"ქართველი საზოგადოება ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია" - კვირის პალიტრა

"ქართველი საზოგადოება ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია"

"ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის"

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით უკანასკნელად გაიმართა. მოგეხსენებათ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდგომ ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსაც აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები იყვნენ ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რაც არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდა. ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს. ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ შედეგის შეფასებით დავიწყეთ:

- ვვარაუდობდი, რომ მეორე ტურის ჩატარება დადგებოდა დღის წესრიგში, თუმცა ვეჭვობდი იმასაც, რომ "ქართული ოცნება" შეეცდებოდა ხმის დათვლის პროცესის გაკონტროლებას და ზურაბიშვილის პირველივე ტურში გაყვანას.

კარგია, რომ ასე არ მოხდა. თუ დააკვირდით, მათ ეგზიტპოლის შედეგებით თავი დაიზღვიეს, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებლად 52,3% გამოაცხადეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ცდომილება 2.6% იყო. "ქართული ოცნება" მეორე ტურზე თუ არ წავიდოდა, მაშინ გრძელვადიან კრიზისში მოუწევდა შესვლა. ეს შეიძლება ფატალური არ ყოფილიყო, მაგრამ იქნებოდა კომპრომატი, რომელიც მათ, ადრე თუ გვიან, გადაიყოლებდა. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ახალი არაფერი გვინახავს, "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ერთნაირად ცდილობდნენ შედეგის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდის გამოყენებას. იმაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რომ "ოცნებას" შეცდომების მთელი კასკადი ჰქონდა!.."

- "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც წინასწარი შედეგებით, მე-3 ადგილზე გავიდა, თავის ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მეორე ტური? - ჩემი აზრით, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა მოიგოს.

ამ წვრილ-წვრილი პარტიების ამომრჩევლის კონსოლიდაცია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ირგვლივ ძნელად წარმომიდგენია. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ლატენტური ოპოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს და არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ იმდენად არ უნდა "ნაციონალების" გამარჯვება, რომ მეორე ტურზე აუცილებლად წავა. ამიტომაც მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს აქვს უპირატესი შანსი, მაგრამ არა გადამწყვეტი...

- წინასაარჩევნო პროცესს რომ გადავხედოთ, როგორ შეიძლება შეფასდეს? - სიმართლე ითქვას, დიდად არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან, ძირითადად, ნეგატივი გასდევდა ლაიტმოტივად, ისევ შუის გაკრეფა, ორპოლუსიანობის უზრუნველყოფა და მთავარი პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთის ერთმანეთით დაშინება, ჩანაწერები, შედეგად კი ვითარების ისე წარმოჩენა, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ამ სამყაროში სხვა არავინ და არაფერი არსებობს. ქართველი საზოგადოება, აგერ უკვე ექვსი წელია, ამ ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია.

ეს საარჩევნო პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ სკანდალური რამ მოვისმინეთ ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ პოლიტიკაზე, მეტიც, უკვეთენ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სახიფათო რამ არის. ამაზე ხელისუფლების რეაგირება სრულიად არაადეკვატური იყო, რაც დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება უპირველესად ხელისუფლებას დაუჯდება ძალიან ძვირად.

ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმითაც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ამ არჩევნებს შეიძლება ვერც კი ვუწოდოთ არჩევნები, რადგან ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დისტანცირებული იყო საარჩევნო პროცესისგან. კონკრეტულ კანდიდატებს არც ჰქონდა მნიშვნელობა, მოხდა პარტიული რესურსების შეტაკება.

ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის. ამ ორ ძალას, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების გადანაწილებისთვის, დაკარგული აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა.

რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნატურალური რეიტინგი ერთნიშნა ციფრებით თუ გამოიხატება, მათი კომუნიკაცია ხალხთან, პრაქტიკულად, არ შემდგარა. თუ რამ შეხვედრები გაიმართა, ძირითადად, პარტიულ აქტივთან, წინასწარ შედგენილი სიებით, ავტობუსების მობილიზებით და ა.შ.

ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან. შესაბამისად, ის რეალითიშოუს დაემსგავსა, ძირითადად, ტელევიზორში უყურებდნენ მოქალაქეები, თუ როგორ ეძახდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს "რუსეთის აგენტებს", როგორ აყვედრიდნენ ერთმანეთს წარსულს და ა.შ. გია ხუხაშვილი

მოკლედ, ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი", რომელიც უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. საარჩევნო პროცესში ცხადად გამოჩნდა, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, მას ვერ ექნებოდა საკმარისი სახალხო ლეგიტიმაცია, რადგან ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, თანაც აშკარა იყო ისიც, რომ გამარჯვებულის ბედს ამომრჩეველი კი არა, რესურსები წყვეტდა.

