"მიუხედავად ბაქრაძის მოწოდებისა, არა მგონია, მისი ამომრჩეველი წავიდეს და ვაშაძეს მისცეს ხმა" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად ბაქრაძის მოწოდებისა, არა მგონია, მისი ამომრჩეველი წავიდეს და ვაშაძეს მისცეს ხმა"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს არჩევნები ხელისუფლებისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტულად პრეზიდენტის გამოვლენა. როგორ განვითარდება მოვლენები მეორე ტურში და რა ფაქტორებმა იქონია გავლენა არჩევნების ამ შედეგებით დასრულებაზე, "კვირის პალიტრა" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ველოდებოდი, რომ არჩევნები დაახლოებით ასეთ სტილში წარიმართებოდა, იქნებოდა ინციდენტები, მაგრამ არ ექნებოდა მასშტაბური ხასიათი და ასეც მოხდა. ალბათ, მეტ-ნაკლები ობიექტურობით მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოირჩევიან და მათი შეფასებით, სწორედ ასეთი ვითარება იყო. დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი კრიტიკული მუხტი, რომელმაც შეიძლება კრიზისულ ვითარებამდე მიგვიყვანოს.

ვახტანგ ძაბირაძე რაც შეეხება მეორე ტურს, ვფიქრობ, ის ხელისუფლებას მეტად სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას, რადგან მთავარი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციაა და მეორე ტურის საჭიროება რომ არ დამდგარიყო, მოსახლეობის უმრავლესობა ჩათვლიდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

- თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით?

- რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ამაში დარწმუნებული ვარ.

- მაგრამ "ევროპულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ მხარს მეორე ტურში ვაშაძეს დაუჭერენ. ბაქრაძის ხმები ხომ დაემატება? თუ მაინც მეორე ტურში ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, ოპოზიცია აქციებს გაერთიანებული ძალებით გამართავს? - მიუხედავად "ევროპული საქართველოს მოწოდებისა, არა მგონია, მათი ამომრჩეველი წავიდეს და ვაშაძეს მისცეს ხმა, რადგან დავით ბაქრაძის ამომრჩეველი უფრო დამოუკიდებელია და ლიდერების მოწოდებას არ შეასრულებს. რაც შეეხება აქციებს, თუ საზოგადოებაში არ არის პროტესტის მუხტი, აქცია რუსთაველზე გაიმართება და იქვე დამთავრდება, მოსახლეობაში გამოძახილი არ ექნება. ხალხი დღეს ამ აქციებს არ თანაუგრძნობს. ამიტომ ოპოზიცია მასობრივ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისადმი" ამომრჩეველი მაინცდამაინც კეთილგანწყობილი არ არის, "ნაცმოძრაობისადმი" დამოკიდებულება არ შეცვლილა და როდესაც საფრთხე რეალური გახდება, რომ შესაძლოა ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამომრჩეველი მივა არჩევნებზე და ზურაბიშვილს მისცემს ხმას.

- თუკი სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, რა შეიძლება მოხდეს? - არაფერიც არ მოხდება. ისე, კაცმა არ იცის, რა განცხადებებს გააკეთებს, მაგრამ ეს იმ პროცესებს, რაც ქვეყნის გარეთ ჩვენთან დაკავშირებით განვითარდება, ვერ შეცვლის, რადგან საქართველოს ბედი დიდწილად გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რაზე შეთანხმდებიან დასავლეთი და რუსეთი. ვფიქრობ, ზურაბიშვილი თავად "ქართული ოცნებისთვის" იქნება პრობლემური სწორედ თავისი უპროგნოზობის გამო. შესაძლოა სხვა ნებისმიერ კანდიდატს, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", ხელისუფლებისთვის ნაკლები პრობლემა შეექმნა, ვიდრე ზურაბიშვილს, რადგან მისი არაპროგნოზირებადობა სადამდე მივა, კაცმა არ იცის.

- რითი განსხვავდებოდა ახლანდელი არჩევნები წინა არჩევნებისგან? - ასეთი ნეგატიური საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. გარდა იმისა, რომ კანდიდატებმა ვერ შეძლეს მოსახლეობაში მუხტის გაღვივება, ისიც ვერ შეძლეს, რომ ხალხს დაენახა, რა როლი ექნება პრეზიდენტს და ამაში ტელემედიაც დაეხმარა, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ მხოლოდ სამი კანდიდატი წარმოეჩინა. ტელევიზიებმა და მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სცენა მხოლოდ სამ კანდიდატს დაუთმეს. ამას ემატება ისიც, რომ პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნიჰილისტური განწყობაა.

კანდიდატები კვლავ ერთმანეთის ჩაძირვით იყვნენ დაკავებული - 2012 წლიდან დღის წესრიგში პოლიტიკური არეალის ორ დაპირისპირებულ ბანაკად წარმოჩენის მცდელობაა და ახლა ამან პიკს მიაღწია... ისევ თამაშდებოდა ფორმულა: "თუ მხარს არ დაუჭერთ "ქართულ ოცნებას", მოვლენ "ნაციონალები" და მერე ნახავთ სეირს".

- "ევროპული საქართველო" არ ითვლება მესამე ძალად?

