"არჩევნები მეზობელ საქართველოში - ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეა, "სამხრეთ ოსეთთან" ამას არანაირი კავშირი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"არჩევნები მეზობელ საქართველოში - ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეა, "სამხრეთ ოსეთთან" ამას არანაირი კავშირი არ აქვს"

საქართველოში პრეზიდენტების ცვლით საგარეო პოლიტიკაში საკვანძო მიმართულებები არ იცვლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

"არჩევნები მეზობელ საქართველოში - ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეა, სამხრეთ ოსეთთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა, ჩვენთან ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანიას, ვინაიდან იქ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო დებატებმა დაადასტურა, რომ ანტირუსული და ანტიოსური პროპაგანდა და რუსული ოკუპაციის თემა ამომრჩეველებს შორის პოპულარულია და მას ყველა კანდიდატი იყენებს.

"ამიტომ, საუბრები რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს კურსის შეცვლის შესახებ უბრალოდ ფიქციაა და დეკლარაციულ ხასიათს ატარებს“, - აღნიშნა მედოევმა.

"ინტერპრესნიუსი"