მიუხედავად წინასაარჩევნოდ სკანდალური თემების ამოტივტივებისა, ხელისუფლებას აქვს დიდი რესურსი, შესაბამისად, თავიდანვე ცხადი იყო, რომ მისი მხარდაჭერილი კანდიდატის შანსიც უფრო მაღალი იქნებოდა.

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" ნატურალური ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას", სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის ნეგატიური რეიტინგი კვლავაც მაღალია, ანუ კვლავაც ბევრი ამომრჩეველია მისდამი უარყოფითად განწყობილი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "ქართული ოცნება" თანდათან კარგავს მორალურ უპირატესობას. შემდეგი არჩევნებისთვის ამ უპირატესობის ნატამალიც აღარ დარჩება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მტრის ხატითა და სისხლიანი 9 წლით მანიპულირებამ "ქართული ოცნებისთვის" ჯერ კიდევ იმუშავა. მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც თავის ამპლუაში იყო, არჩევნების წინ იწყებს ხოლმე "ქართული ოცნების" შტაბის უფროსად მუშაობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ივანიშვილს ხელს უწყობს მისი დაბრუნების საშიშროების გამძაფრებაში. თუმცა მომეჩვენა, რომ ამ არჩევნებში სააკაშვილი ნაკლებად ეგოცენტრიკული იყო, ძალიან ოდიოზური არ ყოფილა. ის დაეხმარა ივანიშვილს, ტრადიციულად, შუის გაკრეფაში.

ჩანაწერები, რომლებიც გახმაურდა არჩევნების წინ რომელიღაც უკრაინულ ვებგვერდზე და თითქოსდა სააკაშვილისა და მისი ბიძის საუბრებს ასახავს, მეეჭვება რაიმე გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზე. სხვათა შორის, მისი შინაარსი სრულიად გაუგებარი იყო, სააკაშვილი და მისი ბიძა ადეიშვილს რომ ლანძღავენ, რატომ არის კომპრომატი, არ მესმის. ამ ჩანაწერების გამოყრა ისევ და ისევ ამომრჩევლის მანიპულირებისთვის იყო გამიზნული, თუმცა მეეჭვება, ამას ზემოქმედება მოეხდინა.

- თქვენ წინასაარჩევნოდ ამოტივტივებული სკანდალური თემები და ინტერესთა არაფორმალური ჯგუფები ახსენეთ... გასულ კვირას ჩვენ მომსწრენი გავხდით ივანიშვილის ორი ვრცელი ინტერვიუსი, თქვენი აზრით, გასცა კი მან ამომწურავი პასუხები კითხვებს, რა გავიგეთ ამ ინტერვიუებიდან? - ვფიქრობ, კარგი არაფერი. ინტერვიუებამდე ცოტა ადრე და ჟურნალისტებთან ამ შეხვედრებითაც დავრწმუნდი, რომ, ფაქტობრივად, აღარ არის შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მანკიერი სისტემისგან გათავისუფლდეს, რაც ამ ხელისუფლებას ჭამს.

ივანიშვილი ამ ინტერვიუებს უყურებს მოგება-წაგების თვალსაზრისით, არადა, ქვეყნის ლიდერი ასე არ უნდა ფიქრობდეს, მით უფრო, არ უნდა ლაპარაკობდეს. ის საზოგადოებას უნდა ესაუბრებოდეს გეგმებსა და პოზიტიურ დღის წესრიგზე. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

არ უნდა წვრილმანდებოდეს იმაზე, რომელიმე დეპუტატის აუზში წყალი ასხია თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძნელი მოსასმენი იყო, მით უფრო ჩემთვის, რადგან თავს მაინც მის გულშემატკივრად განვიხილავ, რამდენადაც გაბრაზებულიც უნდა იყოს ჩემზე და როგორც უნდა მომიხსენიოს.

