"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მითუმეტეს ტელეფონით" - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - კვირის პალიტრა

"მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მითუმეტეს ტელეფონით" - რას ამბობენ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც თითქოსდა სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს, "სრულ ფაბრიკაციას" უწოდებს.

როგორც ალასანია სოციალურ ქსელში წერს, "მკვლელობებს საერთოდ არ უკვეთავს და მითუმეტეს ტელეფონით".

"ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო "მხილებების" ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს", - წერს თემურ ალასანია.

Imedinews.ge-ს ინფორმაციით, უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: "ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც "სნაიპერსკი ვინტოვკით" მოკლავს ბიძინას".

ჩანაწერს "ფეისბუკის" გვერდზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც წერს: "ვაი, ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს. მართლა ჰგონია, რომ ამ გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება".

იხილეთ აუდიოჩანაწერი