"ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია" - კვირის პალიტრა

"ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია"

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, რასაც ამძაფრებს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბრძოლისთვის არჩეული ხერხები. ნეგატივზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია და კომპრომატებით ომი - ასეც შეგვიძლია დავახასიათოთ დღეს ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე შექმნილი ვითარება, რომლსაც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აფასებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: - ხელისუფლება უმწვავეს კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, ეს ლაპარაკიც რევოლუციურ საფრთხეზე ამას ემსახურება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ქვეყანას დღეს მხოლოდ "ოცნების" ამ შემადგენლობისგან თავის დახსნა სჭირდება... თუმცა ყველას არ ვგულისხმობ - ბევრი დეპუტატი და მინისტრი აშკარად ემიჯნება იმას, რაც დღეს ხდება. ჯერჯერობით მდუმარებით ემიჯნებიან, მაგრამ მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციაში ეს დუმილი ხმაურზე მეტია.

- ისმის კითხვა: ვის ხელეწიფება "ქართული ოცნების" ამ შემადგენლობისგან ქვეყნის გათავისუფლება? - ორ ძალას: ერთია ბიძინა ივანიშვილი და მეორე - საზოგადოება.

დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით... ამ დღეებში ვისმენდით ლაპარაკს, რომ ივანიშვილი ამ ჯგუფების მძევალია, შანტაჟის მსხვერპლია და ა.შ. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა ასე იოლია.

შეუძლებელია, მან არ იცოდეს, რომ მის გარემოცვაში მისი ერთგული სულ რამდენიმე ადამიანია. სამაგიეროდ, ბევრია განაწყენებული და უკმაყოფილო, რომლებიც ადვილად გაიქცევიან იმისკენ, ვინც ნაშოვნი ფულის გადარჩენის გარანტიას მისცემს. მის გარემოცვაში მოღალატის გამოცდილება არაერთს აქვს... მოკლედ, ბევრია ისეთი, ვინც ივანიშვილს გამოყენების თვალით უყურებს და სიამოვნებით გაცვლიდნენ მას უფრო სუსტ პატრონზე...

ვფიქრობ, ეს ივანიშვილმა მშვენივრად იცის, ამიტომაც მგონია მისი მძევლად აყვანის ვარაუდი უსაფუძვლო.

სურვილის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იპოვის ისეთ კომბინაციას, რომლითაც შეძლებს, თავი გაითავისუფლოს ამ გარემოცვისა და იმ სიბინძურისგან, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა.

ის ან უნდა ჩაჰყვეს ამ სიბინძურეს, მიიღოს ამ ადამიანების შეთავაზებული თამაშის წესები და სულ უფრო ღრმად ჩაიძიროს, ან გამოძებნოს ახალი საშუალებები მათგან გასათავისუფლებლად და ამაში მისი მოკავშირე აუცილებლად იქნება საზოგადოება. მას ამისთვის აქვს რამდენიმე ძლიერი საშუალება, უპირველესად - 2019 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელშიც "ქართული ოცნების" ჯანსაღმა ნაწილმა, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმატით მიიღოს მონაწილეობა და შემდგომ კოალიციური მთავრობა შექმნას. მაგალითად, პარტიის შექმნის საშუალებას მივცემდი კახი კახიშვილს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ პირს "ქართულ ოცნებაში", მამუკა ბახტაძეს მივცემდი ახალი კადრების მოყვანის საშუალებას, კახა კალაძეს - მოქმედების მეტ თავისუფლებას, ასევე ლევან კობერიძეს და იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამ სიბინძურეში სუფთა იმიჯი შეინარჩუნეს...

ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილს სვლები აღარ დარჩა, უსაფუძვლოა. საკითხავი ის არის, რა გზას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა ამ სვლებს და დროულად გადადგამს თუ არა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს...

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად