"სახელმწიფოს "ოცნება" ვერ ჰპატრონობს, "ნაცმოძრაობა" არყევს და რუსეთი ანგრევს" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოს "ოცნება" ვერ ჰპატრონობს, "ნაცმოძრაობა" არყევს და რუსეთი ანგრევს"

"რატომ ითხოვს უსუფაშვილი ივანიშვილისგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას"

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე რას ხედავს ქვეყანაში ყველაზე პრობლემურს, რატომ ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში როგორ მოაგვარებს პრობლემებს? "კვირის პალიტრა" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით უსუფაშვილს ესაუბრა.

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლება ალაპარაკდა ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხეზე. თქვენი აზრით, არის თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე და რა როლს ასრულებს ამაში ოპოზიცია? ან რა მიზანი აქვს ხელისუფლებას?

- ქვეყანაში, სადაც ესოდენ სუსტია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები და მოქალაქეთა ჩართულობა, ყოველთვის მაღალია დესტაბილიზაციის საფრთხე.

ამ საფრთხეს აძლიერებს როგორც "ოცნების", ისე "ნაცმოძრაობის" სახელისუფლებო მადასა და მათსავე ელექტორალურ წონას შორის დიდი უფსკრული. არარეალისტური ამოცანების შესრულების ცდისას ორივე მხარე დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება დესტაბილიზაციის წყარო გახდეს. ორივე აცხადებს, რომ პირველივე ტურში იგებს. ორივე ცდილობს, პოლიტიკური ასპარეზიდან გააქროს ყველა სხვა მოთამაშე. ამასობაში, თვითონ რაც უნდა აქვეყნონ, ფაქტია, რომ ორივეს რეიტინგი უარყოფითია. სამართლიანი და ობიექტური არჩევნების შემთხვევაში ამომრჩევლის 75% მაინც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის კანდიდატებს, არადა, ორივე ცდილობს, როგორმე ორჯერ მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ამის ობიექტური შესაძლებლობა აქვს. ერთი თუ ამას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით გეგმავს, მეორე მინირევოლუციაზე" ოცნებობს. მიზნის მისაღწევად ორივეს სჭირდება მეორე მხარის დემონიზაცია და ამით "შუაშისტი" ამომრჩევლის შეშინება... ასეთ ვითარებაში ჯობს, ამომრჩეველი მიხვდეს, რომ ერთი გასაშვებია, მეორე - არმოსაშვები და მესამეა მოსაძებნი...

- "ქართულმა ოცნებამ" გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს. სანდოა ეს კვლევა და ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლება წინასწარ ქმნის ამ განწყობას? - სახელისუფლებო კანდიდატი რომც გახდეს პრეზიდენტი, ამით სახელისუფლებო სისტემა არ ძლიერდება, პირიქით, ახალი ძალით იფეთქებს პრობლემები, რომელთაგან ზოგს ფარცხალაძე" ჰქვია, ზოგს - სუბელიანი, ზოგს - "მურუსიძე, ზოგს - "მარიხუანა"და ა.შ.

აშკარაა, რომ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს "ოცნება" ვერ ჰპატრონობს, "ნაცმოძრაობა" არყევს და რუსეთი ანგრევს. ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათოდ დასცა.""ქოცნაცური"" მტრობით, ფლირტითა და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც შთანთქავს.

- ამ ვითარებაში რა დატვირთვა აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს? - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები, პრაქტიკულად, აღარ ტარდება. მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი.

ამ ვითარებაში ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდებაა და ვერ დავჯერდები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობას. ამიტომ მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს: მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად გამოაცხადოს ძალაუფლებაზე "ქართული ოცნების" მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. გეგმის კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.

ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. ამ გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი ბრძოლის ასპარეზად აქცევს საპარლამენტო არჩევნებს და საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვისგან.

თუ ხელისუფლება ეცდება ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერებას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, "ქართული ოცნება" შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს...

