ალან კასაევი: "ასეთი მიდგომა ნაღმზე ჯდომის ტოლფასია" - კვირის პალიტრა

ალან კასაევი: "ასეთი მიდგომა ნაღმზე ჯდომის ტოლფასია"

გასულ კვირას რუსი ჟურნალისტების - მაქსიმ შევჩენკოს, ვლადიმირ მამონტოვისა და ალან კასაევის საქართველოში ჩამოსვლის მცდელობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სტუმრობა მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა კრემლის ფავორიტებად მოაზრებული ჟურნალისტების ვლადიმირ მამონტოვისა და მაქსიმ შევჩენკოს პასპორტებში აფხაზური შტამპების კვალი აღმოაჩინეს და ისინი უკან გააბრუნეს.

"შემიძლია ჩემს ტელეფონზე ამ ადამიანების ეს-ემ-ესებიც გაჩვენოთ"

ზემოთ ხსენებულ რეგიონებში საქართველოს  ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესვლა  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევად ითვლება. შეგახსენებთ, რომ მაქსიმ შევჩენკო გახლავთ რფ-ის რელიგიურ-პოლიტიკური, სტრატეგიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, რუსეთის პირველ არხზე მიჰყავს გადაცემა "სუდიტე სამი". ხშირად მონაწილეობს გადაცემაში "ასობოე მნენიე", რუს ლიბერალებში შევჩენკოს რადიკალი ფუნდამენტალისტის იმიჯი აქვს. მამონტოვი გაზეთ "იზვესტიის" მთავარი რედაქტორია, ოსი ეროვნების ალან კასაევი კი - საინფორმაციო სააგენტო "რია-ნოვოსტის" ხელმძღვანელი. რუსი ჟურნალისტებისთვის ქართულ-რუსულ, შერეულ საზოგადოებრივ კომისიას უნდა ემასპინძლა, რომლის თავმჯდომარეც მალხაზ გულაშვილია. ამ შესაძლო სტუმრობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  საქართველოს ტელევიზიებმა რუსული სპეცსამსახურების გეგმად მიიჩნიეს "არაკეთილმოსურნე" მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტი და აღნიშნეს, რომ ამ კომისიის უკან სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები, საქართველოს პრეზიდენტობის მსურველი ალექსანდრე ებრალიძე და მისი მარჯვენა ხელი ალექსეი იაცკოვი მოიაზრებოდნენ. ასევე, რუსი ჟურნალისტების მოსალოდნელ ჩამოსვლამდე ვრცელდებოდა ჭორი, თითქოს სააკაშვილსა და ებრალიძეს შორისაც შედგა დიალოგი. იმალება თუ არა ამ ჭორში სიმართლის მარცვალი, ამის გარკვევაც ვცადეთ. ალექსანდრე ებრალიძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვთხოვა, რომ მისთვის შეკითხვები წერილობით გადაგვეგზავნა. მოგვიანებით კი, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე ითხოვა.

მალხაზ გულაშვილი, "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი: - მაქსიმ შევჩენკო, ვლადიმირ მამონტოვი და ალან კასაევი ძალზე გავლენიანი ჟურნალისტები არიან. ჩვენი პირველი ვიზიტი გასული წლის 19 დეკემბერს შედგა. მაშინ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის  საკითხები დავაყენეთ, რასაც კონკრეტული შედეგი მოჰყვა. ასევე გვსურს მივაღწიოთ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას. აფხაზებსა და ოსებთან დიალოგში რუსულმა  პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა ხელი უნდა შეგვიწყონ. აი, ეს მისწრაფებები გვამოძრავებს. თანაც, ვერ გავიგე, რისთვის ატყდა ჭიქაში ქარიშხალი და ქვეყნის დამანგრევლად რისთვის გამომაცხადეს მაშინ, როცა რუსი ჟურნალისტების ვიზიტი შეთანხმებული იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ჩვენ გვქონდა ამ შეხვედრებზე დავით ბაქრაძის, რუსუდან კერვალიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა თანხმობა.

