პუტინი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია?! - რომელი პოლიტიკური ძალები ასხამენ წყალს კრემლის წისქვილზე?!
11-11-2018
პუტინი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია?! - რომელი პოლიტიკური ძალები ასხამენ წყალს კრემლის წისქვილზე?!
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს საქართველო. ოპონენტების რა მესიჯები ისმის და როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

- ამ დღეებში მოხდა ისეთი რაღაც, რამაც არჩევნებზე დასწრების ფენომენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. კერძოდ, ბევრმა გააცნობიერა, რომ ეს შედეგი, ძირითადად, იმის გამო დადგა, რომ ბევრი არ მივიდა არჩევნებზე. იმედი მართლაც გაცრუებული აქვს "ოცნების" ამომრჩეველს, ის მთავრობაც ცუდი იყო და ესე იგი,
არც ერთი ვარგა, არც მეორეო და თუ ამაზე შევთანხმდებით, "ოცნების" ამომრჩეველი სახლში დარჩება, "ნაციონალური მოძრაობის" კი ბოლო კაცამდე მივა.


- მობილიზებული "ნაციონალები" სრულად მივიდნენ და ეს იყო მათი მაქსიმუმი?
- ეს არის მათი მაქსიმუმი. "ნაციონალები" სტრატეგიას არ ცვლიან. პირველი ტურის შემდეგ უკვე გაუჩნდება ზოგიერთ ამომრჩეველს
აზრი, ესე იგი, "ნაციონალები" მოდიანო. მაშინ ამას სტრატეგიულად მოაზროვნემ უნდა დაამატოს, "ნაციონალები" რას ეუბნებიან მოსახლეობას, რითი მოვდივართო? ვაშაძის რიტორიკაში ჩანს, მოვდივარ იმით, რომ უნდა დავაბრუნო ყველაფერი ის, რაც იყო ამ 6 წლის წინათო.

- შეწყალებას გულისხმობთ?
- არ მინდა ვაშაძე მარტო დავტოვო, ბაქრაძე ამბობს, აღარ უნდა იყოს პოლიტი­კური პატიმარი, ყველა უნდა გამოვუშვათო. გამოდის, ვინც ახლა ციხეშია, ყველა პოლიტიკური პატიმარია. ეს კი იმის ნიშან­ია, რომ "ნაცმოძრაობამ" არაფერი აღიარა,­ მონანიება არც უფიქრია. თუკი დამნაშავეები არ იყვნენ და მხოლოდ შეცდომა ჰქონდათ, მოვლენ ხელისუფლებაში ლოზუნგით, შეცდომას აღარ დავუშვებთო, მაგრამ თუკი დამნაშავეები იყვნენ, მაშინ სხვა გარ­ანტიებია საჭირო საიმისოდ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლებოდეს.
რამაზ საყვარელიძე

არ დაგვავიწყდეს, ყოფილ პატიმარს ხელისუფლებაში ასე ადვილად არ უშვებენ, როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც შეცდომები დაუშვა. და როდესაც შეცდომების ტერმინით უნდათ გადაფარონ სააკაშვილის პერიოდი, ეს ნიშნავს, რომ აპირებენ ისევ ისე მართონ ქვეყანა, როგორც იმართებოდა.

"ნაციონალებმა" ის ვერ გათვალეს, რომ თუკი საზოგადოება დარწმუნდება, რომ ისინი მართლაც მოვლენ ხელისუფლებაში, მას სხვა რეაქცია ექნება. ახლა სწორედ ამის მომსწრენი ვართ, ინტერაქტივებში არჩევნებზე წასვლის მსურველთა რიცხვი ძალიან გაიზარდა.

- პირველი ტურის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ზურაბიშვილი თავის კანდი­დატურას მოხსნისო, მაგრამ ასე არ მოხდა...
- ზურაბიშვილმა განაცხადა, კახელიც ვარ და მეგრელიც, ასე ადვილად ვერ მათქმევინებთ უარსო. ასე რომ, არც ისე მარტივია მასთან პოლიტიკური თამაში. ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთი მუხტია იმისკენ, რომ წინ ბრძოლაა.
გრიგოლ ვაშაძე

ადრეც გვისაუბრია თემაზე "ნაციონალური მოძრაობა" და რუსეთი... თავის განცხადებაში ზურაბიშვილმა პირდაპირ ერთ კატეგორიაში დააყენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და რუსეთს არ დაუტოვებს ქვეყანას. ასე რომ, მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, ფაქტობრივად, რუსეთის გავლენის­ დაბრუნებას ნიშნავს. ასეთ განცხადებას ბევრი პოლიტიკოსი ვერ ბედავს საქართველოში. მეც მიმაჩნია დიდი ხანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რუსული პოლიტიკური ძალაა.

ყველაფერი, რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რუსეთის სასარ­გებლოდ იყო - კოდორის ხეობა მიაწება აფხაზეთს, ე. წ. სამხრეთ ოსეთს გაუფართოვა ტერიტორია და მერე რუსეთს გადააბარა. ფაქტობრივად, ჩააბარა მთელი ეკონომიკური სტრატეგიული წერტილები. რა უნდა ქნას ადამიანმა უფრო მეტი?! აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ის ომი რუსეთს აწყობდა. ამ ომში შეჰყვა სააკაშვილი, დაიწყო თუ არა, ფაქტია, რომ ომი ისე განვითარდა, როგორც რუსეთს სჭირდებოდა. ჩვენ ვიცით, რუსეთი როგორ ებრძვის მტრებს. გვახსოვს, როგორც კი ნავთობსადენის თემა გააქტიურდა, რუსეთმა ტერაქტი მოუწყო შევარდნაძეს. არც ერთი თავდასხმა სააკაშვილზე, არც ერთი მცდელობა მისი დაშავების ან ლიკვიდაციის არ ყოფილა. ესე იგი, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, რუსეთს ხელს აძლევდა.

დღეს ძალიან ბევრი ინვესტიცია მოდის ჩინეთიდან სატრანზიტო გზის გამოყენებისთვის. ეს ის სატრანზიტო გზაა, რომელზეც რუსეთი ოცნებობდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყანა მილიარდებს იღებს ამ გზიდან, მაგრამ რუსეთმა შეცდომები დაუშვა ჩინეთთან ურთიერთობაში და ჩინეთმა სამხრეთისკენ გადმოინაცვლა, ანუ საქართველოზე გავლით გადაწყვიტა ტვირთბრუნვა. რუსეთი გადარეულია ამ პროექტზე. პუტინი ვერაფრით მოახდენს გავლენას ჩინეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს სატრანზიტო გზად გამოყენების თაობაზე, მაგრამ მას შეუძლია საქართველოში შექმნას ისეთი ვითარება, რომ თვითონ ჩინეთი იტყვის უარს. ასე რომ, დღეს რუსეთის ინტერესებშია საქართველოში დესტაბილიზაცია.

გავიძახით, პუტინი ჩაერია ამერიკის არჩევნებშიო. რა, ჩვენთან გაუჭირდება პუტინს, პოლიტიკური პროცესი ისე შემოაბრუნოს, როგორც სჭირდება? თუ დავაკვირდებით ჩვენს პოლიტიკოსებს, გაგვიჩნდება კითხვა, ხომ არ არის პუტინისგან მართული მათი პოლიტიკა? აბა, ამ თვალით შეხედეთ სააკაშვილს. აღარაფერს ვამბობ ბიძამისზე, სად აქვს განათლება მიღებული, რა პროფილის ჯარებში მუშაობდა.

- "ქართულ ოცნებაზე" რას იტყვით, როგორ შეაფასებთ მის საარჩევნო კამპანიას?
- "ნაციონალებს" არაერთხელ უთქვამთ, ერთი არჩევნები რომ სრულდება, მეორე დღიდან იწყება ახალი არჩევნებისთვის მზადებაო. "ქართულმა ოცნებამ" აქამდე თავი ვერ მოაბა თავისი საქმიანობის პიარუზრუნველყოფას, ესე იგი, ის საერთოდ ვერ აფასებს იმას, რასაც არჩევნებისთვის მომზადება ჰქვია. ეს იყო ძირითადი შეცდომა.

ახლა რომ ამბობენ, ჩვენ გავუწევთ ხალხის აზრს ანგარიშს, იქნება ცვლილებებიო, კი მაგრამ, რამდენი ხანია ხალხი თავის სათქმელს ეუბნება "ქართულ ოცნებას". ყოველ არჩევნებზე იკლებს ამომრჩეველთა რაოდენობა, რატომ ვერ გაუწიეს აქამდე ამას ანგარიში? მახსოვს, ადგილობრივ არჩევნებზე რომ ნაკლები ხალხი მოვიდა, "ქართულ ოცნებაში" ტრიალებდა აზრი, უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა, რატომ დაიკლოო... გააანალიზეს? რამე მოჰყვა ამ ანალიზს? ხომ ფაქტია, რომ არაფერი.

- თქვენი აზრით, არჩევნების მეორე ეტაპი­ როგორი იქნება?
- ხალხში გაჩნდა ძალიან საინტერესო ტენდენცია, აი, იმ ხალხში, რომელიც ამბობს, რომ არც ერთი ვარგა და არც მეორე­ - ქვეყანაა გადასარჩენი და მოდი, ქვეყანა გადავარჩინოთ და ამ "ქართულ ოცნებას" მერე მოვუაროთო. არ ვიცი, მერეში რა იგულისხმება, მაგრამ ის, რომ "ქართულ ოცნებასთან" შეგუება და ხმის მიცემა ზურაბიშვილისთვის "ოცნების" განებივრებას არ უნდა ნიშნავდეს, აი, ეს განწყობა გაჩნდა.
სალომე ზურაბიშვილი
მერე "ოცნება" იმავეს გააგრძელებს თუ არა, არ ვიცი. მან უნდა დაინახოს, რომ მოსახლეობას შეუძლია ძალიან მწარე გაკვეთილის ჩატარება.

- ანუ ახლა არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის?
- რა თქმა უნდა. რა, ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის არჩევანი კარგსა­ და უკეთესს შორის არჩევანი არ იყო? შედეგებს ხომ ვხედავთ. კმაყოფილი ხელისუფლებით არავინ არის.

- როგორ ფიქრობთ, მესამე ძალის გამოჩენის პერსპექტივა ჩანს?
- თუ ვინმეს შეუძლია ახალი პოლიტიკური ძალა ფეხზე დააყენოს, ეს ბიზნესმენები არიან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს, მარიხუანას გარდა, საზოგადოებისთვის ახალი არაფერი შეუთავაზებიათ. ისევ და ისევ ბიზნესშია საზოგადოების აქტიური ნაწილი, ტყუილად გვგონია, რომ ენჯეოები, არასამთავრობო ორგანიზაციებია. ენჯეო საზოგადოების ნაწილი იქნებოდა, საზოგადოებას რომ ჰქონდეს განცდა, ენჯეოები ჩემს ინტერესებს იცავენო. ჰკითხეთ ერთი რომელიმე სოციოლოგიურ გამოკითხვაში, აქვთ თუ არა ეს განცდა. აღმოაჩენთ, რომ დიდად არა. ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ენჯეოები არ არიან ადგილობრივი წარმოშობის, ისინი მოსახლეობაზე არ არიან დამოკიდებული.

მთელ მსოფლიოში ბიზნესი მართავს პოლიტიკურ პროცესს. ვინც აფინანსებს, ის მართავს პოლიტიკას. ასე რომ, ბიზნესმა უნდა დაიწყოს ახალი ძალების მოძიება, მათი ფეხზე დაყენება. მათ გამოყვანას არენაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, დაიბადება თუ არა საღი მესამე პოლიტიკური ძალა.

ჩვენთან ბევრია "ლაპარაკისტი" პოლიტიკოსი და ძალიან ცოტაა საღი პოლიტიკოსი.

ახლა გაიძახიან, უსუფაშვილი რა კარგი პოლიტიკოსიაო. კაცმა 2-3 წელია პოლიტიკური პარტია ვერ შექმნა და ის ვერ თქვა, რის გაკეთებას აპირებს. ასე რომ, უდავოდ კარგი მოლაპარაკეა უსუფაშვილი, მაგრამ პოლიტიკოსი - არა.

- თუ "ნაციონალები" მოვლენ ხელისუფლებაში, გარდაუვალია სამოქალაქო დაპირისპირებაო, ეს მესიჯი რეალობასთან ახლოს არის?
- თუ "ნაციონალების" ტალღა ძლიერი იქნა, ნიუტონის კანონის მიხედვით მათ შესაბამისი ძალა აუცილებლად დაუპირისპირდება. მაგრამ, თუ მეორე ტურმა აჩვენა მოსახლეობის დიდი მობილიზაცია, რომელთანაც დაპირისპირებას აზრი აღარ ექნება, სამოქალაქო დაპირისპირებას გადავრჩებით.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მეორე ტურის შემდგომ?
- არც ზურაბიშვილშია საქმე, არც ვაშაძეში, ლაპარაკია, "ნაცმოძრაობა" აღდგეს თუ არა. ამ კითხვას უნდა გასცეს თითოეულმა ჩვენგანმა პასუხი მეორე ტურში.

€€€
30 ნოემბერი 2018 05:58
ვაი, თქვენს პატრონს ჭკუაგამხმარო ქართველებო. 29 წელია არაფერი გეშველათ, წინ ოდნავადაც ვერ წახვედით თქვენი საყვარელი ამერიკის გადამკიდე. თქვენ ისევ რუსებს ადანაშაულებთ რამეში??? ქვეყანა ამერიკამ დაგინგრიათ და სურვილიც არ გაქვთ სიმართლეს ჩასწვდეთ.
sos!!!
12 ნოემბერი 2018 14:56
საქართველოს არ ყავს პოლიტიკოსები და არც სამოქალაქო სექტორი, ამიტომ არ გამოდის მოქალაქეთა უმრავლსობა არჩევნებზე, რადგან არ ვიცით ვის მივცეთ ხმა. წარმოუდგენელია ყველა პოლიტიკოსობას იბრალებდეს და პოლიტიკის გაგებაში არ არიან. ნამდვილი პოლიტიკოსი ერთეულები შეიძლება იყოს და არ უამრავი. პოლიტიკა ნიჭია, ხელოვნებაა და არა მხოლოდ სწავლით მიიღწევა. საიდან დაიბადება ახალი ძალა, როდესაც უკვე 30 წელის მანძილზე ერთიდაიგივე ხალხი გაბატონდა სახელმწიფო სათავეში და ცოცხალი თავით არ თმობენ პოლიტიკის ჩრდილქვეს შეყუჟულები. სამშობლო და სახელმწიფო პირად საკუთრებად მიაჩნიათ.
გიგუშას და მისნაირებს
12 ნოემბერი 2018 14:43
ნაციონალები ვარდებით მოვიდნენ და ცოცხებით ვინ მოვიდა ვხედავთ!

რედაქტორის რჩევით