"არანაირი შურისძიება არ იქნება" - რას ამბობს ნიკა რურუა პატრიარქთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"არანაირი შურისძიება არ იქნება" - რას ამბობს ნიკა რურუა პატრიარქთან შეხვედრაზე?

პატრიარქმა დაგვლოცა და ყველას შეგვახსენა ის, რომ მთავარია საქართველოს ინტერესები, ასევე ის, რომ გამარჯვების შემდეგაც კი საერთო ენა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისინი იზიარებენ უწმინდესის პოზიციას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რევანში და შურისძიება არ იქნება.

"ეს იყო ძალიან გულღია, გულწრფელი საუბარი ჩვენს სულიერ მამასთან, ბრძენ და ძალიან გამოცდილ კაცთან. ის დაგვეთანხმა იმაში, რომ არჩევნები და საერთოდ პოლიტიკა უნდა იყოს კულტურული, ცივილიზებული ურთიერთობის სფერო. არ შეიძლება სიძულვილის, ცილისწამების ფრქვევა, როგორც ამას ადგილი აქვს დღეს ხელისუფლების მხრიდან. ყველა უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ დემოკრატიული არჩევნები იყოს ჩვეულებრივი ამბავი და ოპოზიციაში გადასვლა არ იყოს ტრაგედია არც ერთი ხელისუფლებისთვის. ხალხი ამ დროს იღებს მაქსიმუმს და მთავრობები არსებობენ ხალხისთვის. ეს არის მთავარი. პოლიტიკაში არავინ არ უნდა იყოს იმისთვის, რომ სასახლეები აიშენოს, ან ნარკოპლანტაციები მოიყვანოს. ეს არის ის, რაც ჩვენ მოვუყევით პატრიარქს. მან, რა თქმა უნდა, დაგვლოცა და ყველას შეგვახსენა ის, რომ მთავარია საქართველოს ინტერესები. ასევე ის, რომ გამარჯვების შემდეგაც კი საერთო ენა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან და ეს სწორია. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება არანაირი რევანში, არანაირი შურისძიება არ იქნება. ჩვენ არ გვაქვს ამაზე დასაკარგი დრო," - განაცხადა ნიკა რურუამ.

იხილეთ ვიდეო