"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უფრო მძიმე შინაარსის ჩანაწერების გამოქვეყნებასაც ველოდები" - კვირის პალიტრა

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უფრო მძიმე შინაარსის ჩანაწერების გამოქვეყნებასაც ველოდები"

ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გვესაუბრება რატომ არის პოლიტიკური ოპონენტების წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის დამახასიათებელი აგრესია? რისთვის ველოდებით ყოველდღიურად ახალ, უფრო სკანდალურ ჩანაწერს, სად არის გამოსავალი და როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?! რა სათადარიგო სცენარი არსებობს, თუკი აგრესიული რიტორიკა არ გაამართლებს?

- პოლიტიკური ძალები ხედავენ, რომ აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას ყველა არჩევნებზე მოაქვს შედეგი და შესაბამისად იქცევიან.

- შეიძლება მათი რიტორიკა ყოველთვის იყო აგრესიული, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების "ციდან ცვენა" არ გვახსოვს...

- პირველ ეტაპზე ოპონენტების ტონი შერბილებული იყო, რაც დიდი მარცხით იყო განპირობებული. მერე ოპოზიციამ ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა. ახლა უკვე განსაზღვრული აქვთ, როდის და რა მიზნით ამოიღონ "პანდორას ყუთიდან" ახალი ჩანაწერი. აშკარად ჩანს, რომ ამ აგრესიული კამპანიის სტრატეგია წინასწარ მუშავდება, ჩანაწერები ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდება, რაც თანდათან პიკს მიაღწევს. ეს არის ტაქტიკა და მეორეხარისხოვანია, კანონიერი გზით არის მოპოვებული ჩანაწერები თუ არა, სინამდვილეა ჩაწერილი თუ გათამაშებული... მთავარი მიზანია ამომრჩევლის ემოციებზე აგრესიულად თამაში, თუმცა კარგი იქნება, თუ ამომრჩეველი ამ ჩანაწერებს ყურადღებას არ მიაქცევს, რადგან საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს წინასაარჩევნო კამპანიის აგრესიული სტილი, რომელიც აზიანებს ამომრჩეველსაც და ქვეყანასაც. შემდეგ ეს აგრესიული მუხტი ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება და, საუბედუროდ, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ვერ ვვითარდებით, იმავე მდგომარეობაში ვართ, რა მდგომარეობაშიც წლების წინ ვიყავით. ვერც იმას ვხვდებით, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და არც ის ვიცით, როგორ ვაიძულოთ არჩეული ხელისუფლება, ის გააკეთოს, რასაც მისგან ვითხოვდით და დაგვპირდა. ამას ამომრჩევლის პოლიტიკურად გაზრდაც სჭირდება.

ცხადია, ქვეყანაში არ არის სახარბიელო ფონი, მძიმეა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით ისედაც გამწარებულია და ფსიქოლოგიურად ურჩევნია, ამის მიზეზი გარეთ ეძებოს, ყველაფერი სხვას გადაბრალოს. სწორედ ამ დროს მას შესთავაზებენ თეზისს, რომ რა უბედურებაც ხდება მის თავს, სხვისი ბრალია, ეს კი ასეთი ამომრჩევლისთვის მისაღებია. ბევრმა ისიც კი არ იცის, თავისი კეთილდღეობის რღვევა ვის დააბრალოს და ამ დროს შემოთავაზებული თეზისი მისთვის ხავსის ფუნქციას ასრულებს.

- და მაინც, როგორი იქნება ამომრჩევლის რეაქცია, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ჩანაწერებს ისმენს? ის მისკენ გადაიხრება, ვინც უფრო აგრესიულია? - არის ფაქტები და არის ვარაუდები... ამ შემთხვევაში ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერები "მჯერა-არმჯერაზეა" გათვლილი და არა - ფაქტობრივ მონაცემებზე. მაგალითად, მე კი მაქვს ფაქტი, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, მაგრამ არ ვიცი, მართალია თუ არა ეს... ამიტომ ვარაუდებს ვაყალიბებ იმის მიხედვით, ჩაწერილი საუბარი მჯერა თუ არა... დაიჯერებს ის, ვისაც უნდა დაჯერება, ხოლო ვისაც არ უნდა, არ დაიჯერებს. მე რომ მკითხოთ,

რაც ხდება, მარაზმია! ეს არც საარჩევნო კამპანიაა, არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი.

მხოლოდ გაჰყვირიან, ვინ უარესია და ვინ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სივრცეს. მოდი, ასე ვთქვათ: რასაც ამომრჩეველი "ჭამს", პოლიტიკური ძალებიც იმას სთავაზობენ. და ასეც გაგრძელდება. მეტსაც გეტყვით - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უფრო მძიმე შინაარსის ჩანაწერების გამოქვეყნებასაც ველოდები, რადგან ეს არ არის საარჩევნო კამპანია, ყველაფერი შოუს ნაწილია.

- წარსულთან პარალელი გავავლოთ... როდის გვახსოვს ასეთი აგრესიული წინასაარჩევნო პერიოდი? - გაიხსენეთ, პირველი პრეზიდენტის არჩევნები როგორ ჩავატარეთ - ვისი რიტორიკაც უფრო აგრესიული იყო, იმან მოიპოვა წარმატება. შემდეგ ცვლილებაც ამ გზით მოხდა - ზვიად გამსახურდიას შეცვლა უფრო აგრესიულმა "პუტჩისტებმა" შეძლეს. მომდევნო პერიოდებში ბურჯანაძე-ჟვანიას კამპანია არააგრესიული იყო და უფრო რეიტინგული სააკაშვილი აღმოჩნდა, რომელიც უფრო აგრესიულ პიარკამპანიას აწარმოებდა. გამარჯვებაც მას დარჩა. ეს არის გაკვალული გზა და სანამ ხალხი არჩევნების წინ ასეთ არასწორ ტაქტიკას მიჰყვება, მანამდე პოლიტიკური ბრძოლისთვის ასეთი აგრესიული სტილი იქნება დამახასიათებელი.

ვიდრე ვიღაცას ავირჩევთ იმიტომ, რომ "კაი ტიპია", "ჯიგარია", ვიღაცას კი - არა, რადგან "ცუდია", "ქალია", "კაცია" და ა.შ., მანამდე არაფერი გვეშველება.

მაგრამ კომპრომატების გარდა ამომრჩეველს რომ თითქმის არაფერს სთავაზობენ? საარჩევნო დაპირებებს რომ ვუსმინოთ, ვიღაც გაყინული ანაბრების დაბრუნებას, მევახეშეობისა და ბანკის კრედიტებისგან გათავისუფლებას და ა.შ. ჰპირდება მოსახლეობას, რაც შეუძლებელია და არც პრეზიდენტს აქვს საამისო უფლებამოსილება... - ამ დაპირებების შესრულება პრეზიდენტის ფუნქცია არ არის. ამას ამომრჩეველიც უნდა მიხვდეს. არჩევნების დროს ქვეყნის ინტერესი პირადზე მაღლა უნდა დააყენო. ზოგად ფორმულას გეტყვით, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ამომრჩეველმა, ვიდრე საარჩევნო ყუთთან მივა და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს: პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, ის უნდა იყოს წარმომადგენლობითი ადამიანი, რომელსაც მოლაპარაკება შეუძლია და საერთაშორისო არენაზე პოზიტიური როლის თამაშს შეძლებს.

- რა სათადარიგო სცენარი არსებობს, თუ აგრესიული წინასაარჩევნო პიარკამპანია ამომრჩეველზე სათანადოდ არ იმოქმედებს? - მაშინ მესამე ძალაზე გაკეთდება აქცენტი, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს სათადარიგო სცენარი არც მესამე ძალის სასარგებლოდ იმუშავებს.

მესამე ძალასთან დაკავშირებით ამომრჩეველი ფიქრობს: "მე რომ მხარი დავუჭირო, რა აზრი აქვს? ის მაინც ვერ გავა." ამიტომ ის იმაზე დებს ფსონს, ვისაც ძალა აქვს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ქვეყანაში რაც უნდა გაჭირვება იყოს, ხალხი გაჭირვების გამო არასდროს გადის ქუჩაში, ის ქუჩაში გადის უსამართლობის გამო, ამიტომ ოპონენტების ურთიერთშეტევა სწორედ ამ კუთხით წარიმართება. თუ დღეს ამომრჩეველი დაბნეულია, ეს იმის ბრალია, რომ მას არგუმენტირებულად ვერავინ უსაბუთებს, როგორი უსამართლობა ბატონობს ქვეყანაში.

- შესაძლოა ამ დაბნეულობის მიზეზი ისიც არის, რომ მთავარი ოპონენტი ისევ "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც წლების წინ ხალხმა უარი უთხრა... - გეთანხმებით, ესეც არის მიზეზი, თუმცა ბევრისთვის აღარც აქვს მნიშვნელობა, მას "ნაციონალები" ელაპარაკებიან თუ სხვები და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, რომელი ძალის მხარდაჭერის შემთხვევაში ექნება პირადი გამორჩენა.