"სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების გადავადება" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების გადავადება"

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების მიღების გადავადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გაფორმდება.

"მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს და სინოდის წევრებს. ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა გუნდში და უმრავლესობის შეხვედრაზე გუშინ, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. გუნდის შიგნით იყო განსხვავებული პოზიციები. ჩვენ განვაცხადეთ იმთავითვე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ეკლესიასთან შეთანხმებული. ეს პირობა შევასრულეთ.

საუბარი იყო ვადებზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის და სხვა კონფესიების პოზიცია და ზოგადად საზოგადოების განწყობა.

ეს გადაწყვეტილება გაფორმდება მთავრობის სხდომაზე, თუმცა ტექნიკურად დღეს ვერ მოესწრება", - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო