დავით მაღრაძე: "აგრესიული რევანშის საფრთხე აშკარაა!" - კვირის პალიტრა

დავით მაღრაძე: "აგრესიული რევანშის საფრთხე აშკარაა!"

"უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს იმ დამნაშავეებისგან, რომლებითაც დახუნძლულია სახელისუფლებო შტოები"

"ჩემთვის პოეზიის მისია ადამიანის გადარჩენაა და არა ნევროზის გაზიარება, რამაც მთელი თანამედროვე სამყარო წალეკა", - ასე მიმართა პოეტმა დათო მაღრაძემ ნიუ-იორკში მისი ამერიკული წიგნის - "ნაფეხურები წყალზე" -  წარდგენისას შეკრებილ საზოგადოებას. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ წიგნის სახლ "სტრენდში" (Strand Bookstore) გაიმართა. წიგნი ამერიკულმა გამომცემლობა Rare Bird Books-მა უპრეცედენტოდ დიდი ტირაჟით გამოსცა და მისი წარსადგენი ღონისძიებების გამართვა მთელი აშშ-ის მასშტაბით იგეგმება.

ინტერვიუ პოეტ დათო მაღრაძესთან ამერიკული შთაბეჭდილებების გაზიარებით დავიწყეთ:

- დიდი პატივია, როდესაც გეძლევა საშუალება, ბროდვეის 822-ში, Strand Bookstore-ში წარადგინო შენი წიგნი. ეს არის ნიუ-იორკში პირველი წიგნის მაღაზია-სახლი, რომელსაც ხშირად წიგნის სახლების მეფედ იხსენიებენ. მას აქვს დიდი მემორიალური მნიშვნელობა, რადგან ახსოვს ბუმბერაზი მწერლების პრეზენტაციები. შეუძლებელია, ამ დროს ადამიანს არ დაეუფლოს დიდი სიამაყის განცდა. მადლობა განგებას, რომ მომცა ამის საშუალება, და ყველას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა. მინდა, მადლობა ვუთხრა გამომცემლობა Rare Bird Books-ს, მის პრეზიდენტ ტაისონ კორნელს და გამომცემელ გაი ინტოჩის. წიგნის წარდგენას უძღვებოდა "ფორბსის" ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი თომას თეიჩოლსი. დიდი შრომის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკულ გამომცემლობასთან, რომლის საფუძველზეც შედგა ეს პროექტი. ამისთვის მადლობა ჩემს მეგობრებს - გიორგი რამიშვილსა და გიორგი რცხილაძეს.

- სამშობლოში დაბრუნებულს რთული ვითარება დაგხვდათ, წინასაარჩევნოდ ბევრმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ იჩინა თავი. აღარ დამთავრდა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ერთმანეთის კომპრომეტირების ცდა, რაშიც ყოფილ ხელისუფლებას არც ამჟამინდელი ჩამოუვარდება... - როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა იყო კოაბიტაცია. ვფიქრობ, ეს მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, ვინაიდან დღევანდელი სურათიც კი ქმნის იმის საშუალებას, დავასკვნათ, განვითარების რა საფეხურზე ვართ... როდესაც ასეთ საფეხურზეა ქვეყანა, განვითარებულ ქვეყნებს უჩნდებათ შიში, რომ აქ პროცესები შეიძლება ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს, ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მათგან კოაბიტაციის მოთხოვნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები და ამოცანები...

- ესე იგი, ამ მოთხოვნის გათვალისწინება სასარგებლო იქნებოდა ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ოღონდ არა ისე, როგორც მოხდა. ერთია, როდესაც მართლაც სწორი და საფუძვლიანი მოთხოვნის გათვალისწინებით აღადგენ სამართლიანობას და მეორეა, როდესაც ამ მოთხოვნას გამოიყენებ, სამართლიანობის აღდგენაზე მაინცდამაინც არ იზრუნებ და რასაც არ გთხოვენ, იმასაც კი გააკეთებ. - ამ ხელისუფლებამ კოაბიტაციას გემო მეტისმეტად ჩაატანა და უფრო მასშტაბურად განახორციელა, ვიდრე მისგან მოითხოვდნენ, შედეგად კი მივიღეთ დამნაშავისა და მსხვერპლის აღრევა. ვინც საჭიროდ მიიჩნიეს, დამნაშავე რეჟიმის მონაწილედ კი არა, მსხვერპლად გამოაცხადეს და სათავისოდ გამოიყენეს; ვინც სააკაშვილის სასამართლოსა და პროკურატურაში ქუხდა, ახლაც ქუხს უმაღლესი პოსტებიდან. ამას დაარქვეს პროფესიონალიზმი. გვეუბნებოდნენ, თუ პროფესიონალია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არისო? ადამიანზე ძალადობა და სიყალბე პროფესია ვერ იქნება - ეს მინდა კარგად დაიხსომოს ამ ხელისუფლებამ.

"ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისას, რა თქმა უნდა, უნდოდა სააკაშვილის დამარცხება, ოღონდ ისე უნდა დამარცხებულიყო სააკაშვილის რეჟიმი, რომ არავის გაემარჯვა, უფრო ზუსტად, იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იბრძოდა, არ უნდა ეგრძნო გამარჯვება.

ახალი ხელისუფლება რეჟიმის დამარცხებაში საზოგადოების ღვაწლის დაკნინებას თავიდანვე შეუდგა, რათა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების ვალდებულებისგან გათავისუფლებულიყო. ცდილობდნენ, ისე წარმოეჩინათ, რომ თუ მოუწევდათ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, ეს მათი დიდსულოვნების მაჩვენებელი ყოფილიყო და არა - ვალდებულება. როგორც ჩანს, საზოგადოებასთან ურთიერთობას ბიზნესის ენაზე შეხედეს, სადაც როცა ახალ საქმეს იწყებენ, ადამიანები ცდილობენ, მათი ღვაწლი უფრო იყოს წარმოჩენილი, ვიდრე სხვისი... მაგრამ ერთი რამ გამორჩათ - სწორედ ამ ხალხმა განაპირობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლა; რომ არა ეს ხალხი, ძნელად თუ ვინმე შემობედავდა პოლიტიკაში შემოსვლას.

ამ ხალხს კი აგრძნობინეს, თქვენი დამსახურება არაფერიაო, მაგრამ არჩევნები მოდის და გაახსენდათ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი არჩევნებს ვერ იგებს ხალხის გარეშე...

ხელისუფლების განცდა - თქვენ გარეშეც მაგრები ვართო, ჩაფლავდა. "ქართულ ოცნებას" ხალხის იგნორირების პროექტი ჩაუვარდა.

ამ ხალხის ღვაწლის დაკნინების მცდელობამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გულგრილი გახდა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც არასდროს კარგავს გონიერებას და ემოციას არ აძლევს ასპარეზს, იბატონოს გონიერებასა და შეგნებაზე. არც გულგრილობას აქცევს თავისი ცხოვრების წესად... მგონია, ეს ხალხი ახლაც იპოვის ძალას და სწორ არჩევანს გააკეთებს...

აქ ერთი რამ არის აღსანიშნავი - საზოგადოებამ არც ერთი ხელისუფლება არ უნდა დატოვოს მისი კეთილი ნების ანაბარა; ამას ცდილობდა ეს ხელისუფლება...

ხელისუფლების მიერ საზოგადოების პატივისცემა ვლინდება ერთადერთი ასპექტით - როდესაც საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. იმიტომ ცდილობდნენ მოსახლეობის ღვაწლის დაკნინებას, რომ შემდგომ მათი აზრისთვის ანგარიში არ გაეწიათ. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ხელისუფლების დიდსულოვნება კი არა, ვალდებულებაა, გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი. რა არის საზოგადოების ბრძოლის იარაღი? - ხმამაღლა ფიქრი. კულუარული ჩურჩული უნდა გამოირიცხოს და ურთიერთობა იყოს საჯარო.

როდესაც ძალიან ფაქიზ და მნიშვნელოვან თემებს შეეხებოდა საქმე, სახელისუფლებო ტენდენციების საწინააღმდეგოდ არაერთხელ წავსულვარ. თვალსაჩინოებისთვის გავიხსენებ საყდრისის ამბავს. გახსოვთ, ალბათ, სუს-თან დაკავშირებული პოზიციაც - როცა აღმოვაჩინე, რომ სუს-ი მისმენდა და სამთავრობო კაბინეტებში დარბოდნენ ჩემი საუბრების ჩანაწერებით, ხმამაღლა ვთქვი, ნუ გაისუსებით-მეთქი! სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ არ მისმენენ.

არ ვიცი, ან ახლა საიდან ჩნდება ეს ჩანაწერები, ვინ იწერს, ვინ ავრცელებს?! არ გამოვრიცხავ, რომ ესეც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ჟონავდეს, ანუ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი თვითონვე აძლევდეს ამ ჩანაწერებს გასავრცელებლად დაინტერესებულ ტელეკომპანიებს თუ პოლიტიკურ ძალებს...

ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა, საზოგადოება კი ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ხმამაღლა ფიქრით, მაგრამ ისე, რომ ამას სამშობლო არ გადააყოლოს.

- რას ფიქრობთ ხორავას ქუჩის საქმის გარშემო შექმნილ ვითარებაზე? ვრცელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით ფარული ჩანაწერები, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებაშია ჩაწერილი და სკანდალური განცხადებებიც გვესმის... - ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, ავთენტურია, არ არის ავთენტური... ვიდრე "ქართული ოცნება"" ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჩემი პოზიცია ასე გამოვხატე: საქართველო მოსმენების გარეშე! და საქართველო დასმენების გარეშე-მეთქი! სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისევ ძალაშია...

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ბრძანეთ, რომ გითხრათ, რომელიმე კანდიდატმა ჩემში ისეთი ენთუზიაზმი აღძრა, მისი მხარდაჭერა გადავწყვიტე-მეთქი, მოგატყუებთო, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ მხარდაჭერა აშკარად გამოუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს. - ამ გადამეტებულმა კოაბიტაციამ სადემარკაციო ხაზი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის უკიდურესად გააფერმკრთალა. ამას თვითონაც მიხვდნენ და "ქართული ოცნების" ლიდერები იძულებული გახდნენ, ზურაბიშვილის წარდგენისას ერთად დამდგარიყვნენ და ყოფილ ხელისუფლებას გამიჯვნოდნენ. გარდა ამისა, აშკარად გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე. ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. აღარ ვაპირებდი ამ წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადავწყვიტე, ხმამაღლა გამომეხატა ჩემი პოზიცია. სალომე ზურაბიშვილს ეტყობა, რომ კულტურულ წიაღშია აღზრდილი. ამაზრზენი იყო სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ზურაბიშვილი ქართველი არ არის. ეთნიკურადაც რომ არ იყოს ადამიანი ქართველი, მაგრამ ქართველობა უნდოდეს, ასეთი რამ მაშინაც არ უნდა თქვა....

მერე საკითხავია, ამას ვინ ვის ეუბნება? სააკაშვილი, რომელმაც, როცა დადგა არჩევანის წინაშე, დათმო საქართველოს მოქალაქეობა და პირველივე მოსახვევში მოისროლა საქართველოს პასპორტი.

და ვის ეუბნება ამას? სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, როცა დაუდგა არჩევანი, დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ.

ვინ არის ქართველი და ვინ - არა?!

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს აგრესიულ რევანშს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებისგან მომდინარეობს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად ვიცნობ, შემქმნოდა შთაბეჭდილება, რომ ის არავის თოჯინების თეატრის პერსონაჟი არ გახდება.

ჩვენი ხელისუფლების ერთი თვალსაჩინო დამსახურება არის ის, რომ სააკაშვილის შეშინებული ადამიანები, რომელთაც იმ ამაზრზენი რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვა არ დაუძრავთ, ახლა დიდი გაკაპასებით ებრძვიან ხელისუფლებას, ისე, რომ არავისი ეშინიათ. მე ამას დავარქვი ნებადართული სიმამაცე, მაგრამ მინდა შევასწორო და ნებადართულ სიკაპასედ მოვიხსენიო.

- იმედი გაქვთ, რომ თუ ხელისუფლება მოახერხებს ამ საარჩევნო პროცესის გამარჯვებით დასრულებას, საკუთარ მიდგომებს მნიშვნელოვნად შეცვლის? - უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს იმ დამნაშავეებისგან, რომლებითაც დახუნძლულია სახელისუფლებო შტოები. საზოგადოების, ხალხის ხმის იმედი მაქვს და არა ხელისუფლების კეთილი ნების.

ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო... რაც საქართველო გათავისუფლდა, მესმის, რომ ქვეყანაში განათლების რეფორმა ტარდება. ამდენი წელი გავიდა და ყველა ახალი მინისტრი ახალ რეფორმას იწყებს. ამდენწლიანი ვითომ რეფორმით დღეს მოვედით იმ ეტაპზე, რომ სკოლაში ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი" აღარ ისწავლება - მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს ასწავლიან. გოგებაშვილის "დედაენაც"  ვერ გაცოცხლდა ვერანაირად. აი, განათლების რეფორმის დიდებული შედეგები! ჰოდა, საზოგადოება აქეთაც, ასეთი საკითხებისკენაც უნდა იყოს მიმართული.

რაღაც აქოთდა ისევ დანიის სამეფოში, თუმცა გამოსავალი ისევ შეგნებული არჩევანია. მე - ერთი მოქალაქე ამ ქვეყნისა, ვეცდები, ხელისუფლების კეთილი ნების იმედად არ დარჩეს საქართველო. 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაზღვეული ვიყოთ, რომ ეს სიბინძურე აღარ განმეორდება და არ განვითარდება. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რადიკალური ზომები მიიღოს.

- ქუჩაში საპროტესტოდ გასული დათო მაღრაძე არაერთხელ გვინახავს. შეიძლება კიდევ გიხილოთ? - ქუჩაშიც ვმდგარვარ, სტრენდის კათედრასთანაც, სახლშიც ვმჯდარვარ... სადაც დასჭირდება ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები! ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთჯერადი აქტი არ არის...

აქვე ვიტყვი: არა მგონია, სოლომონ დოდაშვილს, დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვა ჩვენს დიდ წინაპრებს მოსწონებოდათ კანაფის მომყვან ქვეყნად ქცეული სამშობლო... ილია ჭავჭავაძემ თავის ფარზე დაიტანა ტრიადა - ენა, მამული, სარწმუნოება. ამის საპირწონე ვერასდროს გახდება - ფული, კანაფი, ინოვაცია!