"ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა "ქართული ოცნება", როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული" - კვირის პალიტრა

"ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა "ქართული ოცნება", როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული"

ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა "ქართული ოცნება" როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა დაინახა, რომ "ქართულ ოცნებას" სასიკეთო ცვლილებების რესურსი არ აქვს.

"ხალხმა დიანახა, რომ რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, ქვეყნის მართვას სხვა რამ სჭირდება. ხალხმა დაინახა, რომ "ქართულ ოცნებას" მომავალში სასიკეთო ცვლილებების არავითარი რესურსი არ აქვს. გადავხედოთ ვინ ჰყავთ მინისტრები, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ. ისევე ჩამოჭკნა და ჩამოხმა "ქართული ოცნება" როგორც გოგა ხინდრავას მიერ ნაჩუქარი გამარჯვების აღმნიშვნელი თაიგული, რომლის წყალში ჩადებაც კი დაავიწყდათ, ვინაიდან შამპანურების გახსნაში იყვნენ. როგორც თაიგული ჩამოჭკნება ისე ჩამოჭკნა და ჩამოხმა "ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" დაღუპა იმან, რომ დამნაშავეებისა და კორუმპირებულების მფარველად იქცა.

"ხომ იცით ქართული ანდაზა რომ არის: "რამ დამღუპა და ჩემმა ენამო", ეს ანდაზა საარჩევნო კონტექსტში ასე ჟღერს - რამ დაღუპა და ჭარბმა ნდობამო. რომ იძახდა ჭარბი ნდობა მაქვსო, და ცაში და ილუზიებში რომ დაფრინავდა, ყველა დამნაშავეს რომ ხელი დააფარა და კორუმპირებულების ერთგულ მფარველად მოგვევლინა, სწორედ ამან დაღუპა "ქართული ოცნება", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღეს არის ხალხის ტოტალური გამოფხიზლება.

"ხალხის ტოტალური გამოფხიზლებაა და ამ გამოფხიზლების შედეგი არის ის, რასაც გრძნობს საკუთარ თავზე - ცარიელი მაცივრები, სიღარიბისა და ძალადობის ზრდა, კორუფციის ზრდა და ქვეყანაში კლანური მმართველობის ჩამოყალიბება. ხალხმა უარი უთხრა მას. ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი და შემდეგ, ეს გაფორმდება მეორე ტურში და უკვე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, გოცირიძის შეფასებით, ძალთა ბალანსი არის აშკარად ოპოზიციის სასარგებლოდ და ეს ისეთი უპირატესობაა, რომლის გაყალბების მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდება მმართველ გუნდს.

"შედეგი არის ასეთი - 60% აიღო ოპოზიციამ, რომელიც ერთი კვირს წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ "ფაშისტებად" მოიხსენია არასამთავრობო სექტორთან ერთად და 40%-ზე ნაკლები აიღო სახელისუფლებო კანდიდატმა. ამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა არის დაშინებით, მოსყიდვითა და სხვადასხვა მანიპულაციებით მიღწეული. ძალთა ბალანსი არის აშკარად ოპოზიციის სასარგებლოდ და ეს ისეთი უპირატესობაა, რომლის გაყალბების მცდელობა ძალიან ძვირად დაუჯდება მმართველ გუნდს", - განაცხადა გოცირიძემ.