"კორუფციის ნიშნებს არავის ვაპატიებთ" - "ქართული ოცნების" მონანიება - კვირის პალიტრა

"კორუფციის ნიშნებს არავის ვაპატიებთ" - "ქართული ოცნების" მონანიება

რას მიიჩნევს მთავარ შეცდომად მმართველი გუნდი: "არ გვეგონა, თუ კანაფის საკითხზე ასეთი ნეგატიური რეაქცია იქნებოდა... არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მხოლოდ სიტყვა, რომ ჩვენ კორუფციას არ შევეგუებით"

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი აკაკი ზოიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს: "ჩვენ იდეალური კანდიდატი გვყავს, ოღონდ გვჭირდება ყველა შეცდომის გამოსწორება და ახალი სტრატეგიით მოქმედება". რას გულისხმობს "ქართული ოცნების" ახალი სტრატეგია და რას თვლიან შეცდომებად, ამ საკითხებზე აკაკი ზოიძე გვესაუბრა.

- მეორე ტურისთვის ძალების სულ სხვაგვარ განლაგებაზე ვმსჯელობთ. "ნაცმოძრაობის" სატელიტები ისევ "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდნენ და მოხდა პოლარიზაცია. ამიტომ სტრატეგია შესაცვლელია.

- სტრატეგიას მხოლოდ იმის გამო ცვლით, რომ მეორე ტური იმართება, თუ დაინახეთ თქვენი შეცდომები? - ორივე. პირველი ტურის შედეგებით გამოვიტანეთ დასკვნა, რა იყო მიზეზი, რომ ჩვენი ტრადიციული ამომრჩეველი ან საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ან ხმა მისცა რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს. რა იყო გაბრაზების, განაწყენების ის ძირითადი მიზეზი, ეს შეფასდა და ჩამოყალიბდა სტრატეგია, რომელიც გულისხმობს როგორც საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, ასევე იმის დანახებას, რაც უკვე გაკეთებულია და კიდევ რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ორ-სამ და გინდაც ოთხ წელიწადში განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვერ დავეწევით, მაგრამ იმის ჩვენება, თუ რა კეთდება, რომ ევროპამდე მისასვლელ გზაზე დავდგეთ, რომ საბოლოოდ შვეიცარია და გერმანია გავხდეთ, აუცილებელია.

აკაკი ზოიძე

- "ქართული ოცნებაც" და პირადად ივანიშვილი ზუსტად ამას ჰპირდებოდნენ ხალხს, რომ მეოთხე წელს ევროპას გავაოცებდით. - შვეიცარიას ნამდვილად არ ჰპირდებოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ მეოთხე წელი კარგი იქნებოდა. შესაძლოა გადაჭარბებული მოლოდინიც იყო, მაშინ სათანადოდ ვერ შევაფასეთ, ქვეყანაში რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. "ნაცმოძრაობას" რაც აწყობდა, იმას ამბობდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ "ოცნება" მოვიდა და ნახა, რომ ბევრი რამ მოჩვენებითი იყო.

"ქართულმა ოცნებამაც" დაუშვა შეცდომები. ამასთან, ამ 6 წლის განმავლობაში "ნაცმოძრაობა" მუდმივად ცდილობდა ქვეყნის წინსვლის შეფერხებას, რათა დაემტკიცებინა, თითქოს მხოლოდ ისინი არიან ეფექტიანი მმართველები... თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მართლაც ვდგავართ იმ გზაზე, რომლითაც სამ-ოთხ წელიწადში შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, შესაძლებელია, თავიდან მოვიპოვოთ ამომრჩევლის ნდობა და დავიწყოთ ფიქრი ქვეყნის განვითარებაზე და არა დაპირისპირებასა და შუღლზე.

- ანუ დარჩენილ დროში კამპანია მთლიანად გეგმებზე იქნება ორიენტირებული და 9 წელს აღარ ახსენებთ? - დიახ! ის, რაც გამოსასწორებელია, უნდა გამოსწორდეს, რომ კორუფციის ნიშნებსაც კი არავის ვაპატიებთ, თუნდაც ჩვენი გუნდის წევრი იყოს.

ამასთან, ვინარჩუნებთ იმას, რაც თავიდანვე პრიორიტეტი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური შემწეობა და ა.შ. ბოლო პერიოდში ამ გეზიდან გადახვევამ მოგვიწია იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულიყო და ახალი სამუშაო ადგილები შეგვექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ პენსია აღარ გაზრდილა, სოციალური შემწეობის ორჯერ გაზრდა თითქმის შეჭამა ფასების ზრდამ. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრები, ჩატეხილი ხიდების აღდგენა მათთან, ვინც მთელი გულითა და სულით უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას".

- სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა, არ ფიქრობთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაა?

- ამ ინიციატივაზე საუბარი და მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. კონკრეტული მონაცემები ბახტაძის მთავრობის პროგრამაშიც დევს.

- კი, მაგრამ ეს საკითხი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ გათვალისწინებულა? - ბიუჯეტში სოციალური ხარჯები 200 მილიონით არის გაზრდილი. კონკრეტულად ეს ინიციატივა კი ბიუჯეტში მართლაც არ იყო, მაგრამ სულ ახლახან"სავალუტო ფონდის მისიასთან შევათანხმეთ ყველა სოციალური პროგრამა. ეს პროგრამები უნიკალური იმით იქნება, რომ 70 მილიონი მოხმარდება უკიდურესი სიღარიბის რეალურად აღმოფხვრას. გარწმუნებთ, ამაზე კარგა ხანია მუშაობს მთავრობა, მიმდინარეობდა კონსულტაციები პარტნიორებთანაც. დაგეგმილი გვქონდა, რომ ამას არჩევნების შემდეგ ვიტყოდით, რათა ასეთი სპეკულაციები არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა საჭიროებამ მოიტანა, რომ გვეთქვა. გვეგონა, ხალხი ისედაც ხედავდა ყველაფერს. როგორც ჩანს, ამ პროგრამების სრულყოფილად წარდგენაა საჭირო, ამიტომ მკაფიო გზავნილებს გავაკეთებთ, თუ რას ვაპირებთ.

