"ასეთი "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"ასეთი "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა"

ასეთი "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი სჭირდება.

"ცნობილი გამონათქვამი "რაც მოგივა, დავითაო...", ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური ახლა ჩვენი გუნდისთვის არის. თუ ამას გავაცნობიერებთ, არაფერი დაკარგული არ არის, ყველაფერი თავის ადგილზე შეიძლება დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი შურისძიება "ქართული ოცნების" მიმართ იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მისივე ამომრჩევლები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება განიცადეს. ჩემი აზრით, ეს შედეგი განაპირობა მათი აქტივობის ნაკლებობამ და არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების რაღაც მნიშვნელოვანმა მატებამ. ეს არის ძირითადი მიზეზი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე ვფიქრობ, რომ "შემოლაწუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარია, რომ ახლა დავსხდეთ და მომხდარის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენს გუნდში ეს პროცესი დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაც ამ პროცესის დაწყებას უკავშირდება. ის რაც მოხდა, ჩემთვის პოზიტივია. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მაქსიმალურ ადეკვატურობას. მეორე ტურამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გულახდილათ ავხსნათ ყველა იმ წარუმატებელი ნაბიჯის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები", - განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ნაბიჯებს მიიჩნევს ის წარუმატებლად, კაკულიამ განაცხადა, რომ მთავარი ადეკვატურობა იყო.

"ადეკვატურობა არ ნიშნავს მაქსიმალურ თანხვედრას საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან და მასთან დაახლოვებას. თუ შენ ილუზიაში ჩავარდი და ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ეს მოსდიოდა 90-იანი წლებიდან. რაღაც მომენტში გაგვეპარა ადეკვატურობის აღქმა და საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვუხსნიდით ობიექტურ მიზეზებს... შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო ვიღაცები დაერწმუნებინა, რომ ამ შემთხვევებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო, რასაც მე არ ვეთანხმები. კორუფციაც შემოვიდა სადღაც, ადამიანის უფლებებიც დაირღვა, შეცდომებიც დაიშვა, ეკონომიკაშიც ვერ მივიტანეთ ის, რასაც დავპირდით საზოგადოებას და ვერ ავუხსენით, თუ რატომ ვერ შევძელით ეს. ოპოზიციამ შეძლო ფაქტების ტენდენციად წარმოჩენა. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამ არის, რასაც ერთმანეთისგან მხოლოდ ძალიან დაკვირვებული ამომრჩეველი განასხვავებს", - აღნიშნა რომან კაკულიამ.

იხილეთ ასევე: "ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი" - რა შედეგით დასრულდება მე-2 ტური?