"ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო.... სააკაშვილი პირადად მოვიდა და მითხრა, რომ არ მიაჩნდა თავისი საქციელი სწორად" - კვირის პალიტრა

"ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო.... სააკაშვილი პირადად მოვიდა და მითხრა, რომ არ მიაჩნდა თავისი საქციელი სწორად"

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების შეხვედრა გრიგოლ ვაშაძესთან და ნიკა მელიასთან დასრულდა. როგორც ცნობილია, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და ლევან ბერძენიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს.

"განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც საერთო ინტერესის საგანია, მათ შორის ისეთები, რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს. გარდა ამისა ლაპარაკია, სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაში, გრიგოლს აქვს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით და ვთქვით, რომ მას, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს "რესპუბლიკური პარტია" იმ რესურსებით, რაც მას აქვს, უჭერს მხარს.

ვფიქრობ, რომ მეორე ტური იოლი არ იქნება, მაგრამ პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს და ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლევან ბერძენიშვილი 2007 წელს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, აპატია თუ არა ბერძენიშვილმა სააკაშვილს, მან ასე უპასუხა:

"თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, ეს არანირი ფარული ჩანაწერი არ იყო, ეს სრულიად ღია საუბარი იყო, თუმცა ბრალი დამდეს მე, ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლს თავის დროზე "ფეისბუკით", მალდობელი ვარ, რომ მან მაიქცია ყურადღება ამას, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნდა თავისი ის საქციელი სწორად. ბოდიშს ვინც მოიხდის იმას უნდა აპატიო. მე ვფიქრობ, რომ არ არის იოლი, საქართველოს პრეზიდენტი ხარ მოქმედი თუ ყოფილი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და ბოდიში მოიხადო და ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

იხილეთ ასევე: ლევან ბერძენიშვილი: "ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი"