"ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია" - კვირის პალიტრა

"ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია"

"სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა"

ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმაკახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პირველ რიგში, მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩეველს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მივიდა არჩევნებზე. ასევე, მადლობა დამკვირვებლებს, უცხოელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამართალდამცავებს, საარჩევნო ადმინისტრაციას და მედიას.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, რომელსაც ოპოზიციის უპრეცენდენტოდ ნეგატიური კამპანიის მიუხედავად, ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადჰყო.

ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას არჩევნებისადმი ნდობა და არჩევანის თავისუფლება დაუბრუნა. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება, საქართველოში ჩვენ მიერ დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს და ამას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თითოეული მოქალაქე ნათლად ხედავს. სწორედ "ქართული ოცნება" არის და იქნება გარანტი, რომ საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება!

რაც მთავარია, ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად ყველას გვქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია, შესაცვლელია სწრაფად, ეფექტურად და თითოეული მოქალაქის ინტერესის გათვალისწინებით...

სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი "გამოფხიზლება", ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია. გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: "ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ოცნებას“ სარალიძის ტკივილისთვის, კანაფის პოპულარიზაციისთვის, კობახიძის თავხედობისთვის"

იხილეთ ვიდეო