საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა - როგორია ეგზიტპოლის შედეგები? - კვირის პალიტრა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა - როგორია ეგზიტპოლის შედეგები?

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

არსებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს.

კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. 2018 წლის არჩევნებში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტირებული. 17:00 საათის მონაცემებით, მათგან არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 38,16 %-ს შეადგენდა.

არჩევნები 3 703 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.

ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%,

გრიგოლ ვაშაძე - 28.1%

დავით ბაქრაძე - 9.2%

ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%

შალვა ნათელაშვილი - 3.1%

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა და და გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი - 40-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.

"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh"-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე.

უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.

საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან ეგზიტპოლის შედეგებზე უკვე გაკეთდა პირველი შეფასებები.

სალომე ზურაბიშვილი: "ყველაფერი, რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამომრჩეველს. ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს ღამით, გვიან, როცა იქნება პირველადი შედეგები"

გრიგოლ ვაშაძე: "მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ".

დავით ბაქრაძე: "ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ "ევროპული საქართველო" და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ "ევროპულმა საქართველომ" და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში... თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი".