"5 წლის განმავლობაში, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას "ქართულ ოცნებას“, რაც გასაკეთებელი იყო" - კვირის პალიტრა

"5 წლის განმავლობაში, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას "ქართულ ოცნებას“, რაც გასაკეთებელი იყო"

5 წლის განმავლობაში, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას "ქართულ ოცნებას“, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 5 წლის განმავლობაში ღიად საუბრობდა შეცდომებზე და ამის გამო მხოლოდ კრიტიკა ესმოდა.

"ჩემი შეხედულებით თუ რა არის პოლიტიკურად სწორი და მცდარი ნაბიჯი, ამის თაობაზე 5 წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია "ქართულ ოცნებას“ და მერე უკვე პარტია "ქართულ ოცნებას". მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე. ახლა თვითონ შეძლონ, წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა საზოგადოებამ. 5 წელი ამას ვაკეთებდი, ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც შეცდომები იყო. თუმცა, 5 წლის განმავლობაში, მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ ის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია. "ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არის რეალური წარსული. 2013 წელს, "ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იმის ნახევარი ფინანსური რესურსით, რაც დღეს დახარჯა "ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, ხოლო არც ერთი რაიონული გამგეობა, რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია - 62%. ეს არის ფაქტობრივი პასუხი კითხვაზე - რა იქნებოდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"