პუტინის ფავორიტმა სააკაშვილთან "გაისეირნა" - კვირის პალიტრა

პუტინის ფავორიტმა სააკაშვილთან "გაისეირნა"

"უსაფრთხოების ღვედს თავად მიკრავდა ხოლმე. ვისკი უყვარს, მაგრამ ცოტა უცნაური და არაადეკვატურია"

რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ, ტელეკომპანია ТНТ-ს სკანდალური რეალითი-შოუს "დომ-2"-ის წამყვანის, 28 წლის ქსენია სობჩაკის შეფასებისას, თავისი კოლეგის ვლადიმირ პოზნერის გამონათქვამი მოიშველია: "აჩვენეთ 24 საათის განმავლობაში ტელევიზიით უკანალი და ერთ კვირაში ტელევარსკვლავი გახდებითო".

ასეა თუ ისე, ამ ტელეწამყვანის იმიჯიდან გამომდინარე, ვეღარ გაარჩევ, სად იწყება სობჩაკი და სად მთავრდება სკანდალი. გამონაკლისი არც სობჩაკის საქართველოში ვიზიტი ყოფილა (14-16 აგვისტო). გავრცელდა ხმები, რომ ტელევარსკვლავი თბილისში ვლადიმირ პუტინის გამოსახულებიანი მაისურით დასეირნობდა და ქვეყნის პირველ პირს, მიხეილ სააკაშვილსაც საიდუმლოდ შეხვდა.

დეტალებს თავად სობჩაკი აზუსტებს:

- პუტინის სურათის დანახვაზე სააკაშვილს ყბა მოექცა. არადა საგანგებოდ ჩავიცვი. პროტოკოლი არ მიშვებდა მასთან, მაგრამ ეს ხომ ჩემი სტილია! ეს მაისური ამოვქექე და საბრძოლველად გავემართე - ასე უფრო უშიშრად ვიქნები-მეთქი. სააკაშვილმა ჩემს მკერდს თვალი ვერ მოსწყვიტა, უყურებდა უკმაყოფილო სახით! მითხრა, - პუტინი ჩემი ქვეყნის მტერიაო, რაზეც ვუპასუხე, - ყველგან რომ აცხადებთ, დემოკრატიული სახელმწიფო ვართო, მე, რუსეთის მოქალაქეს, რატომ არ შემიძლია თქვენთან ჩამოსვლა მკერდზე ჩემი საყვარელი პრემიერ-მინისტრის პორტრეტით-მეთქი.

სააკაშვილი დილის 5 საათამდე მასეირნებდა კერძო თვითმფრინავით ქალაქის თავზე. თბილისიდან ბათუმში წამიყვანა და უკან თვითონ წამომიყვანა. როცა ფრენისას შიში მომერეოდა, უსაფრთხოების ღვედს თავად მიკრავდა ხოლმე. მას ვისკი უყვარს. მაგრამ მაინც რაღაც უცნაურია, ცოტათი არაადეკვატური...

საინტერესოა, რა ჰქონდა ამდენი სალაპარაკო სააკაშვილს იმ ჟურნალთან, რომლის მთავარი თემები მოდა, შოუბიზნესი და ეროტიკაა. ამ ჟურნალში ქსენია სობჩაკი და ჟურნალისტი სოკოლოვა უძღვებიან რუბრიკას "სექსი სობჩაკთან და სოკოლოვასთან".

ისე, მათი ბოლო რესპონდენტი მხატვარი ზურაბ წერეთელი იყო. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის. სექტემბრის ნომერი უკვე გამოსულია და სააკაშვილთან ინტერვიუს ოქტომბერში ვიხილავთ. იმედია, ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუს "სექსის" რუბრიკაში არ ჩასვამენ.

საინტერესოა, დააბარა თუ არა, სააკაშვილმა სობჩაკს მოკითხვა პუტინთან. თუ დააბარა, ტელევარსკვლავი აუცილებლად გადასცემდა რუსეთის პრემიერს - ის პუტინის ფავორიტია. რუსეთის ფაქტობრივი მმართველი წლების წინ, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ლენინგრადის პირველი მერის, ანატოლი სობჩაკის თანაშემწე იყო.

შემდეგ კი, როდესაც ანატოლი სობჩაკს დასაჭერად გაუხდა საქმე, პუტინმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში თავისი კავშირები გამოიყენა და ქსენიას მამა საზღვარგარეთ გააპარა. ამ მადლს ტელევარსკვლავი ვერ ივიწყებს. შესაბამისად, სობჩაკმა მადლი პუტინს საქართველოშიც გადაუხადა და მისი გამოსახულებიანი მაისურით გაისეირნა. ოღონდ თბილისში კი არა, ბათუმში. სეირნობა”ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.

თვითმხილველების თქმით,  იმ მაისურით სობჩაკმა სასტუმროს წინ შემცბარი სახით (ეტყობა, ეგონა, ქართველები ქვის სროლას დაუწყებდნენ) გაიარ-გამოიარა და შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა. რუსულმა მედიამ კი გმირად აქცია ქსიუშკა, რომელსაც, თურმე, საქართველოში ყოფნისას ეს მაისური არ გაუხდია და სააკაშვილთან ინტერვიუზეც ასე გამოწყობილი მისულა.

თუმცა, როგორც ჩანს, მაისურის გარეშეც, საქართველოში პუტინის ფავორიტებზე თანგადაყოლის პოლიტიკური მოდა მკვიდრდება - საქართველოს პრეზიდენტი პუტინის მადლმოსხმულს თვითმფრინავით ემსახურება, თბილისის მერი კი დაბადების დღეზე ეპატიჟება. 15 აგვისტოს გიგი უგულავა 36 წლის გახდა და მას დაბადების დღე ქსიუშამაც მიულოცა. თუმცა, სობჩაკი ერთ-ერთ რესტორანში მხოლოდ ერთი საათით გაჩერებულა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარებულა. ეტყობა, პრეზიდენტის თვითმფრინავზე აგვიანდებოდა.

არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს სობჩაკმა ქართველი ბიზნესმენის კორპორატიული წვეულებაც წაიყვანა, ჯილდოდ კი 100 ათას დოლარზე მეტი მიიღო. როგორც ჩანს, ამ ბიზნესმენს, ქართული პოლიტელიტისგან განსხვავებით, უფრო კარგი გემოვნება აქვს.

გიორგი კვიტაშვილი