"ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყება?! - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყება?!

ვის აჩვენებს წითელ ბარათს ივანიშვილი და მიიღებს თუ არა პრემიერად დაბრუნების გადაწყვეტილებას

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომლის თანახმად, მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ქვეყანაში კვლავაც განხილვის მთავარ თემად რჩება. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერილ და ოპოზიციური კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის 1%-იანი სხვაობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, რომ არა აგრესიული რევანშის საფრთხე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" მომდინარეობს.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაანალიზებით? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- თავდაპირველად ვიტყვი: მიუხედავად ოპოზიციის შიშისა, აშკარაა, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული დარღვევები და გადაცდომები არ ყოფილა, რაც აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც და ამაზე ხმას ვერც ოპოზიცია იღებს. რაც შეეხება დანარჩენს - მიღებული შედეგი საზოგადოებამაც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კულუარულად "ქართული ოცნების" დამარცხებად აღიქვეს. ის სტაბილური შედეგი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, თვალსა და ხელს შუა გაქრა.

"ქართულმა ოცნებამ" ეს უპირველესად, უნდა დააბრალოს საკუთარ თავს და სხვას არავის, თუმცა თავიდანვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სათავისოდ სწორად წარმართული წინასაარჩევნო კამპანია. შემთხვევით არ მითქვამს, სათავისოდ-მეთქი, ზოგადად კი ეს კამპანია დაფუძნებული იყო ადამიანის ღირსების შელახვაზე, ტყუილზე, თავაშვებულობასა და ზიზღის დამკვიდრებაზე, რაშიც მათ მოახერხეს მმართველი ძალის აყოლიებაც, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობაში "ქართული ოცნება" ისეთივე ამორფული იყო წინასაარჩევნო კამპანიისას, როგორიც წლების განმავლობაში.

"ქართულ ოცნებას" დაუდგა მომენტი, როდესაც მასზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა უარი უთხრა, ნაწილობრივ - არჩევნებზე წაუსვლელობით, ნაწილობრივ კი - მის წინააღმდეგ ხმის მიცემით; მეტიც - ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილ კანდიდატსაც კი მისცა ხმა. ასეთი გაბრაზება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: სამართლიანობის აღდგენის პროცესის უკიდურესად გაჭიანურებამ, დაპირებების შეუსრულებლობამ, უმძიმესმა საკადრო პოლიტიკამ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმახინჯესმა კოაბიტაციამ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი აზრითაც კოაბიტაცია აუცილებელი იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ფორმა. ამას დაემატა მხარდაჭერისთვის, შეიძლება ითქვას, მთლად სწორად ვერშერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც არ არის არჩევნების შედეგის უმთავრესი მიზეზი, მაგრამ თავისი წვლილი ამანაც შეიტანა.

თუ გონს ვერ მოვა "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი, რომელიც გაქსუებულ პოზაში დგას, 2020 წელს "ოცნება" უარეს შედეგს მიიღებს.

- მას შემდეგ, რაც მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ხელისუფლებაში უცებ აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში სიღარიბეა და სოციალური დახმარების მხრივ ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ; ამასთანავე, კანაფის კულტივაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც აქამდე მხოლოდ შეაჩერეს, ბოლოს და ბოლოს, გაიწვიეს პარლამენტიდან... როგორ ფიქრობთ, ეს ნაბიჯები საკმარისი იქნება მათი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებისთვის? - რაც შეეხება სოციალურ ნაწილს...აგვისტოს დასაწყისში მომეცა საშუალება, შევხვედროდი ახალ პრემიერს. მინდა, გითხრათ, რომ ამ სოციალურ ინიციატივებზე მაშინვე იყო ლაპარაკი. ეს რომ არჩევნებთან პირდაპირ ყოფილიყო დაკავშირებული, ვფიქრობ, 28 ოქტომბრამდე გაახმაურებდნენ. ახლა, უბრალოდ, იძულებული გახდნენ და მისი გამოქვეყნება დააჩქარეს. მანამდე მთავრობა აპირებდა, ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის წარედგინა მაშინ, როდესაც სოციალური დახმარებისა და ვითარების გამოსწორებისთვის სრული პროექტი ჩამოყალიბდებოდა. მეორე ტურის წინ გაახმაურეს მხოლოდ ნაწილი. მე როგორც ვიცი, უფრო მასშტაბური რეფორმებია დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში, პრემიერმა შეხვედრისას სწორედ ასე გვითხრა.

რაც შეეხება კანაფთან დაკავშირებულ ვითარებას, ეს მართლაც არის თემა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხომ განაწყო და ამასთანავე, "ქართულ ოცნებას" გამოაცალა ძალიან სერიოზული მხარდამჭერი - ეკლესია. მე ჯერჯერობით საქართველოში ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ რომელიმე პარტიამ ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე დიდ წარმატებას მიაღწიოს, მით უფრო, რომ ეკლესიის წიაღშიც არ არის ჰარმონიული ვითარება - რამდენიმე მაღალი იერარქიის მღვდელმსახურმა საკუთარ თავს უფლება მისცა, პოლიტიკური აგიტაცია არათუ საეკლესიო ამბიონიდან, არამედ ტელეეკრანიდანაც ეწარმოებინა, რაც მიუღებელია ჩემთვისაც და საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც. ისევ "ნაციონალებისთვის" სჯობდა, ზოგიერთი მღვდელმთავარი გაჩუმებულიყო და "ნაციონალური მოძრაობისთვის" აშკარად არ დაეჭირა მხარი. ისე, აკვირდებით, ალბათ, როგორ ცდილობენ მხარეები ეკლესიის გულის მოგებას - საპატრიარქოში სტუმრობა სწორედ ამას ემსახურება.

რაც შეეხება შიშს, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება კანაფის თაობაზე კანონპროექტი უკან დააბრუნოს, ეს ძალიან მეეჭვება, რადგან მეტისმეტად დისკრედიტირებული ინიციატივაა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რაციონალიზმის მარცვლის მოძებნაც შეიძლებოდა. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მოუფიქრებლად გაკეთდა და წარედგინა საზოგადოებას; არ გაითვალისწინეს არც მოსახლეობის განწყობა, არც ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რაც გაამწვავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ესენი კი ადგნენ და ამ კანონპროექტით ცეცხლზე ნავთი დაასხეს.

- ხელისუფლებას პრობლემები ბევრი სხვა მიმართულებითაც აქვს. მაგალითად, ბოლო ხანს უმწვავეს საკითხად იქცა ხელისუფლების პარალელურად არსებული არაფორმალური ჯგუფები, რომელთა სიმბოლოდ ექსმთავარი პროკურორი ფარცხალაძე იქცა... თქვენი აზრით, ხელისუფლება ეცდება, გააანალიზოს ეს პრობლემები და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში მათგან თავი გაითავისუფლოს, თუ კვლავაც სირაქლემის პოზაში ამჯობინებს ყოფნას? - თუ ხელისუფლება ყველა მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს ვერ დაინახავს, ვერ გააანალიზებს და დაგროვილ კითხვებს ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს, მაშინ ეს არჩევნები რომც გადააგორონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აღარ ექნებათ. მხოლოდ საკუთარი დაპირებების თანამიმდევრულად შესრულებით შეიძლება მიაღწიონ წარმატებას.

ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და სამუშაო ადგილების შექმნა მცირე ინდუსტრიის განვითარების მეშვეობით; მხოლოდ ასე შეიძლება მოახერხონ დაკარგული ნდობის აღდგენა.

თუ ხალხმა არ დაინახა, რომ ხელისუფლება ქმნის ბაზას სერიოზული ეკონომიკური განვითარებისთვის - არ ვლაპარაკობ ეკონომიკის აყვავებაზე - და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორდა, "ქართული ოცნება" განწირული იქნება მარცხისთვის.

