"სააკაშვილს რევანში სწყურია" - რას წერს მსოფლიო მედია ქართულ არჩევნებზე - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს რევანში სწყურია" - რას წერს მსოფლიო მედია ქართულ არჩევნებზე

საქართველოს ისტორიაში, პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნების" კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

ცესკო-ს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის კენჭისყრაში, 3 504 082 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, მონაწილეობა სულ 1 637 956-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში, კერძოდ ქედაში დაფიქსირდა - 64.74%, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულში - 36.47%. შედარებისთვის, წინა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ - 46.6% შეადგინა.

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შესახებ მასალები გამოქვეყნდა უცხოეთის სხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებში. ქართული არჩევნების თაობაზე ინფორმაციებს ოპერატიულად ავრცელებდნენ ამერიკული სააგენტო "ესოშიეითედ პრესი", ბრიტანული როიტერი" და "ბი-ბი-სი", ფრანგული "ფრანს-პრესი", გერმანული "დოიჩე ველე" და სხვები. მასალებში ძირითადად ფაქტობრივი მდგომარეობაა გადმოცემული, თუმცა არის ერთგვარი შეფასებებიც - მაგალითად, "ფრანს-პრესის" სტატიაში, სათაურით: საქართველოს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში კრიტიკული გამოცდის წინაშე დადგა", სტატიაში მოკლედ მიმოხილულია საარჩევნო პროცესი, ასევე მე-2 ტურში გასული პოლიტიკოსების ბიოგრაფია. წყარო გერმანული "დოიჩე ველე" კი წერს, "საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში: საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციაა. სტატიაში ლაპარაკია საქართველოში პრეზიდენტის უფლებებზე, ასევე ლიდერ კანდიდატებზე და იმაზე, რომ საქართველოში კანდიდატების წარმოებულ საარჩევნო კამანიას ყველაზე ბინძურად მიიჩნევენ. გამოცემასთან ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ კომპრომატები, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდა, მომდინარეობდა არა უშუალოდ კანდიდატებისგან, არამედ მათი მხარდამჭერი პარტიებიდან. წყარო

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა წარუმატებლობის მიზეზი თავისივე განცხადებებში უნდა ეძებოს. გამოცემა ჰაქინ.აზ"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ წაართვა" აღნიშნულია, რომ მან ძალზე გაუფრთხილებლად იმოქმედა, როცა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას ანტითურქული განცხადებები გააკეთა. ჰოდა, ამიტომაც ქართველმა აზერბაიჯანელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამით გაპრეზიდენტების შანსი გრიგოლ ვაშაძეს მისცეს".

რუსული გამოცემა «Российская газета» აქვეყნებს სტატიას სათაურით:  "მიხეილ სააკაშვილს რევანში სწყურია", რომელშიც ვკითხულობთ:

"ნიდერლანდებში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ფსონი დადო: ფინანსებით უზრუნველყო და მედიარესურსები აამოქმედა. რატომ? იმიტომ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილისთვის ამნისტია გამოაცხადოს - ექს-პრეზიდენტს ხომ სამშობლოში 12-წლიანი საპყრობილე ემუქრება, ან უფრო მეტი - სამუდამო ციხე მძიმე დანაშაულებების ჩადენის გამო, მათ შორის თავისი დამრიგებლის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისათვის. მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეებში მის კონტროლქვეშ მყოფი მასმედიით, განსაკუთრებით კი ტელეარხ რუსთავი-2"-ის მეშვეობით, მოსახლეობას პერმანენტულად უნერგავდა აზრს, რომ იგი სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებოდა, რომ "გრიგოლ ვაშაძე უკვე მოგებულია", რომ იგი სანდრასთან ერთად ქორწინების წლისთავს სამშობლოში აღნიშნავდა". წყარო

კიდევ ერთი რუსული გამოცემა «Известия» კი წერს, რომ არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ "დამოუკიდებელ" კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება საკმაოდ გაუჭირდება.

იხილეთ ასევე: "ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური?

მოამზადა სიმონ კილაძემ