- რადგან ახსენეთ მისი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება თქვენდამი, ბარემ აქვე გკითხავთ, რამ გამოიწვია ასეთი მწვავე რეაქცია - "გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია", - განაცხადა მან. - როგორც ჩანს, მან წითელი ხაზის გადაკვეთად ჩათვალა მისი პირველი ინტერვიუს შემდგომ ჩემი განცხადება, რომ ის აღარ არის ლიდერი და მხოლოდ სისტემის შენარჩუნებას ცდილობს. ბუნებრივია, ეს მტკივნეულად მიიღო. შესაძლოა მართლაც გადავკვეთე წითელი ხაზი, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, პირადი სენტიმენტებით არ უნდა იმოქმედო ადამიანმა. თუ უნდოდა, რომ ჩემთვის გული ეტკინა, ვეტყვი, რომ მოახერხა. თუ უნდა, რომ გავჩუმდე, ეს არ გამოუვა.

სინამდვილეში ბრძენი ადამიანები და ლიდერები კრიტიკაში უფრო ხედავენ მოყვარეს, ვიდრე პირფერობასა და მლიქვნელობაში. სამწუხაროდ, ივანიშვილს, ჩემი აზრით, რაიმეს შეცვლის რესურსი აღარ აქვს და ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ის ვითარების მძევალია.

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ ისეთი პერსონაჟი, როგორიც ოქუაშვილია, ახერხებს, თავისი გაიტანოს. ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, მან კი შანტაჟით თუ სხვა გზით მოახერხა და ხელისუფლებას კაპიტულაცია გამოაცხადებინა. ეს რისი სიმპტომია და რატომ არის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი?

ადრეც მითქვამს, რომ გარდამავალ ეტაპზე ყოველთვის მიდის ბრძოლა დომინირებისთვის, საკითხი ასე დგას: პოლიტიკა მუშაობს ფულზე თუ ფული პოლიტიკაზე. სააკაშვილის დროს მიშამ პოლიტიკაზე ამუშავა ფული, ბიზნესი პირდაპირ ვერტიკალში ჰყავდა ჩასმული" და პარსავდა, თან ისე, რომ ბიზნესი წინააღმდეგობას როგორ გაუბედავდა, დღეს კი პირიქით ხდება. მე სხვა ეპიზოდებიც ვიცი, მაგრამ რადგან ოქუაშვილის ამბავი ყველაზე ცხელია, ამ მაგალითზე ვიტყვი, რომ დღეს ინტერესთა ჯგუფს შეუძლია ხელისუფლება დააჩოქოს და ის გააკეთებინოს, რაც უნდა. ოქუაშვილი ხელისუფლებისგან დიდ დისტანციაზე იყო და როცა ის ამას ახერხებს, ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ სხვებზე, რომლებიც ბევრად ახლოს არიან ხელისუფლებასთან, ზოგიერთი მათგანი კი ინტეგრირებულიც კი არის სახელისუფლებო ვერტიკალში. რა უნდა ვიფიქროთ ასეთ ვითარებაზე, თუ არა ის, რომ ხელისუფლება დღეს არის ინტერესჯგუფების მძევალი. არა მგონია, ეს ბიძინა ივანიშვილს მოსწონდეს, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ამის შეცვლა აღარ შეუძლია.

ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლებას "აბაროტი" აუღო. ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყანაში ვითარებას თუ ხელისუფლებას აკონტროლებენ ინტერესთა ჯგუფები და თავის ჭკუაზე ატარებენ? -ეს არის კითხვები, რომლებზეც მოუწევს ხელისუფლებას პასუხის გაცემა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები იყოფენ ხელისუფლებას, დომინირებენ მასზე, ზოგი უფრო ახლოს არის, ზოგი შორს, მერე ერთმანეთში აწყობენ გარჩევებს, რაღაც ფონდებს აარსებენ და ა.შ.

მე საკმაოდ კარგი აზრის ვარ ბახტაძეზე, გახარიასა და კიდევ რამდენიმე მინისტრზე, მიმაჩნია, რომ მათ აქვთ რაღაც კარგის გაკეთების პოტენციალი, მაგრამ ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთონ, როდესაც რაღაცას გეგმავს მთავრობა, მაგრამ შესაძლებელია ვიღაც გაუგებარმა პირმა შეაჩერებინოს, ან პირიქით, რაღაცის გაკეთება აიძულოს და პრემიერ-მინისტრმა ვერაფერი ქნას.

ამ ვითარებაში, ფაქტობრივად, ინსტიტუციური სტაბილურობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი ამას ან ვერ ხედავს, ან ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია, ჩემი აზრით კი ეს არანორმალურია.

