გრიგოლ ვაშაძემ საპატრიარქო დატოვა - რა საკითხებზე ესაუბრა ის პატრიარქს? - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძემ საპატრიარქო დატოვა - რა საკითხებზე ესაუბრა ის პატრიარქს?

ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია.

"უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია, ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%იან მოგებაზე უარს იტყვის,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწმინდესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ვაშაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ შეხვედრისთვის დრო გამონახა.

"ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა. სხვათაშორის, ასეთივე ინცინდენტი მოხდა ვაზისუბანშიც. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს მას.

შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა. უღრმესი მადლობა უწმინდესს იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ვთხოვეთ შეხვედრა და თავისი გრაფიკის მიუხედავად გამონახა დრო,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო