"მე ვიყავი მათ რიცხვში, ვინც მხარს უჭერდა მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით წარმოებას, ეს დამატებით ფინანსებს მოუტანდა ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"მე ვიყავი მათ რიცხვში, ვინც მხარს უჭერდა მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით წარმოებას, ეს დამატებით ფინანსებს მოუტანდა ქვეყანას"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქშოუების ჟურნალისტებს, "იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძეს, "რუსთავი -2"- დან ეკა კვესიტაძეს, "ტვ პირველიდან" - დიანა ტრაპაიძეს კითხვებს პასუხობს.

ეკატერინე კვესიტაძის კითხვაზე ეკუთვნოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს მარიხუანას მოყვანა კულტივაციის იდეა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

"ნაციონალური მოძრაობა", რომლის ხელწერაც, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, დღეს ცდილობს, არჩევნების წინ გაილაშქროს მარიხუანას დათესვის და წარმოების წინააღმდეგ და თქვენივე გუნდის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ, რამდენი მარიხუანას მომხმარებელი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" და უფრო მეტიც, თქვენი დირექტორი უფრო მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ამხილა და არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ამ საკითხზე საუბრის..."

პასუხით უკმაყოფილო ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა თავად თუ ჰქონდა მარიხუანა მოწეული, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარემ აქცენტები საქართველო პატრიარქის მიერ გაკეთებულ აქცენტებზე გადაიტანა... "ის, რომ საპატრიარქო, პატრიარქი, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო წუხს ქვეყნის ბედზე, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და ის, რომ ეკლესიას აშფოთებს ამ საკითხებთან დაკავშირებული თემები  ეს გასაგებია,  მაგრამ ამასაც, რომ სათავისოდ იწერს "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ცინიზმი, ხოლო რაც შეეხება კითხვას, კანონპროექტი ითვალისწინებს მორიხუანის მოყვანა - კულტივაციას სამედიცინო და კოსმეტიკური  მოხმარების მიზნით და იქ ნარკოტიკული მოხმარების მიზნით წარმოებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, ეს მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, ჩვენ ვნახეთ საპატრიარქოს და საზოგადოების რეაქცია და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. განახლდება კანოპროექტის განხილვა, ჩვენ ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, საპატრიარქოსთან, თუ საზოგადოება კვლავაც წინააღმდეგი იქნება, გავითვალისწინებთ ამ პოზიციას. ჩვენ საზოგადოების წინააღმდეგ არასდროს წავსულვართ...  მე ვიყავი მათ რიცხვში, ვინც მხარს უჭერდა მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით წარმოებას, რადგან ეს დამატებით ფინანსებს მოუტანდა ქვეყანას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.