ჩემი აზრით, ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც აქამდე კონკრეტული სუბიექტური ვითარების გამო თავს იკავებდნენ, მაგრამ ახლა ალაპარაკდნენ; მათ შორის არიან დეპუტატებიც... ამ არჩევნებმა "ქართული ოცნებისთვის" იქნებ დადებითი როლიც კი შეასრულოს და ბევრი გამოაფხიზლოს. იგრძნეს რა გარკვეული საფრთხე, ვფიქრობ, აღარ შეურიგდებიან იმ პროცესებს, რაც აქამდე ხდებოდა. აშკარად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერთა შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც ჩინოვნიკური მუშაობის გარდა, საქმის კეთება არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ 28 ოქტომბერს აშკარად გაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" აგრესიული რევანშის საფრთხის საფუძველი, მიმაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი, ხელოვნურად არავის არაფერი დაუწერია, შესაბამისად, ნამდვილად საინტერესო პროცესი დაიწყო.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასა" და მისდამი დამოკიდებულებას... კოაბიტაცია ვახსენე და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და არ მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" სწორედ იმიტომ, რომ ეს კოაბიტაცია არ მოსწონს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ლამის სააკაშვილის რეჟიმის ამა თუ იმ წარმომადგენელთან შერწყმად იქცა...

ვერ იგებენ ადამიანები, რაღატომ იდგნენ წლების განმავლობაში ქუჩაში, წვიმასა და ქარში, თუკი ის ადამიანები, ვისაც ებრძოდნენ, ვინც ამდენი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ისევ მაღალ თანამდებობებზე იქნებიან - სამართალდამცავი სტრუქტურები იქნება, პროკურატურა თუ სასამართლო...

მათ რომ ჰკითხო, "ნაციონალური მოძრაობა" არსად წასულა, ისევ ხელისუფლებაშია. მართალია, მართვის მეორე, მესამე რგოლებში, მაგრამ ისევ ხელისუფლებაში.

ამათ პირველ რგოლშიც "ნაციონალები" თუ დაემატნენ, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დაატრიალონ ქვეყანაში.

ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია "ნაციონალური მოძრაობის" ნაშთის სახით, იმავეს აკეთებენ, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს აკეთებდნენ...

"ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი გაუთავებლად ლაპარაკობს ცხრა წელზე, მაგრამ ეს ცხრა წელი არ არის, ცხრას ექვსიც უნდა მიუმატონ, რაც უკვე 15-ია. დიახ, 15 წელია, ისინი უყურებენ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს კონკრეტულ თანამდებობებზე, რომლებიც კვლავაც ძველი მეთოდებით ემსახურებიან სისტემას და ამაგრებენ მას...

ამის პარალელურად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ "გაბრაზებულები". მათი თავისკენ შეტრიალება ხელისუფლებას ხუთჯერ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა დასჯდომოდა.

აქ თანხაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რაც ამ ხალხს "ქართული ოცნებისკენ" მოატრიალებს.

თუ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა თუნდაც ერთ კვირაში - მე არ ვამბობ კოაბიტაციის სრულად მოშლას, ეს ასე უცებ არ გამოვა - შეიძლება ჯერ კიდევ მოახერხოს ამ "გაბრაზებულების" გულის მოგება. მაგალითად,

ოქუაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებს სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი. მინისტრები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მაგან ბოლო კაპიკამდე უნდა გადაიხადოს დავალიანებაო; ახლა მილიონი შეიტანა და ეს ამბავიც დასრულდა, არადა, კაცმა ლამის ქვეყანა დააქცია. ოქუაშვილმა მოატყუა "იბერიის" თანამშრომლები, დააშანტაჟა მთელი საზოგადოება, მაგრამ გაუვიდა, იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი; ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივედით და ახლა ვითომ არაფერი - არხეინად მუშაობს საწარმო, ყველაფერი რიგზეა, ერთადერთი "იბერია" შეეწირა ამ ამბავს.

რატომ და როგორ დაექვემდებარა ხელისუფლება შანტაჟს?! ვინ უნდა აგოს ამ პროცესებზე პასუხი?! - აი, ამ კითხვებს უნდა გაეცეს სასწრაფოდ პასუხი. თუ მმართველ პარტიას გადარჩენა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიცილოს და გამოძიება დაიწყოს ხელისუფლებასთან შეზრდილ იმ "რუხი კარდინალების" წინააღმდეგ, რომლებიც ხელს აფათურებენ ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მაფიოზურ-ოლიგარქიული სქემებით მუშაობენ.

დროულად, მეორე ტურამდე უნდა გაეცეს პასუხი 16 წლის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც, თორემ "ქართული ოცნება" ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის ტვირთისგან ვერასდროს გათავისუფლდება.

იმ ადამიანების უგულებელყოფა - დავარქვათ მათ პირობითად 2012-იანები - რომელთაც მოიყვანეს ეს ხელისუფლება, გვერდით ედგნენ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, იყო უდიდესი შეცდომა. ამ ხალხის დაბრუნებაა ახლა საჭირო.

- რა შეიძლება მოხდეს, თუ გრიგოლ ვაშაძემ მოახერხა გამარჯვება? - ვაშაძის გამარჯვება იმიტომ კი არ შეიძლება იქცეს პრობლემად, რომ ის რუსეთის აგენტია - ეგ ისეთივე აგენტია, როგორიც სალომე ზურაბიშვილია კრემლის პროექტი. ვიცი ვაშაძის ბიოგრაფია და აგენტის დონემდეც ვერ ქაჩავდა ვერასდროს. ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში მთავარი პრობლემა იქნება ის, რომ ის არ არის დამოუკიდებელი ადამიანი; ეგ არის რიგითი ჯარისკაცი "ნაციონალური მოძრაობისა", რომელსაც ჰყავს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ის კი ადეკვატურობას კარგა ხანია, გასცდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებით არ ჩანს, რომ მან თავის შეცდომებზე რამე ისწავლა. ის უკვე გადავიდა პერსონალურ მუქარაზე, თან - ემუქრება ბიზნესს... მამუკა ხაზარაძის მისამართით სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ ის არასდროს შეიცვლება. სააკაშვილი იყო და რჩება სასტიკ და მატყუარა ადამიანად. ალბათ, ოპონენტები მკითხავენ, რა, დღევანდელ ხელისუფლებაში არ არიან მატყუარებიო? რამდენიც გინდათ, იმდენია, მაგრამ საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ამ თვისებებმა გაუხსნა ხელი მის ხელქვეითებს, ჩაედინათ საშინელებები... ახლაც აშკარაა, რომ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება.

იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მუდმივად ვიქნებით დაპირისპირების რეჟიმში, თან ეს დაპირისპირება არ იქნება ისეთი, როგორიც მარგველაშვილის დროს იყო. ეს იქნება დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის ისედაც კუს ნაბიჯით მიმდინარე განვითარების პროცესს გააჩერებს, დაამხობს და დაასამარებს. ეს იქნება კონტრპროდუქტიული ქვეყნისთვის, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, აამუშაოს ის რეზერვი და რესურსი, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს და ამისთვის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას.

- "ქართულ ოცნებაშიც" ბევრს მაინცდამაინც არ მოეწონა, რომ მეორე ტურისთვის საარჩევნო შტაბი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჩააბარეს... - როგორც ვიცი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს მხოლოდ რეგიონებს, თბილისში კი იქნება კახა კალაძე. ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდეს, რადგან ვიცი, რომ პარტიაში მართვის ყველა სადავე თვითონ ბიძინა ივანიშვილმა ჩაიბარა. შეიძლება მეტი თავისუფლება მისცეს თბილისში კახა კალაძეს. როგორც ითქვა, სერიოზული მიდგომების დემონსტრირებას აპირებენ.

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მედიაზე...

რასაც "რუსთავი 2" აკეთებს, იმის მიხედვით ვხედავთ, რომ ის აშკარად პოლიტიკური მხარეა, ახლა კი უკვე "იმედმაც" გვითხრა, რომ მეორე ტურისთვის აპირებს საგანგებო ვითარებაზე გადასვლას და პოლიტიკური პოზიციის ასევე აშკარად გამოხატვას... შეიძლება მედიასაშუალებას ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და ეს, გარკვეულწილად, სარედაქციო პოლიტიკაზეც აისახებოდეს, მაგრამ არა - ტყუილის ტირაჟირებით და არა ისე, რომ საზოგადოება გაყოს და ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეს ყველა. არ შეიძლება ასე ხელაღებით მოექცე საზოგადოებას. ყველაფერს აქვს წესი...

- ჩვენ უკვე ვნახეთ ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირება. თქვენი აზრით, მეორე ტურამდე პროცესები უფრო რადიკალური და მწვავე გახდება? - დიახ, პროცესები უფრო რადიკალური გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ორივე მხარეს ბევრი აქვს დასაკარგავი. არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს.გახარიას უწყების საქმე სწორედ ის არის, რომ არ დაუშვას დაპირისპირება. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც ასეთი მოლოდინი აქვთ, ამიტომაც სერიოზულად ემზადებიან... მიუხედავად ვითარების სიმწვავისა, დაუშვებელია არათუ სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა, არამედ ამაზე განცხადებების კეთებაც. მმართველი პარტიის ერთ-ერთი დეპუტატისგან გაისმა ამგვარი ვარაუდი, რასაც "ქართული ოცნების" ლიდერებისგანაც კი ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა...

- რას ფიქრობთ გრიგოლ ვაშაძისთვის რესპუბლიკური პარტიის გამოცხადებულ მხარდაჭერაზე? ან მის სტუმრობაზე ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც თავის დროზე სწორედ სააკაშვილმა დაიჭირა და მას გაექცა საზღვარგარეთ? - რესპუბლიკური პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამაკვირვა. ხომ არ შეიძლება, ერთ მდინარეში ორჯერ შეხვიდე?! ეგენი 2003 წელს ხომ იყვნენ ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან", მერე გაემიჯნენ. პირველად სწორედ მათ დაიწყეს "ნაციონალების" ლანძღვა-გინება და მას მერე იყვნენ "ნაცმოძრაობის" ოპონენტები. ახლა რა, "ნაციონალები" გამოსწორდნენ?! რა ბოდიში მოიხადა სააკაშვილმა ასეთი, რომ მის კაიკაცობაში ეჭვი აღარ ეპარებათ? ითქვა, რომ თურმე მნიშვნელოვანია, ძალაუფლება დაიყოს და პრეზიდენტი ოპოზიციონერი იყოს. ამგვარი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ არა - რესპუბლიკელებისგან, რადგან ოპოზიციონერობის გარდა, არსებობს თავმოყვარეობა და პრინციპები... იგივეს ვიტყვი ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც, თუ მან, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა "ნაცმოძრაობას" მეორე ტურში.

- მთელ საარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა მხარეების მიერ ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულება. თქვენი აზრით, ეს პროცესი როგორ ჩანს რუსეთიდან? - ვფიქრობ, ძალიან სასაცილოდ, ამიტომაც აშკარად დაგვცინიან კიდეც და ამ ნეგატიურ პროცესებს აქეზებენ. არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი მათთვის სერიოზული ფიგურა არ არის და თან მათ დაკნინებას უფრო მეტად ცდილობენ.

ჩვენი საზოგადოების ერთი, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე ნაწილისთვის, ეს სიბინძურე მიუღებელია. ამით დისკრედიტაცია ხდება არა კონკრეტული პიროვნებების, არამედ მთელი ქართული სახელმწიფოსი. უნდა ითქვას, რომ აქ "ნაციონალების" დანაშაული მეტია. მათ ააგეს თავიანთი კამპანია გაღმა შედავების პრინციპზე - რადგან იცოდნენ, რომ ვაშაძის ბიოგრაფიაში არის ლაქები, თავიდანვე დაიწყეს ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტევა და მისთვის აგენტობის მიზანმიმართულად დაბრალება. ამ პიარსვლამ "ნაციონალურ მოძრაობას" რაღაც დივიდენდები მოუტანა, მაგრამ ქვეყნისთვის ამგვარი პროცესები დამღუპველია.