"სააკაშვილის ნებისმიერი ფორმატით გამოჩენა, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, ეს იქნება ანგარიშსწორება, სისხლისღვრა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ნებისმიერი ფორმატით გამოჩენა, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, ეს იქნება ანგარიშსწორება, სისხლისღვრა"

კახა კახიშვილი ყველანაირად კარგი პიროვნებაა ნამდვილად, მაგრამ ის რომ დაეყენებინათ პრეზიდენტობის კანდიდატად, „ნაციონალები“ იმას არ მოუძებნიდნენ კომპრომატებს?!, - ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ყოფილი გუბერნატორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის პირობებში მან ქვეყანაში სამართლიანობა ვერ იპოვა, საზოგადოებამ მხარი მაინც სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭიროს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გამოვა და მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს. დიდი შეცდომა დაუშვეს „ქართულ ოცნებაში“, რომ ამბობენ სხვა უნდა დაგვეყენებინაო. რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებდნენ. კახა კახიშვილი ყველანაირად კარგი პიროვნებაა ნამდვილად, მაგრამ კახიშვილი რომ დაეყენებინათ რა „ნაციონალები“ იმას არ მოუძებნიდნენ კომპრომატებს? ათას რამეს დააბრალებდნენ. ეს მათი სტილია.

საზოგადოებას მინდა მივმართო: დავანებოთ ძიძგილაობას თავი, ჩვენი მთავარი ამოცანაა მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს. სალომე ზურაბიშვილი არავის ყურმოჭრილი მონა და არავის დასმული არ იქნება. ერთხელ დასმული პრეზიდენტი მივიღეთ, რომელიც არაფრისმაქნისი იყო და ახლა მაინც გვინდა პრეზიდენტი, რომელიც იქნება პრინციპული და არ იქნება პარტიული“, - განაცხადა ლევან მამალაძემ.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გადაცემაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა, მას ფსიქიატრიული შემოწმება მოსთხოვოს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო იმის გამო დაანგრია, რათა შემოწმება არ გაევლო.

„ჩვენ წყენა გვაქვს მმართველ გუნდზე, მართლაც არ აღდგა სამართლიანობა და უფრო თავმოწონების რეჟი იყო, ვიდრე იმის დანახება, თუ რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მეორე რა გვაქვს? მეორე ისევ მიშა და მისი ეს შემადგენლობა, ისევ მიშას ჩამოყვანა, ისევ დაძაბულობა და რევანში. რებრენდირებულ და სახეშეცვლილ სააკაშვილს ვერავინ დაინახავს. მისი ნებისმიერი ფორმატით გამოჩენა, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, ეს იქნება ანგარიშსწორება, სისხლისღვრა. არ დაიჯეროთ ამის შესახებ. ეს ადამიანი ავადმყოფია. მე მაგინეთ, მაგრამ მაგას მოსთხოვეთ ფსიქიატრიული შემოწმება. როდის ვეუბნებოდი: წამო მიშა, ერთად გავიაროთ შემოწმება საგიჟეთში - მეთქი და მაგის გამო ასათიანზე საგიჟეთი დაანგრია“, - განაცხადა ლევან მამალაძემ.