"არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ გააყალბოს" - კვირის პალიტრა

"არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ გააყალბოს"

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლად გამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ყაჩაღს და ბანდიტს, ამ ერთ უჯრედიან მილიარდერს, გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

"თქვენ ნახეთ "ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგები, რომლის თანახმადაც 40% აქვს ვაშაძეს და 40% აქვს სალომე ზურაბიშვილს და უნდა დაინიშნოს მეორე ტური. მე მაქვს დიდი გამოცდილება წინა წლების, როცა კვლევებისას ხელისუფლების წარმომადგენელი სვამს კითხვას, ხალხი ტყუის და მეტი ეუბნება ხელისუფლებას მხარს გიჭერთო, ვიდრე ეუბნება ოპოზიციას. ასე რომ, დანამდვილებით შემიძლია ვივარაუდო, რომ მინიმუმ რამდენიმე პროცენტით უსწრებს ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს რეალური მიცემული ხმებით. რეალურად, გია ვაშაძე არის გამარჯვებული და გარანტირებულად გადასულია მეორე ტურში. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. ყველაფრის მიუხედავად, იმის შემდეგ, როცა ოპოზიცია გაყოფილი იყო ორ-სამ ძირითად პარტიად, ოპოზიციამ მოახერხა და პრაქტიკულად მოიგო ეს არჩევნები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან დავით ბაქრაძეს და "ევროპულ საქართველოს“ "ვაჟკაცური ნაბიჯისთვის“ მადლობა გადაუხადა.

"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც "ვარდების რევოლუციის“ დროს. მე დარწმუნებული ვარ, იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი და უამრავი სხვა ადამიანი მოემატება ოპოზიციურ ერთობას. ხალხმა დაიჯერა, რომ ამ მონსტრის, ამ საზიზღარი მოვლენის, ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ამ თავისი ყალბი ქალბატონით. როგორ არ ცხვენიათ 50%-ზე რომ ლაპარაკობენ?! ივანიშვილმა დაიბარა სუს-ელები, გაარკვია მომზადებული იყვნენ თუ არა სიტუაციის დასაჭერად, სუს-მა მას ურჩია, ეღიარებინა, რომ მეორე ტური იქნება. თავიდან ივანიშვილი დათანხმდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ პირველივე ტურში იგებს. ის იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე, შევარდნაშე, იანუკოვიჩი და სარქისიანი. ჩვენ კი მოვიქცევით როგორც ნამდვილი ქართველები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან პოლიციას და ჯარს მოუწოდა, არ გამოაყენებინონ თავი "ჭორვილელ ბანდიტს“ - ბიძინა ივანიშვილს.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ძალა ერთობაშია“ არის მობილიზებულები, ოპოზიცია აერთებს თავის ძალებს და ის აუცილებლად დაიცავს ქართველი ერის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს.

"ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლადგამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ყაჩაღს და ბანდიტს, ერთ უჯრედიან მილიარდერს გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ. თქვენ დაინახავთ ქართველი ერის ძალას. ჩვენ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მაგრამ თუ იქნება გაყალბება, ვიქნებით მშვიდობიანი, თუმცა დავიცავთ ჩვენი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.