- საინტერესო იყო ფარცხალაძეზე, რომელიც თქვენ მიერ ნახსენები ინტერესთა ჯგუფების სიმბოლოდ იქცა, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები. პირველი ინტერვიუსას მან იკითხა, რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძეო? მეორე ინტერვიუში მისი პოზიცია ოდნავ შეიცვალა და განაცხადა, თუ ის ვერ დაასაბუთებს საკუთარ ქონებას, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოსო. - ჩემი აზრით, ივანიშვილის პოზიციის ეს მცირე ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, რაში დასჭირდა მას მეორე ინტერვიუს კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მიცემა? სწორედ იმიტომ, რომ პირველ ინტერვიუში რაღაცის თქმა ვერ მოასწრო, თან დაუშვა შეცდომები, რომელთა გამოსწორება მეორე ინტერვიუში სცადა, მათ შორის ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ღიმილის მომგვრელი იყო განცხადება, რომ თორდია-ფარცხალაძის თვეების წინ მომხდარ კონფლიქტს თურმე მსოფლიოს წამყვანი პროკურორები გამოიძიებენ. რა უცხოელი პროკურორები სჭირდება საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამოძიებას? ღვთის წყალობით, ორივე ცოცხალია და ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. ეს განცხადება იყო გამიზნული რაღაც გაუგებარი სანდოობისა და დამაჯერებლობის მისაღწევად, რაც ძალიან უხარისხოა. ივანიშვილის თქმით, თურმე თორდია მთვრალი იყო და მასაც არაფერი დაუკლია ფარცხალაძისთვის. აქ მთავარია არა ეს, არამედ ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც სწავლობდა ერთ-ერთი უწყების საქმიანობას, სადაც სწორედ ფარცხალაძის სახელი ამოტივტივდა, ამის გამო დაუწყეს საქმის გარჩევა. სწორედ ეს ვერსია მოვისმინეთ ჩვენ თორდიასგან. აი, ეს არის გამოსაძიებელი. ეს უმძიმესი ბრალდებაა, თუ მართლაც ასე იყო, გამოდის, ფარცხალაძე თავს დაესხა სახელმწიფოს ინსტიტუტის მთავარ პირს, ანუ თავს დაესხა სახელმწიფოს.

თუ ზაზა სარალიძის მიერ პოლიციელისთვის კეტის მოქნევა სახელმწიფოზე თავდასხმაა, უფრო მძიმე თავდასხმა მოუწყვია სახელმწიფოზე ფარცხალაძეს. მე არავის ვამართლებ, პოლიციელზე თავდასხმა დასჯადია და ეს სწორია, თუმცა ამ თემას სხვა ასპექტებიც აქვს -ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის შემდეგ, ფაქტობრივად, პერმანენტულ აფექტის მდგომარეობაშია. აფექტი თუ არის შემამსუბუქებელი გარემოება, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, როცა სასამართლო მის დასჯაზე იმსჯელებს.

- "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ჩანაწერებში იყო ეპიზოდები, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის ეხმარებოდა ოქუაშვილს ხელისუფლებასთან საქმის მოგვარებაში. ამავე ჩანაწერებში მოვისმინეთ ლაპარაკი რომელიღაც ფონდში ჩასარიცხ თანხებზეც... ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ილაპარაკა ჩხარტიშვილზე, რომლისთვისაც თურმე ერთ დროს ხელის ჩამორთმევაც არ უნდოდა, მაგრამ ახლა მის პატიოსნებასა და სიმართლეში სრულიად დარწმუნებულია. - პირადი მიზეზების გამო, თავს შევიკავებ ამ თემაზე ლაპარაკისგან, ერთადერთ რამეს ვიტყვი - აქაც ჩანს ინტერესჯგუფების დომინირება ხელისუფლებაზე. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დავალებებს იღებდნენ არაფორმალური ჯგუფებისგან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჩერდებოდეს არაფორმალური ცენტრებიდან. თუ ასე ხდება და ეს გაგრძელდა, გამოდის, ჩვენ სახელმწიფო არ გვქონია! ამ ინტერესჯგუფებს მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და რომ არ ელიან, ისე სწრაფად დასრულდება ყველაფერი. ისტორიული კანონზომიერება ამას ცხადყოფს, არავინ მემეტება იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს.

ხილეთ ასევე: "ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის"

ნათია დოლიძე