- მე მასსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. "ევროპული საქართველო" იმიჯის შეცვლას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. შესაძლოა "ნაციონალებზე" უკეთესია, მაგრამ მაინც "ნაციონალები" არიან. "ევროპულმა საქართველომ" მკვეთრად დააფიქსირა, რომ თვალი ისევ "დედა პარტიისკენ" - "ნაციონალური მოძრაობისკენ" უჭირავს.

- წინასაარჩევნოდ ივანიშვილის ასეთ გააქტიურებას რით ხსნით? - "ქართული ოცნებისთვის" ამ არჩევნების წაგება, 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" რომ დაინახეს, მათი კანდიდატი რეიტინგს კარგავდა, ჩაერივნენ და მათი აქტიურობაც ამის გამოხატულება იყო. კლიპშიც კი მიაღებინეს ივანიშვილს მონაწილეობა, რაც წინა არჩევნებზე არ ყოფილა.

- ამან გაზარდა ზურაბიშვილის რეიტინგი?

- ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ დაასრულა იმით, რომ "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულ ამომრჩეველს მოუწოდა, ისევ მათთვის დაეჭირა მხარი. ცხადია, ეს კამპანია მათ ახალ მხარდამჭერებს ვერ გაუჩენდა, მაგრამ მცდელობა იყო, რომ განაწყენებული მხარდამჭერები უკან შემოეტრიალებინათ.

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია? - რა თქმა უნდა. ამ არჩევნებს პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც სწორედ ამ ჭრილში განიხილავდნენ.

- ამ არჩევნებზე არის თუ არა დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი? - ეს იმაზეა დამოკიდებული, "ქართული ოცნება" და უპირველესად ივანიშვილი, რამდენად სწორად გაიაზრებენ არსებულ ვითარებას. ჩატარებული ორი პრესკონფერენციიდან მე ვერ ვხედავ, რომ მას სწორად აქვს გააზრებული ის რეალობა, რაც ქვეყანაშია. სხვათა შორის, მან მტრები პირველ რიგში თავის გარემოცვაში უნდა ეძებოს... მეეჭვება, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. თუმცა, თუ დაპირისპირებამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ერთადერთი შანსი, რომ სამოქალაქო დაპირისპირებას ავცდეთ, სწორედ რიგგარეშე არჩევნებია.

- ზურაბიშვილის გამარჯვება ამ კრიზისს შექმნის? - პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნის, მაგრამ ზურაბიშვილი, უკვე არსებული განწყობების მიხედვით, არ იქნება ამ ქვეყნის და ამ ხალხის პრეზიდენტი. ის მხოლოდ "ქართული ოცნების" პრეზიდენტი იქნება.

- არჩევნების წინადღეს "ომეგა ჯგუფის" პრობლემა მოგვარდა და ოქუაშვილმა დაანონსებული ბრიფინგი გააუქმა, სადაც, როგორც ჩანს, კომპრომატებზე უნდა ელაპარაკა თუ ეჩვენებინა. - ივანიშვილის განცხადების მერე, სადაც მან თქვა, თუ გადახდა დაიწყება, ხელისუფლება გვერდით დაუდგებაო, ამას ველოდებოდი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არჩევნების წინადღეს არა. აქ საინტერესო ის არის, რომ "ომეგამ" კი დაიწყო მუშაობა, მაგრამ "იბერია" ისევ გაჩერებულია. საკითხავია, რის საფუძველზე მიიღო "ომეგა ჯგუფმა" ეს დათმობა, ხომ არ შეეწირა მის გადარჩენას "იბერია"?

- "იბერია" შეეწირა თუ ოქუაშვილის კომპრომატების შეეშინდათ? - დავიწყოთ იქიდან, რომ სისტემა ვერ იტანს, თუ მისი კონტროლის გარეშე რამე არსებობს, ეს ითქმის "იბერიაზეც". ჰქონდა თუ არა რამე გავლენა ამ ტელეკომპანიას, სხვა საკითხია. მეორე მხრივ, შესაძლოა ივანიშვილმა ისიც გათვალა, რომ მომავალში სავაჭროდ არ გამოიყენოს ოქუაშვილმა და ბარემ მოაგვარა პრობლემა. რაც შეეხება კომპრომატებს, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი და არა მგონია, რომ ეს გარიგება ამის გამო მოხდა... საერთოდ, ცუდი ფონი შეიქმნა - ჩვენ კი ვიცით, რომ "იბერია" ხელისუფლებას პრობლემას არ უქმნიდა და არ სჭირდებოდა მისი მოშორება, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ეს ხომ არ იციან? ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იყო ოქუაშვილთან მორიგება, ვიდრე ამ ბრძოლის გაგრძელება. მეორე მხრივ, ოქუაშვილის მიზანიც ეს იყო, რომ პრობლემა მოეგვარებინა და გადაიხდის თუ არა 50 მილიონს, კაცმა არ იცის. ცხადია, რაღაცაზე შეთანხმდნენ, პირველ შენატანს გააკეთებს და მერე ჩამოაწერენ, როგორც ხდება ხოლმე.

იხილეთ ასევე: "ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური?

რუსა მაჩაიძე