"დარიალი" საქართველოს საზღვართან მსხვილი პროვოკაციის მოწყობას გეგმავს - კვირის პალიტრა

"დარიალი" საქართველოს საზღვართან მსხვილი პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

რუსული "ეფ-ეს-ბეს" ხელდასხმით შექმნილი ჩრდილოოსური ორგანიზაცია "დარიალი", შემოდგომით, საქართველოს საზღვართან, კერძოდ, ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია 2008 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა და პირველსავე შეკრებაზე სტეფანწმინდა და თრუსოს ხეობა აღმოსავლეთ ოსეთად” გამოაცხადა. ორგანიზაციას რუსეთის შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გაირბეკ სალბიევი ხელმძღვანელობს. "დარიალი" დროდადრო ლარსის პუნქტთან პიკეტებს აწყობს და იმ ოსებისთვის, რომელთაც თურმე, თრუსოს ხეობაში თავიანთი სახლ-კარი ენატრებათ, სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვს.

ბოლოს, "დარიალის" აქტივისტებმა პიკეტი 30 მაისს მოაწყვეს, თუმცა, აქცია იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ მისთვის ყურადღება არც რუსულ და არც ქართულ მედიას მიუქცევია.

როგორც ჩანს, კურატორებმა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ყური აუწიეს. შესაბამისად, ჩვენი წყაროს ცნობით, "დარიალის" მესვეურებმა საქართველოს წინააღმდეგ სუპერპროვოკაციის მოწყობა განიზრახეს. კომპეტენტური წყაროს ცნობით, იდეა "დარიალის" ხელმძღვანელებს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ტაკოევმა შესთავაზა. ამ ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფა კი, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ოლეგ კალაევს ევალება.

გეგმის მიხედვით, ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავი უნდა მოიყაროს დაახლოებით 10-15 ათასმა კაცმა, ჩაატარონ მიტინგი, დაგმონ საქართველოს "ფაშისტური" პოლიტიკა და კიდევ ერთხელ მოითხოვონ, რომ წარმოშობით თრუსოს ხეობელ ოსებს თავიანთი სოფლების მონახულების საშუალება მიეცეთ.

შემდეგ კი აქციის მონაწილეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, ყაზბეგში მცხოვრებ "ქართველ ძმებთან" შესახვედრად მშვიდობიან მსვლელობას”დაიწყებენ. ქართული მხარე რთული არჩევანის წინაშე დადგება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათასკაციან ბრბოს საქართველოში არავინ შემოუშვებს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს.

შესაბამისად, "დარიალის" ხელმძღვანელები და მათ უკან მდგარი რუსული სპეცსამსახურები მიაღწევენ მიზანს - ქართულ მხარეს "მშვიდობიანი ოსების მიტინგის"დარბევაში დაადანაშაულებენ და ეს თემა რუსულ პროპაგანდას სამუშაოდ”ერთი წელი მაინც ეყოფა.

ოსური წყაროების ცნობით, "მიტინგის"მონაწილეთა მობილიზაციაში ჩრდილოეთ ოსეთის სახელისუფლებო სტრუქტურები არიან ჩართული. მაგალითად, ადგილობრივმა განათლების სამინისტრომ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ დათქმულ დროს უზრუნველყონ "მიტინგზე" უფროსკლასელებისა და სტუდენტების დასწრება.“"მიტინგის" მონაწილეებს ლარსთან ავტობუსებით მიიყვანენ.

წინასწარი ინფორმაციით, "დარიალი" ამ პროვოკაციას საქართველოს საზღვართან სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მოაწყობს. მანამდე კი, მიმდინარე წლის ივლისში, "დარიალმა" ჩრდილოეთ ოსეთში გამოსცა ბროშურა, რომლის მიხედვითაც, თურმე თრუსოს ხეობაში მცხოვრები ქართველები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარსის პუნქტზე უვიზო მიმოსვლის დაწესებას ითხოვენ. თურმე თრუსოს ხეობის ბეღელი ჩრდილოეთ ოსეთი ყოფილა და "ვლადიკავკაზის ბაზრების გარეშე დარჩენილი ქართველები შიმშილობის ზღვარზე არიან".

გიორგი კვიტაშვილი