...საქართველოს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს, რომლებიც იქმნება და ვერ გვარდება ერთი მიზეზით - სახელმწიფოებრიობა აღვადგინეთ, მაგრამ მას ვერ ვუმკლავდებით. ქვეყანა ვერ დავალაგეთ იმ დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ცხოვრების წესის გამო, რომლის მიმდევარი ყოველი ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესს საკუთარ ინტერესთან აიგივებდა, პოლიტიკური ოპონენტების არსებობას ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ყველა არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო უსაფრთხოების პირობად აცხადებდა.

ამგვარი პოლიტიკური პროცესი მოსახლეობას ავსებს არა იმედითა და ენთუზიაზმით, არამედ სასოწარკვეთით. პოზიტიური, აღმშენებლობითი, მაკონსოლიდირებელი პოტენციალი დათრგუნვილია ნეგატიური, დამანგრეველი, გამთიშველი ინსტინქტებით და ჟინით - გვიყვარს ის, ვისთან ერთადაც გვძულს სხვა და გვძულს ყველა, ვინც არ იზიარებს ჩვენს სიძულვილს.

საერთო წარსულის გარეშე სახელმწიფოს შექმნა ძნელია, ხოლო საერთო მომავლის გარეშე - შეუძლებელი. ჩვენ გვაერთიანებს საამაყო წარსული, მაგრამ ვერ შევძელით საერთო მომავლის მკაფიო სურათის შექმნა, რომელშიც ყველა მოქალაქე დაინახავდა თავის ღირსეულ ადგილსაც და ყველა სხვა თანამოქალაქის საჭიროებასაც. ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის მიზეზიც უფრო უკეთესი მომავლის ვერდანახვაა, ვიდრე - გაუსაძლისი აწმყო.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ახალი მსოფლიო წესრიგის ვერჩამოყალიბების გამო ინსტიტუციური, იდეური და იდეოლოგიური პრობლემების მოგვარებაში იძირებიან. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე თავისუფლდება საერთაშორისო მორალურ-პოლიტიკური ვალდებულებებისგან და თამაშის საკუთარ აგრესიულ წესებს ახვევს თავს მსოფლიოს. გეოპოლიტიკური გარემოებების კონფიგურაცია ჩვენთვის უარესობისკენ იცვლება და ერის სახელმწიფოებრივ პოტენციალს დიდი გამოცდა ელის.

- გვაქვს კი სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კულტურულ-ისტორიული ფუნდამენტი და სოციალური რესურსი? - გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება და მეტიც შეგვიძლია. ეროვნული სახელმწიფოებრიობის ფორმირება საერთო ეროვნული, ზეპარტიული ამოცანაა, რომელსაც უნდა შევეჭიდოთ იმ აღმშენებლობითი საზოგადოებრივი რესურსით, რომელიც დაგროვდა ინდივიდუალურად და დღეს დაქსაქსულია. ამ პროცესმა უნდა გააძლიეროს მრავალპარტიულობასა და სამართლიან კონკურენციაზე საზოგადოებრივი მოთხოვნა და არ უნდა შეუქმნას ექსკლუზიური პირობები არც ერთ პოლიტიკურ ძალას. მომავალმა პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს 6-წლიანი პროგრამა - სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის გასავრცელებლად, რამაც სწორი მიმართულებისკენ უნდა შეაბრუნოს სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორი.

უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

- არჩევის შემთხვევაში რა იქნება თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ძირითადი ამოცანა და საქმე? - პრეზიდენტი უნდა იყოს ერთიანობის, თანხმობის და წონასწორობის მაძიებელი და ამ გზით უნდა შეცვალოს მტრობასა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკური ცხოვრება. პრეზიდენტმა უნდა აცოცხლოს ეროვნული ღირსება და მომავლის იმედი. მან წარსული უნდა გადააბას მომავალს, ითანამშრომლოს თითოეულ მოქალაქესთან, როგორც სახელმწიფოს თანამფლობელთან. მან 30-წლიანი წინააღმდეგობებით სავსე უახლესი ისტორია უნდა აქციოს სახელმწიფოებრივ გამოცდილებად და ეს გამოცდილება გადასცეს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას, რომელმაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ქვეყანას უნდა უპატრონოს.

