"შეხვედრაზე ივანიშვილს კრიტიკული პოზიცია ჰქონდა" - "ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"შეხვედრაზე ივანიშვილს კრიტიკული პოზიცია ჰქონდა" - "ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დეტალები

"კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიმართ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ასეთი რამ, როგორც ხელმძღვანელი, მე ვიღებ ამ კრიტიკას საკუთარ თავზეცო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა "ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

წიკლაურის თქმით, დღეს, ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული და იმედიანი პოზიცია ჰქონდა.

"არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ბევრი რამე ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არის გარკვეული რეზერვი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რომ აღნიშნული პრობლემები მეტ-ნაკლებად გადავჭრათ ან შევარბილოთ. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება სტრატეგია. გუნდს უნდა ემუშავა ერთობლივად, ყველაფერი გაეკეთებინა, რომ აღნიშნული პრობლემები მოეგვარებინა. შესაბამისი ჩართულობა არ იყო და ზოგიერთი შეიძლება ვერც აკეთებდა საქმეს, როგორც უნდა გაეკეთებინა",- განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება.

"ბატონი ბიძინას ავტორიტეტი განუზომელია და ალბათ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება ამ არჩევნებში. ფორმალურად რა თანამდებობას დაიკავებს არ ვიცი. დღეს კრიტიკული და იმედიანი პოზიცია ჰქონდა. კრიტიკა იყო მთლიანად გუნდის მუშაობის მიმართ, მათ შორის მან აღნიშნა ასეთი რამ, როგორც ხელმძღვანელი, მე ვიღებ ამ კრიტიკას საკუთარ თავზეცო",- აღნიშნა წიკლაურმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო კამპანიას შტაბი ხელმძღვანელობს, თუმცა მასში აქტიურადაა ჩართული ბიძინა ივანიშვილიც.

"კამპანიას ხელმძღვანელობს შტაბი. პარტიის თავმჯდომარე არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. მას აქვს მუდმივი კონსულტაციები. დღესაც ისმენდა ჩვენს განწყობებს, ხედვას, ანალიზს და ა.შ. ერთად ვაანალიზებთ რაც არის ახლა საჭირო. ასე რომ, თავად ბიძინა ივანიშვილიც იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ამ საკოორდინაციო მუშაობის დროს. შტაბები იმუშავებს ყველგან, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე. გავაძლიერებთ ყველა ჩვენს შესაძლებლობას",- განაცხადა ბესელიამ.

გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: "დღევანდელ შეხვედრაზე თემა ორ ნაწილად გავყავით - ის მოთხოვნები, პრეტენზიები, დასაბუთებული უკმაყოფილება, რაც საზოგადოებას სახელისუფლებო რგოლების მიმართ გააჩნია. განვიხილეთ საკითხები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში კარგად გამოვლინდა. ასევე ვიმსჯელეთ იმ რესურსზე, რომელი “ქართულ ოცნებას” გააჩნია, მაგრამ ურთიერთკომუნიკაციის გამო, საკმაოდ კარგი, ენერგიული, მაღალი პოტენციის მქონე წევრები გამოაკლდა. მესამე საკითხი, ეს იყო წმინდა პარტიული, წინასაარჩევნო ტექნოლოგიების თემაზე საუბარი. გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა რეგიონალურ ჭრილში, ასევე თბილისსა და დიდი ქალაქებში".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით