როგორ ყალბდება პოლიტიკური რეიტინგები - კვირის პალიტრა

როგორ ყალბდება პოლიტიკური რეიტინგები

სოციოლოგიური კვლევების ომები ქართულ პოლიტიკაში

რა გავლენა აქვს სოციოლოგიურ კვლევებს არჩევნებზე და რითი შეიძლება მანიპულირება საზოგადოებაზე, შეიძლება თუ არა ეს არჩევნების შედეგებისთვის გადამწყვეტი იყოს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, სოციოლოგ თორნიკე გურულს ესაუბრა:

- თუ კვლევა სტატისტიკოსების გადამოწმებულია და ჩატარება-გამოქვეყნებისას ყველა პარამეტრი დაცული, შეუძლებელია, რომ ყველა პარტიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სხვადასხვა იყოს. ამიტომაც

ვერ ვიტყვით, რომ ეს მონაცემები, რაც პარტიებმა გამოაქვეყნეს, რეალობას შეესაბამება. დეტალური კვლევისა და ანალიზის გარეშე ძნელია თქმა, რომელია მცდარი და რომელი არა.

როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები ასეთ კვლევას საზოგადოების მანიპულირებისთვის იყენებენ. ამით ეუბნებიან ხალხს, ამომრჩევლის განწყობა ისეთია, რომ ესა და ეს პარტია გაიმარჯვებსო. ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არა აქვთ არჩეულ კანდიდატზე გამყარებული შეგრძნება, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს, ხშირად არჩევნებზე არ მიდიან. ასეთი კვლევების წინასწარ გამოქვეყნება კი იმის საშუალებას იძლევა, რომ მოყოყმანე ამომრჩეველმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს.

- ის, რომ ერთ დღეს სამი სხვადასხვა მონაცემი გამოქვეყნდა, ეს კვლევები ამ მიზანს მაინც შეასრულებს?

- კვლევა, რომელიც მაღალპროფესიონალურად ტარდება და შერჩევის პროცესში სტატისტიკოსები არიან ჩართული, ამხელა ცდომილებას არ უშვებს. ამხელა ცდომილება იმას ნიშნავს, რომ ან შერჩევა არ მოხდა სწორად, ან მონაცემებს ამახინჯებენ. ეს კი, ცხადია, მოსახლეობას აბნევს და ნეგატიურ განწყობას უღრმავებს მას, ვინც იცის, რა არის სტატისტიკა, რა არის შერჩევა და რა კვლევა.

- ანუ თქვენ ნეგატიური განწყობა გაქვთ ამ კვლევების მიმართ? - რა თქმა უნდა და რადგან საშუალება არა მაქვს, გამოვიკვლიო, რომელი მათგანია მცდარი თუ მართალი, ყველას უნდობლად ვეკიდები.

- ამ ბოლო დროს კვლევის პრეზენტაციისას ასახელებენ, თუ ვინ ჩაატარა, რა დროს, რა მეთოდით და რამდენი პირი გამოიკითხა. ეს საკმარისია კვლევის სანდოობისთვის. - თუ კვლევას აქვს ცდომილება 10-15-20%, ცხადია, მისი ვალიდურად ჩათვლა არ შეიძლება. კვლევის ჩამტარებელს, მეთოდსა და გამოკითხული პირების რაოდენობას ისევ და ისევ საზოგადოების მანიპულირებისთვის ასახელებენ, მაგრამ როდესაც ამხელა ცდომილებებია კვლევებს შორის, ბევრი კითხვა ჩნდება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ კვლევა ტარდებოდეს სწორად და შემდეგ მონაცემებით დაიწყოს მანიპულირება, რადგან ერთია კვლევა და მეორეა მისი პრეზენტაცია, თუ როგორ ჩავატარებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი შანსია, სწორედ პრეზენტაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

საზოგადოდ, პიარში კვლევის როლი ძალიან დიდია, რადგან კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ დაგეგმარების დროს მიზანი, ზუსტად შევარჩიოთ სამიზნე ჯგუფები და ზუსტად მივაწოდოთ მათ ის გზავნილები, რომელთა ტესტირებაც გვინდა. თუმცა კვლევის შედეგები ყველას შეუძლია ისე გამოაქვეყნოს, როგორც უნდა.

კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეარჩიეს სამიზნე ჯგუფები და რომელ სეგმენტში. თუ სამიზნე ჯგუფი სწორად არ იქნა შერჩეული, რაც უნდა სწორად ჩატარდეს კვლევა, ვერ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც რეალობასთან იქნება ახლოს.

- სად აყალბებენ კვლევებს? - საამისოდ ბევრი მეთოდი არსებობს. შესაძლოა ველი არასწორად იქნეს შერჩეული, შესაძლოა ის სტატისტიკოსებმა სწორად შეარჩიეს, მაგრამ არ ჩატარდა სტანდარტების შესაბამისად, და მესამე, მნიშვნელოვანია, ამ მონაცემებს როგორ დავამუშავებთ. შეიძლება ყველაფერი სწორად გავაკეთო, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ ის პუნქტები გამოვიტანო, რომლებიც მე მაწყობს ან საერთოდ არ გამოვიტანო ის მონაცემები, რომლებიც კვლევის დროს მივიღე.

- პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგებზე ბოლო პერიოდში ქვეყნდებოდა მონაცემები, რომელიც ე.წ. ალოკაციის მეთოდით არის მიღებული. რამდენად სანდოა ისინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ კვლევა ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა? - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეჭვქვეშ დავაყენო არა კვლევის ჩატარება, არამედ ის, თუ როგორ ატარებენ შედეგების პრეზენტაციას. როგორც გითხარით, ჩვენ ვერ გადავამოწმებთ, როგორ ჩატარდა კვლევა ყველა პარამეტრში. განსაკუთრებით იმას აქვს მნიშვნელობა, გადამოწმდა თუ არა ველი. ველის ხარისხის გაკონტროლება ერთ-ერთი მთავარი თემაა და გიჩნდება კითხვა, ვინ გააკონტროლა და როგორ. მერწმუნეთ, კვლევა, რომელიც მაღალკვალიფიციურად არის ჩატარებული, არ შეიძლება ასეთ განსხვავებას იძლეოდეს.

- კვლევების არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნება არჩევნების შედეგებზე ახდენს გავლენას? - არჩევნების შედეგებზე ბევრი კომპონენტი ახდენს გავლენას და მათ შორის განსაზღვრულ სეგმენტზე, სადაც არ შეიძლება ბევრი მოქალაქე მოვიაზროთ. ხშირად გადამწყვეტი სწორედ ასეთი კვლევები ხდება, რადგან, როგორც აღვნიშნე, ნაწილი სახლში რჩება, ფიქრობს, რომ აზრი არა აქვს მონაწილეობას, ნაწილი კი, პირიქით, ვის დაუჭიროს მხარი, სწორედ ასეთი კვლევებით იღებს გადაწყვეტილებას, რადგან რწმუნდება მისი ფავორიტის უპირატესობაში.

- და, მიუხედავად იმისა, რომ სამივე კვლევით სხვადასხვა მონაცემი დაიდო, რაც წესით, უნდობლობას უნდა იწვევდეს, მოსახლეობაზე მაინც ახდენს გავლენას? - თუ მოქალაქეები ამ კვლევებს კრიტიკულად შეხედავენ, მათ არჩევანზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხომ არ არის შეჩვეული კრიტიკულად მიდგომას და თანაც, ეს კვლევები ხომ, ძირითადად, ამა თუ იმ პარტიის ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ ძალიან ძნელია დაბეჯითებით რამის თქმა. ვფიქრობ, საზოგადოების მცირე ნაწილზე დიდ გავლენას ახდენს.

რუსა მაჩაიძე