"ავღანეთში ერთ უბანზე 334 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 216 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, მეორე უბანზე - 63 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, 45 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო" - კვირის პალიტრა

"ავღანეთში ერთ უბანზე 334 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 216 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, მეორე უბანზე - 63 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, 45 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო"

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ავღანეთში მდებარე უბნებიდან მათი წარმომადგენლებისგან მიღებულ მონაცემებს ასაჯაროებს.

როგორც მდინარაძემ "ქართულ ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორივე უბანზე გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით აკეთებდნენ განცხადებებს და ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს. გურჯაანის მე-2 უბანზე "რუსთავი 2“ მთელი დღის განმავლობაში გვეუბნეოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის და მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი. თუმცა, ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებს და ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციითაც, ის წარმოადგენს "ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს. სამი დღის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებდა, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბანი. პირველი ინფორმაცია უკვე გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან. ერთ უბანზე 334 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 216 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 76 - დავით ბაქრაძე. მეორე უბანზე - 63 ხმა სალომე ზურაბიშვილი, 45 ხმა გრიგოლ ვაშაძე და 8 ხმა - დავით ბაქრაძე. ორივე უბანზე, პირველივე ტურში არის გამარჯვებული გრიგოლ ვაშაძე. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მათთვის ცნობილია 300 უბნის შედეგები მათი წარმომადგენლებისგან და ამ მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. "ჩვენ შემოგვდის მონაცემები პერიოდულად ჩვენი წარმომადგენლებისგან კომისიაში. დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები ჩვენთვის ცნობილია და დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს და მანამდე რამე კატეგორიული განცხადებებისგან თავს ვიკავებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.