"მთელი პასუხისმგებლობით ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი" - კვირის პალიტრა

"მთელი პასუხისმგებლობით ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი"

მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს, თუმცა ამ შედეგების შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას. აქვე ვიტყვი, რომ განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც თავს უფლებას აძლევს, აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება ეგზიტპოლების შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და ამის შედეგი იქნება ასევე არჩევნების საბოლოო შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ინფორმაცია არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებასთან დაკავშირებით ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, მათ შორის იმ ინფორმაციას, რომელსაც პარტია აგროვებს.

"მთელი პასუხისმგებლობით ვამბობთ, სალომე ზურაბიშვილს აქვს ხმების 50%-ზე მეტი. ჩვენ ბიულეტენიდან არ გვაქვს ინფორმაცია განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელმაც გამოფინა ფიქტიური თუ ფაქტიური ბიულეტენი ავღანეთიდან. სააკაშვილისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვარღვევთ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს. ეს არის მყარი პრინციპი, რომელსაც მისდევს "ქართული ოცნება“. ჩვენ გვაქვს მონაცემები და პასუხს ვაგებთ ამაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.