- დაუჯერებელია...

- შემიძლია ჩემს ტელეფონზე ამ ადამიანების ეს-ემ-ესებიც გაჩვენოთ (მალხაზ გულაშვილი მობილურ ტელეფონს იღებს და ეს-ემ-ესებს გვაჩვენებს. - ე. ა.). აი, ნახეთ:G "მე 5 და 6 სექტემბერს  ბათუმში უნდა ვიყო. გასვლითი ბიუროა და უმრავლესობა გვაქვს. მაჭავარიანიც და რუსუდანიც იქ იქნებიან. ერთადერთი შანსია, 3 სექტემბერს... ოღონდ შეიძლება იმ დღეს წავიდე აჭარაში და ჯერ ვერ შეგპირდებით. ალბათ 3 სექტემბერს გამოვა, დათო ბაქრაძე". როგორც ხედავთ, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრაზე თანახმა იყო. მისი გამოგზავნილი ბოლო ეს-ემ-ესიც ნახეთ, სადაც წერია: "მალხაზ, გამარჯობა. სამწუხაროდ, ჩემი გეგმები მთლიანად შემეცვალა და შენს სტუმრებს  ვეღარ შევხვდები. ბოდიში, მაჭავარიანიც არ იქნება საქართველოში, რუსუდანს ვეტყვი და  ის ნამდვილად შეგხვდებათ. გიგის ვუთხარი უკვე. დათო ბაქრაძე". აქ ის გიგი უგულავას გულისხმობს. შეგიძლიათ ჩემს მობილურ ტელეფონში ნახოთ პეტრე ცისკარიშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის მსგავსი შინაარსის ეს-ემ-ესებიც. მაგალითად, ასეთი: "გაუმარჯოს. მე 7-მდე თბილისში არ ვიქნები, თუ ამის შემდეგ იქნება სტუმრების ვიზიტი, მაშინ მათ ბაქრაძესთან შევხვდები. პეტრე ცისკარიშვილი". ამის შემდეგ რატომ ატეხეს ასეთი აჟიოტაჟი და რისთვის ჩაშალეს დაგეგმილი შეხვედრები, ვეღარ გავიგე.

ხელისუფლების წარმომადგენელთაგან რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრა მართლაც შედგა. რუსუდან კერვალიშვილის აზრით, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია და რომ ამის გარეშე საქართველომ შეიძლება უფრო მეტი წააგოს, ვიდრე მოიგებს.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი რატომ ხედავს ჩვენს ამოცანებსა და მიზნებში  მაინცდამაინც რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს? ეს ავადმყოფური მოსაზრების შედეგია და  ცოტა ხანში დავასახელებ იმ პერსონას, ვინც დაიწყო ამგვარი აზრების გენერაცია  საქართველოში. ვინ არის მე-5 კოლონა, ამას სულ მალე დაინახავთ. საქართველომ დაინახა, რომ პატრიარქი ელოდებოდა სტუმრებს და ისინი ქვეყნიდან გააძევეს. ეს არის უბრალოდ ქართული ტრადიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

- მაგრამ ის ჟურნალისტები მხარს უჭერდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას...

- ეს არის ტყუილი... ვინც ამას მხარს უჭერდა, ბოლო დროს მათაც  შეცვალეს პოზიცია.

- ე. ი. მაქსიმ შევჩენკოს ახლა განსხვავებული აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ბოლო პერიოდში მაქსიმ შევჩენკოს არ უთქვამს, რომ  რუსეთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება. შემიძლია გითხრათ, რომ მასზე გავლენა ჩვენმა მუშაობამაც იქონია.  ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონფიგურაცია კავკასიაში და ჩვენი ამოცანა  იმაში მდგომარეობს, რომ ამ კომუნიკაციას საქართველო-რუსეთს  შორის ხელი შევუწყოთ. არველაძეს რა მოუვა თავში და ვინ არის ბნელი ძალა, ამას ძალიან მალე დავანახვებთ საზოგადოებას. თვითონვეა პოლიტიკური გვამი, იგი დაჭერილიც ჰყავდათ, ახლა გამოუშვეს და ამგვარი ხერხებით უნდა თავისი დანაშაული გამოისყიდოს.