საქართველო ეს არის და საქართველო ასეთია. "ოცნების" მხარდამჭერთა გარეშე საქართველო არ არის საქართველო; "ნაციონალების" მხარდამჭერების გარეშე საქართველო არ არის საქართველო; არც პროევროპელების გარეშეა საქართველო მთლიანი და არც - პრორუსების გარეშე. სახელმწიფოს მეთაური ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს.

ჩვენ არ გვჭირდება "ოცნების" მორჩილი, პასიური და სიმბოლური პრეზიდენტი; ჩვენ არ გვჭირდება რევანშისტი, "ოცნებაზე" ჯავრის ამომყრელი პრეზიდენტი; ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტი, სანახაობის მომწყობი პრეზიდენტი; ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გამაერთიანებელი, პოლიტიკური კომპრომისების მაძიებელი, ოპტიმისტური და სათანამშრომლო გარემოს დამამკვიდრებელი პრეზიდენტი.

ჩემი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი ამოცანა იქნება სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის დაცვა: ა) მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობისა და აქტიურობის ზრდით; ბ) სტაბილური მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნით; და გ) დემოკრატიული სამყაროს უსაფრთხოების და თანამშრომლობის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრირებით.

ჩემი ამოცანა იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება, რათა ჩვენს სამშობლოს ჩვენმა სახელმწიფომ უპატრონოს და მრავალპარტიული სხვადასხვაობა საერთო-სახელმწიფოებრივმა ერთიანობამ დააბალანსოს.

ჩემი ამოცანა იქნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობისა და თვითრწმენის აღდგენა და განმტკიცება; საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიული მოდერნიზაციის ხელშეწყობა; ქვეყნის, ოჯახისა და პიროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ, რაციონალური, დაგეგმილი განვითარება.

- მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებით არც ხელისუფლება იცვლება და არც პოლიტიკური სისტემა. მაშ, რამ უნდა მოიტანოს საჭირო ცვლილება? - სახელმწიფო ხელისუფლების სადავეებთან უნდა მოვიდეს არა კეთილი მესია, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი პოლიტიკური ძალა.

თუ ავირჩევთ არა მიშას ან ბიძინას, არამედ ხალხის პრეზიდენტს, ეს ფაქტიც კი სტიმულს მისცემს ახალი ძალის ფორმირებას.

ოცდაათწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ოცდაათწლიანთა თაობის შემართებასა და ათასობით თანადამფუძნებელ პროფესიონალზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომლის გენეტიკურ კოდში იდება: ერთ-ერთობა და არა - ერთადერთობა; კონკურენცია და არა - მტრობა; პრინციპულობა და არა - სიჯიუტე; ღირსება და არა - ამპარტავნება; ჯერ პროგრამა და მერე - ხელისუფლება; ჯერ ქვეყანა და მერე - პარტია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამ ძალამ უნდა გაიმარჯვოს და ქვეყანა უნდა გადაიყვანოს თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების გზაზე, რომელზეც კანონთან პირნათელი ყოველი ქართველისთვის იქნება ღირსეული ადგილიც და თანაბარი შესაძლებლობაც.

ამ გეგმაში საპრეზიდენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი როლი ენიჭება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში საპარლამენტოს სტარტია. ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს ნაცქოცურ-პრორუსული მედია-ფინანსურ-ადმინისტრაციულ კონგლომერატებთან მომავალ ბრძოლებში. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატის, მისი კამპანიისა და ქმედებების მოქცევა ამ გეგმის ჩარჩოებში. ამიტომაც ვმუშაობ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების, არამედ გუნდის ფორმირება-გაძლიერებისთვისაც. ამ არჩევნებში ხმის მომცემ ყველა მოქალაქეს შევთავაზებთ ახალი პოლიტიკური ძალის თანადამფუძნებლობას და ამით შევქმნით სოციალურ დასაყრდენს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მეტი გვჭირდება! მეტი შეგვიძლია!

რუსა მაჩაიძე