"საშინელ წვიმაში წავედი ეკლესიაში, სანთელი დავანთე და გავცივდი" - კვირის პალიტრა

"საშინელ წვიმაში წავედი ეკლესიაში, სანთელი დავანთე და გავცივდი"

"გითხარით რომ იქნებოდა დიდი ტალღა და საქართველოს მოსახლეობა გაარტყამდა ალიყურს ივანიშვილს, მაგრამ ამას მეც არ ველოდით,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" ჩართვისას განაცხადა.

"საქართველოს სრულფასოვანი ბატონ პატრონი არის ქართველი ხალხი. ახლა შედეგები შემოდის გაოგნებული ვარ. ბათუმში ყველა უბანი მოვიგეთ. დიდი მადლობა ბათუმელებო. პრაქტიკულად ყველაფერს ვიგებთ ქუთაისში. კახეთში მოვიგეთ ყველა უბანი. კახელებს ყოჩაღ რა.

მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი ტალღა, ჩვენმა ერმა გასცა პასუხი ყველაფერს... ცოტა ემოციურად ვარ, გაციებული ვარ უფრო სწორად დღეს, რა დამრჩენოდა, საშინელ წვიმაში წავედი ეკლესიაში და დავანთე სანთელი და გავცივდი.

ღმერთმა გადმოგვხედა, სიტუაცია არის შემდეგი, გამოაცხადეს 52%, მაგრამ იციან, რომ სრული სისულელეა, რა 52% ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს, რადგან "მათ ბოლომდე დაიცვეს თავისი სიტყვა".

სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ "ევროპულ საქართველოსა" და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან მოხდეს გაერთიანება.

"ისინი ("ევროპული საქართველო") არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩვენ ვაკრიტიკებდით ერთმანეთს. ისინი არიან ღირსეული ხალხი. ცუდია, რომ თავის დროზე მოხდა ეს გაყოფა, მაგრამ 2003 წელსაც მოხდა გაყოფა ჟვანიასთან, მაგრამ შემდეგ ისევ მოხდა შეერთება".