდა ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი, მათ შორის - ნინო ბურჯანაძე, ალეკო ელისაშვილი, კახა კუკავა... ანუ თუ გაჩნდა გამაერთიანებელი თემა, როგორც იყო 2003 ან 2012 წელს, ყველაფერი შეიცვლება.

- ზურაბიშვილის პირველივე ტურში გამარჯვება ვერ იქცევა ასეთ თემად? - თუ გაყალბება მაინცდამაინც თვალში საცემი არ იქნება, ალბათ, არა. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბრძოლის მეთოდებზე.

"ნაცმოძრაობა" აქციებს გამართავს და "რუსთავი 2" ეცდება, ეს რაც შეიძლება, ფართომასშტაბიანად წარმოაჩინოს

რამაზ საყვარელიძე, ანალიტიკოსი: - არ ველოდით, რომ პრეზიდენტის ტიტულისთვის ბრძოლა ასე გამწვავდებოდა, ეს თანამდებობა არ ღირს იმად, მისთვის თავი მოიკლა. თუმცა საპრეზიდენტო ბრძოლას სხვა ქვეტექსტი აღმოაჩნდა, კერძოდ, ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების პირველ რაუნდად იქცა. გამარჯვება მართლაც ზრდის ხოლმე მხარდამჭერთა რაოდენობას. თუ დაინახეს, რომ ვიღაც იმარჯვებს, მერე გვერდით უდგებიან და საქმე გვაქვს მართლაც ხელისუფლებისთვის ბრძოლასთან, ოღონდ მერე საკითხავია, ვინ როგორ იბრძვის.

"ნაცმოძრაობა" არსებით შეცდომებს უშვებს, მათ ისეთი შავი პიარი აამუშავეს, რომელსაც, შესაძლოა, ბუმერანგის ეფექტი მოჰყვეს. ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი მასალა, ხალხი ამას ეჩვევა და მიზანი, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განაწყონ, მიუღწეველი რჩება, პირიქით, შესაძლოა, ისინი, ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" მიუღებელია, ამ არჩევნებზე პასიურები აღარ იყვნენ, არადა, უფრო ფრთხილად რომ ემოქმედა, ეს ხალხი შეიძლებოდა სახლში დარჩენილიყო.

- ზურაბიშვილის 53% აღიქმება თუ არა ადეკვატურად და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლება პირველივე ტურში აპირებს თავისი კანდიდატის გაყვანას? - იმ პირობების გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, შესაძლოა, მან მართლაც პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

უკვე ბევრი ამბობს, არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" რომ არ დაბრუნდეს, ახლა ვაპირებთო.

- ის, რომ ვიღაცას "ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს, რატომ ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას? - საზოგადოებისთვის სხვა არჩევანი არ არსებობს. სხვას, შედარებით დაბალრეიტინგიანს თუ მისცა ხმა, ეს ხომ ნიშნავს, რომ მისი ხმა დაიკარგა? ამიტომ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს მისცემენ ხმას და არც არაფერი მოხდება.

- ბაქრაძის რეიტინგი თითქმის ისეთივეა, როგორიც ვაშაძის... Yთუკი პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები იმ კონტინგენტზე იმუშავებენ, ვინც "ნაცმოძრაობის" შიშით აძლევს ხმას ზურაბიშვილს, იქნებ სხვა შედეგი მივიღოთ... - როდესაც პარტიას 5%-იანი რეიტინგი აქვს, ძალები როგორ უნდა განაწილდეს, რომ შედეგი მნიშვნელოვანი იყოს? დავით უსუფაშვილისა და სხვა პარტიების პრობლემა ის არის, რომ მათ არ იზრუნეს, გაერკვიათ, რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი და გადაედგათ ის ნაბიჯები, რომლითაც რეიტინგს აიმაღლებდნენ... რაც შეეხება ბაქრაძეს, არც ის აღიქმება სხვა ძალად, ისიც "ნაციონალების" მემკვიდრედ მიიჩნევა და ამიტომ არ მისცემენ მას ხმას.

- თუ პირველივე ტურში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები? - "ნაცმოძრაობა" აქციებს გამართავს და "რუსთავი 2" ეცდება, ეს რაც შეიძლება, ფართომასშტაბიანად წარმოაჩინოს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს აქციები ვერ იქნება შთამბეჭდავი. ახლაც ხომ აპირებდნენ აქციის გამართვას, მაგრამ ვერ შეძლეს.

"ფეისბუკში" ვნახე, ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ჟურნალისტებს. "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს დაურეკეს და უთხრეს, წინასწარ ათი საჩივარი გაამზადეთო, შემდეგ კამერით მივიდნენ და ჰკითხეს, ვინმემ ხომ არ დაგირეკათ ასეთი ინსტრუქციითო და მათ უარი უთხრეს... ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალები" პროტესტისთვის ემზადებიან, სჭირდებათ საჩივრები, რომ თქვან, ამდენი საჩივარი გვაქვსო. რეალურია თუ არა ეს საჩივრები, სხვა საკითხია... ამის იმედად არიან, პროცესი იქით მიჰყავთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.

- ფიქრობთ, რომ ხალხი არ გამოვა? - შვილმკვდარი მამების ჭირისუფლობისთვის რომ გამოვიდნენ და იქ "ნაცმოძრაობა" დახვდათ, აღარ მივიდნენ. ამიტომაც მგონია, არ გამოვა ხალხი და არაფერი მოხდება...

- ხელისუფლება სიმშვიდეს შეინარჩუნებს და აქციები უმტკივნეულოდ დაიშლება? - "ნაციონალებს" ბევრი საშუალება ჰქონდათ, აქამდე რაღაც სიმპათიის მსგავსი დაემსახურებინათ, მაგრამ ყველაფერი ხელიდან გაუშვეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება უშვებს შეცდომებს. კი ბატონო, უშვებს, მაგრამ ოპოზიცია არ უშვებს შეცდომებს? დავით უსუფაშვილმა არ დაუშვა შეცდომა, როდესაც არ გაარკვია, რატომ აქვს დაბალი რეიტინგი და ისე ჩაება ამ დაპირისპირებაში?

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქართული პოლიტიკა ასეთი პოლიტიკოსებით არის სავსე - მხოლოდ უნამუსოებით კი არა, შეცდომის დამშვებებითაც, ხელისუფლება კი ამას იყენებს.

ჩვენი პრობლემა ჭკუისა და გონიერების დეფიციტია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, მაგრამ ოპოზიციას არ ექნება შესაძლებლობა, ვითარება ისე დაძაბოს, რომ ხელისუფლებას გონიერება დასჭირდეს. აქამდე მომხდარი ყველა ფაქტი ამას ადასტურებს.

- სააკაშვილის როლი როგორი იქნება ამ მოვლენებში?

- დაელოდება, რას იზამენ და, თუკი მოახერხებენ სიტუაციის შეცვლას, მერე ეცდება, შემოვიდეს, როგორც გამარჯვებული. თუკი "ნაციონალები" ვერაფერს მოახერხებენ, მაშინ მათ ქოქოლას დააყრის.

არ გამოვრიცხავ, ეს არჩევნები "ნაციონალური მოძრაობისთვის" საბოლოო განაჩენი იყოს, რადგან მგონია, ისევ შიგნით დაიწყება პროცესები, რაც მოხდა კიდეც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე.

რუსა მაჩაიძე