"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური? - კვირის პალიტრა

"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური?

"ქართველი საზოგადოება, აგერ უკვე ექვსი წელია, ამ ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია"

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით უკანასკნელად გაიმართა. მოგეხსენებათ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდგომ ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსაც აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები იყვნენ ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რაც არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდა. ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საარჩევნო პროცესი ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად შეაფასა, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ვვარაუდობდი, რომ მეორე ტურის ჩატარება დადგებოდა დღის წესრიგში, თუმცა ვეჭვობდი იმასაც, რომ "ქართული ოცნება" შეეცდებოდა ხმის დათვლის პროცესის გაკონტროლებას და ზურაბიშვილის პირველივე ტურში გაყვანას.

კარგია, რომ ასე არ მოხდა. თუ დააკვირდით, მათ ეგზიტპოლის შედეგებით თავი დაიზღვიეს, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებლად 52,3% გამოაცხადეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ცდომილება 2.6% იყო. "ქართული ოცნება" მეორე ტურზე თუ არ წავიდოდა, მაშინ გრძელვადიან კრიზისში მოუწევდა შესვლა. ეს შეიძლება ფატალური არ ყოფილიყო, მაგრამ იქნებოდა კომპრომატი, რომელიც მათ, ადრე თუ გვიან, გადაიყოლებდა. გია ხუხაშვილი რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ახალი არაფერი გვინახავს, "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ერთნაირად ცდილობდნენ შედეგის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდის გამოყენებას. იმაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რომ "ოცნებას" შეცდომების მთელი კასკადი ჰქონდა!.."

- "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც წინასწარი შედეგებით, მე-3 ადგილზე გავიდა, თავის ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი. როგორ ფიქრობთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მეორე ტური?

- ჩემი აზრით, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა მოიგოს. ამ წვრილ-წვრილი პარტიების ამომრჩევლის კონსოლიდაცია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ირგვლივ ძნელად წარმომიდგენია. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი - ლატენტური ოპოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს და არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ იმდენად არ უნდა "ნაციონალების" გამარჯვება, რომ მეორე ტურზე აუცილებლად წავა. ამიტომაც

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს აქვს უპირატესი შანსი, მაგრამ არა გადამწყვეტი...

#5 გრიგოლ ვაშაძე - 37.7%; #48 სალომე  ზურაბიშვილი - 38.66

- წინასაარჩევნო პროცესს რომ გადავხედოთ, როგორ შეიძლება შეფასდეს?

- სიმართლე ითქვას, დიდად არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან, ძირითადად, ნეგატივი გასდევდა ლაიტმოტივად, ისევ შუის გაკრეფა, ორპოლუსიანობის უზრუნველყოფა და მთავარი პოლიტიკური ძალების მიერ ერთმანეთის ერთმანეთით დაშინება, ჩანაწერები, შედეგად კი ვითარების ისე წარმოჩენა, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ამ სამყაროში სხვა არავინ და არაფერი არსებობს. ქართველი საზოგადოება, აგერ უკვე ექვსი წელია, ამ ორი პოლიტიკური ძალის შულერული თამაშის მსხვერპლია.

ეს საარჩევნო პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ სკანდალური რამ მოვისმინეთ ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ პოლიტიკაზე, მეტიც, უკვეთენ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სახიფათო რამ არის. ამაზე ხელისუფლების რეაგირება სრულიად არაადეკვატური იყო, რაც დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება უპირველესად ხელისუფლებას დაუჯდება ძალიან ძვირად.

ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმითაც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ამ არჩევნებს შეიძლება ვერც კი ვუწოდოთ არჩევნები, რადგან ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დისტანცირებული იყო საარჩევნო პროცესისგან. კონკრეტულ კანდიდატებს არც ჰქონდა მნიშვნელობა, მოხდა პარტიული რესურსების შეტაკება.

ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის. ამ ორ ძალას, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების გადანაწილებისთვის, დაკარგული აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა.

რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნატურალური რეიტინგი ერთნიშნა ციფრებით თუ გამოიხატება, მათი კომუნიკაცია ხალხთან, პრაქტიკულად, არ შემდგარა. თუ რამ შეხვედრები გაიმართა, ძირითადად, პარტიულ აქტივთან, წინასწარ შედგენილი სიებით, ავტობუსების მობილიზებით და ა.შ.

ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან. შესაბამისად, ის რეალითიშოუს დაემსგავსა, ძირითადად, ტელევიზორში უყურებდნენ მოქალაქეები, თუ როგორ ეძახდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს "რუსეთის აგენტებს", როგორ აყვედრიდნენ ერთმანეთს წარსულს და ა.შ.

მოკლედ, ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი", რომელიც უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. საარჩევნო პროცესში ცხადად გამოჩნდა, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, მას ვერ ექნებოდა საკმარისი სახალხო ლეგიტიმაცია, რადგან ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, თანაც აშკარა იყო ისიც, რომ გამარჯვებულის ბედს ამომრჩეველი კი არა, რესურსები წყვეტდა.

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" ნატურალური ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას", სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის ნეგატიური რეიტინგი კვლავაც მაღალია, ანუ კვლავაც ბევრი ამომრჩეველია მისდამი უარყოფითად განწყობილი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "ქართული ოცნება" თანდათან კარგავს მორალურ უპირატესობას. შემდეგი არჩევნებისთვის ამ უპირატესობის ნატამალიც აღარ დარჩება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მტრის ხატითა და სისხლიანი 9 წლით მანიპულირებამ "ქართული ოცნებისთვის" ჯერ კიდევ იმუშავა. მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც თავის ამპლუაში იყო, არჩევნების წინ იწყებს ხოლმე "ქართული ოცნების" შტაბის უფროსად მუშაობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ივანიშვილს ხელს უწყობს მისი დაბრუნების საშიშროების გამძაფრებაში. თუმცა მომეჩვენა, რომ ამ არჩევნებში სააკაშვილი ნაკლებად ეგოცენტრიკული იყო, ძალიან ოდიოზური არ ყოფილა. ის დაეხმარა ივანიშვილს, ტრადიციულად, შუის გაკრეფაში. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის"