"მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა" - კვირის პალიტრა

"მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა"

მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ქართული საზოგადოებისგან მიიღო მკაფიო გზავნილი მათ შეცდომებზე.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია.

შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით.

ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.