"მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ" - კვირის პალიტრა

"მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ"

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ, მაგრამ ასე არ გამოდის, - ამის შესახებ ფონდ "იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომ გონზე მოიყვანა ჩვენი მთავრობა. მე ვამაყობ ჩემი ხალხით, ვისთვისაც მთავარი ღირსებაა და არაფერი სხვა. მე ასევე, ძალიან მახარებს მთავრობის წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ გააცნობიერეს ხალხის გზავნილი და მზად არიან, აღიარონ და გამოასწორონ თავიანთი შეცდომები.

მინდა ვუთხრა მათ, თუ რა არის მთავარი პრობლემა და იგივეს იტყვის ქუჩაში რომ გააჩეროთ ნებისმიერი მოქალაქე. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ, მაგრამ ასე არ გამოდის. თავისუფალი ხალხი არ შეიძლება მართოს მონამ, ეს შეუძლებელია", - აღნიშნა მან.

ამასთან, პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პროკურატურას მოუწოდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე დახუროს. „კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, გამოდით, მოიხადეთ ბოდიში და დახურეთ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული სამარცხვინო საქმე. უთხარით მთელ საქართველოს სიმართლე, რომ ამ ფონდში მეორე წელია ეძებთ დანაშაულს და მხოლოდ კეთილ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს პოულობთ.

ძალიან რთულია ფონდის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს შეცდომა დავარქვათ, მაგრამ გამოდით და აღიარეთ დროულად, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე. არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს სჯეროდეს ამ ცილისწამების, მაგრამ უკვე მეორე წელია ხდება ფონდის და ჩემი დისკრედიტაცია და არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს ივანიშვილს რომ არ აწყენინონ, ეს არ არის მონობა?!“, - აღნიშნა მან.

პაატა ბურჭულაძე დღეს ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობა დაიწყო ფონდ "იავნანათი" და დღეს უკვე ახალქალაქის ფაქტამდე მივიდა. “სანამ დროა გონს მოეგეთ, ნუ დარჩებით მონებად, მიიღეთ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. გაემიჯნეთ ბიძინა ივანიშვილს, გამოდით და უთხარით სიმართლე ქართველ ხალხს”, - განაცხადა მან.