- თქვენ ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ აპირებთ სარჩელის შეტანას, თუმცა "რუსთავი 2"-მაც თითქმის ანალოგიური სიუჟეტი გაუშვა.

- შესაძლოა სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგაც შევიტანო. მე მათ პატივი და ღირსება შემილახეს.

- თქვენთვის პირდაპირ არავის უთქვამს, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ხართო...

- პირდაპირ ასე არ იყო ნათქვამი, თუმცა ასეთი ფრაზაც მოვისმინე, - მალხაზ გულაშვილი სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობსო...

- ალექსნადრე იაცკოვის ქართულ-რუსულ, შერეულ საზოგადოებრივ კომისიასთან რა აკავშირებს?

-  მას არავითარი კავშირი კომისიასთან არა აქვს. იაცკოვს პირადად ვიცნობ, ერთ-ერთი რელიგიური ჟურნალის რედაქტორია. მან ადრე გამიზიარა, რომ უნდოდა გადაგვეღო ფილმი "ანდრია პირველწოდებულის გზა". ანდრია პირველწოდებული იერუსალიმიდან საქართველოში შემოვიდა, აფხაზეთის გავლით რუსეთსა და უკრაინაში შევიდა... იდეა მომეწონა, თუმცა შემდეგ უსახსრობის გამო  პროექტი ვერ განხორციელდა. ლამის გავგიჟდი, ახლახან  ნაციონალურ არხებზე სიუჟეტი რომ გავიდა,  თითქოს იაცკოვი რუსული მხრიდან ჩვენი კომისიის თანათავმჯდომარე იყო და თავის დროზე აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობას კურირებდა...  ღამის სამ საათზე დავურეკე იაცკოვს, რომელმაც აფხაზეთთან რაიმე კავშირი უარყო. მან ამას სრული ბოდვა უწოდა.

- იაცკოვი მართლაც არის ებრალიძის მარჯვენა ხელი?

- არავითარი კავშირი ებრალიძესთან არა აქვს!

- დაბოლოს, ვისი დაფინანსებით ახორციელებდა თქვენი კომისია აღნიშნულ ღონისძიებას?

- სტუმრებს ქართველი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ეპატიჟება, დარბაზის დაქირავებისთვის კი "ჯორჯიან თაიმსმა" საკუთარი ხარჯი გაიღო. დაახლოებით 700 დოლარზეა ლაპარაკი...

რამდენად შეიცვალა  რუსი ჟურნალისტების განწყობა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად  მაქსიმ შევჩენკოსაც დავუკავშირდით, რომელიც  პუტინის ფავორიტად მოიაზრებოდა და საქართველოსადმი გამოთქმული მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდა.

მაქსიმ შევჩენკო: -   მართლა არ ვიცი, რისთვის არ შემომიშვეს საქართველოში. თუმცა ვხვდები... ვიცი საქართველოს ხელისუფლების განწყობა. ჩანს,  მე დამადანაშაულეს იმის გამო, რომ აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთში ისევე ვიყავი,  როგორც ათასობით ჟურნალისტი. მე ვარ სამშვიდობო მოლაპარაკებების კოორდინატორი კავკასიის რეგიონში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბაქოსა და ერევანს შორის, მსურდა მსგავსი დიალოგი თბილისს, სოხუმს, ცხინვალსა და მოსკოვს შორის შემდგარიყო. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა საზოგადოებრივ წარმომადგენელთა შორის დიალოგი. არასოდეს ვყოფილვარ თბილისში, ვოცნებობდი  თქვენთან ჩამოსვლაზე, მაგრამ... არ შემომიშვეს.

- მესაზღვრეებმა თქვენს პასპორტში აფხაზური შტამპის კვალი აღმოაჩინეს, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა...

- აფხაზური შტამპები ჩვენს პასპორტებში არც ყოფილა და ვერც იქნებოდა! ჩვენ არ გვირტყამენ შტამპებს  პასპორტში, როცა აფხაზეთში გადასვლა გვინდა. შტამპი შესაძლოა დასჭირდეთ აზერბაიჯანელებს, სომხებს და კიდევ სხვებს. ამიტომ ამაზე ლაპარაკი მე უფრო ბოდვა მგონია...

- რას ფიქრობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით. ნუთუ ამას დადებითად აფასებთ და ფიქრობთ, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს?

- თუ სიმართლე გინდათ, რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ არ განმეორდეს ომი და სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენა ისევ  იარაღის  გამოყენებით არ სცადოს. 10 წლის  წინ აფხაზეთი  და სამხრეთ ოსეთი გაცილებით ახლოს იყო  საქართველოსთან, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. მთელი მისი ნაბიჯები ავანტიურისტულ პოლიტიკას ემსახურებოდა. ვთვლი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა რუსეთის ჯარი იმიტომ, რომ ომი აღარ შეიძლებოდა... ახლა მოვიდა დიალოგის დრო.

- ებრალიძესთან მართლაც ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ?

- ებრალიძეს სოჭის კონფერენციაზე შევხვდი, რომელიც ძასოხოვის ორგანიზებით ჩატარდა. იქ საქართველოდან ასობით საზოგადო მოღვაწე იყო ჩამოსული. მე ამ კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი. ებრალიძეს მხოლოდ ხელი ჩამოვართვი. მასზე არც კარგი გამიგია რაიმე და არც ცუდი, უბრალოდ იმიტომ, რომ არ დავინტერესებულვარ.

მოგვიანებით, "კვირის პალიტრას" ალან კასაევი ქართველ კოლეგებთან ერთად ეწვია:

გიორგი თევდორაშვილი, გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი:  - როგორ ფიქრობთ, რა საერთო შეხების წერტილი შეიძლება მოიძებნოს ქართველ და რუს ჟურნალისტებს შორის?

ალან კასაევი: - სხვადასხვა განწყობისა და შეხედულების მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდი, რომელთაც აერთიანებთ ერთი მთავარი ინტერესი, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

საქართველოში თუ ყველა ინტერესდება ტერიტორიული მთლიანობის  პრობლემის გადაწყვეტით, რუსეთში ეს თემა მხოლოდ 20 პროცენტს აღელვებს. ჩვენ გვინდა, რუს საზოგადოებას თქვენი მოსაზრებები გავაცნოთ... ჩვენი დიალოგის შედეგი ალბათ იქნება ის, რომ  პირველ რიგში შესრულდეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების პირობები.

გ.თ: - ჩვენი საუბრის გაგრძელებისთვის აუცილებლად მიმაჩნია დაგისვათ ერთი კითხვა, - თქვენი აზრი მაინტერესებს, წინა პირობებს რომ თავი დავანებოთ - ამ გადმოსახედიდან როგორ თვლით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო თუ არა შეცდომა?

- ეს იყო ცაიტნოტში მიღებული გადაწყვეტილება...

გ.თ. - კი მაგრამ "ცაიტნოტშიც" შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღება ან შეცდომის დაშვება, რაც საბოლოოდ პარტიას წაგაგებინებს...

- მე არ მაშინებს ის, რომ  რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობდნენ.  მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხს მაინც დრო გასცემს. ჩემი მხრივ კი შემიძლია გითხრათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან ერთი წელი გავიდა და რაიმე პოზიტიურ შედეგზე ლაპარაკი ძნელია. სხვა საკითხი იქნებოდა, თუ მივაღწევდით მათ აღიარებას საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ. ასეთი  დამოკიდებულება  - სულაც არ  გვენაღვლება, აღიარებს თუ არა აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიო, - ნაღმზე ჯდომის ტოლფასია. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე.