გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტობის კანდიდატი და ექსმაღალჩინოსანი? - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტობის კანდიდატი და ექსმაღალჩინოსანი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის და საუბრის ვიდეოჩანაწერს მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილის სახლში შედგა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, შეუძლია ძველი წყენა დაივიწყოს.

"მადლობა მინდა გითხრათ ჩვენს ოჯახში სტუმრობისთვის. დიდი პატივია და მე მესმის ეს ახლა რასაც უკავშირდება. ასევე მშვენივრად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ",- მიმართა ოქრუაშვილმა ვაშაძეს.

თავის მხრივ გრიგოლ ვაშაძემ ოქრუაშვილს ოჯახში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. "დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება კარგი, კაცური, ქართული საუბარი გვქონდა. ის ტაიმ-აუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება", -განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილმა კი აღნიშნა, რომ წარსულის პერიპეტიებიდან გამომდინარე მისთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯების გადადგმა, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს. "გარკვეული დრო დამჭირდება, რომ ვიფიქრო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ვაშაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ორი არჩევანია - ან აქ გაიზრდებიან მათი შვილები, ან იოცნებებენ ემიგრაციაში წასვლაზე, "იმიტომ, რომ ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში ამათ ნორმალური არც ბავშვობა და არც ყრმობა არ ექნებათ".

ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის ჯერ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. "მაგრამ, თუ რამე პირობა მექნება, ეს არის ის, რომ ჩემი შვილები გაიზარდონ უკეთეს საქართველოში", -განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ვიცოდი, რომ სხვას არაფერს მეტყოდი. მთავარია, რომ გავიცანით ერთმანეთი, ეს კამპანია როგორც არ უნდა დამთავრდეს, ეს შევინარჩუნოთ",- მიმართა ვაშაძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

იხილეთ ვიდეო