- კიდევ რაზე გეგონათ, რომ საზოგადოება ხედავდა? რა იყო "ქართული ოცნების" მთავარი შეცდომები?

- კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაციის საკითხი. არ გვეგონა, თუ საზოგადოებას ასეთი ნეგატიური რეაქცია ექნებოდა. კომუნიკაცია თავიდანვე არასწორად წარიმართა და ძალიან მძიმე ფონი შეიქმნა წინასაარჩევნოდ. ოპონენტებმა ეს იაფფასიანი სპეკულაციისთვის გამოიყენეს. ამიტომ უარი ვთქვით ამ პროექტზე. შეცდომაა ისიც, რომ არ აღმოჩნდა დამაჯერებელი "ქართული ოცნების" მხოლოდ სიტყვა, რომ ჩვენ კორუფციას არ შევეგუებით, ასევე არ აღმოჩნდა საკმარისი სამართლიანობის აღსადგენად გადადგმული ნაბიჯები.

- სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ იყო "ქართული ოცნების" შეცდომა?

- ჩვენ ამ საკითხზე დიდხანს ვიმსჯელეთ. როდესაც ძალაუფლების დიდი ბერკეტი გაქვს, ყველაზე სწორია პრეზიდენტის შედარებით ნაკლები ფუნქციის მქონე ინსტიტუციის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოტანა. ამ მხრივ, როგორც კანდიდატი, მგონი, სალომე ზურაბიშვილი იდეალურია, მაგრამ შეცდომა ის იყო, რომ მთლიანად პარტიის ყველა სტრუქტურამ ადეკვატურად ვერ აღიქვა ეს ყველაფერი. ჩვენ ზემოდან მხარი დავუჭირეთ, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ. პარტიის სტრუქტურები სრულად მობილიზებული არ იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილებაც არ ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილიიყო ნიუანსები, რომლებმაც დაბნეულობა გამოიწვია. მეტიც, ისიც შეცდომა იყო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი თანამდებობა და შესაბამისად, ბევრმა ჩათვალა, რომ მხარდაჭერა არ არის აუცილებელი. მოდი, დავარქვათ ამას არასათანადო მობილიზება და არასათანადო მხარდაჭერა. ეს ნამდვილად ჩვენი შეცდომა იყო.

- სხვა თუ არაფერი, ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ როგორც იქცეოდა, ამის მერეც ფიქრობთ, რომ ის კარგი კანდიდატურაა? - როდესაც ასეთ შედეგს იღებ, რომელსაც არ ელოდები, თან ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის მერე, ის რეაქციები, გასაკვირი არ უნდა იყოს. მთავარია, მერე როგორ მოახდენ პოზიციონირებას.

- მას გამოცდილ დიპლომატობაზე აქვს პრეტენზია... - გასაგებია, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა. ყველა ადამიანები ვართ და ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ რაღაცები. მთავარია, ეს არ გამოხატავს მის სისტემურ დამოკიდებულებას თუ ცხოვრებისეულ პოზიციას.

- წინასაარჩევნო პერიოდშიც ასე იქცეოდა.

- მერწმუნეთ, ის სხვანაირი პიროვნებაა, იმისგან ბევრად განსხვავებული, რაც ჩანს. რაც მის მიმართ სიძულვილი და სიბინძურე ვნახეთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე რეაქცია არ გამოეხატა, რაც უნდა რკინის ნერვები ჰქონდეს. ჩვენ არ გვეგონა, რომ პიროვნულზე მიმართული ასეთი საზიზღარი კამპანია, პოლიტიკურზე არაფერს ვამბობ, ასეთ ზეგავლენას იქონიებდა ჩვენს ამომრჩეველზე.

- პიროვნულზე რა კამპანია იყო? - აღარ მინდა იმ სიბინძურის გამეორება... ჩვენდა მოულოდნელად, ამან აშკარად იქონია გავლენა ამომრჩეველზე.

- ახლა რომ გქონდეთ შანსი, კანდიდატურას შეცვლიდით? - არა. სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც ჩვენ შეგნებულად დავუჭირეთ მხარი და ეს გადაწყვეტილება ადვილად არ მიგვიღია. ძალიან კარგი კანდიდატი გვყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

- ამბობთ, რომ ახალი სტილის კამპანია დაიწყეთ, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლით და სამოქალაქო ომით ისევ იმუქრებით. სააკაშვილის ჩამოსვლის რატომ გეშინიათ? - საშიშად არ მიგვაჩნია. ერთადერთი დესტაბილიზაციის ფაქტორია. ჩვენ უნდა დავასრულოთ მიშას ეს უსასრულო მესიანიზმი, უბედურებები და ა.შ. "ნაცმოძრაობის" მთელი რიტორიკა არის ძალადობა და ეს აღარ გვინდა.

- მაშინ მუდმივად ამ თემას რატომ ააქტიურებთ? - იმიტომ, რომ ვეღარ მოვიშორეთ. მაინც თავი წამოყვეს და შესაშური მედეგობა გამოავლინეს.

- 2012 წლის შემდეგ მათი რეიტინგი სულ მზარდია. რით ხსნით ამას? თუკი ასეთი მხარდაჭერა აქვთ, ეს უნდა მიიღოთ კიდეც. არ ფიქრობთ, რომ დამოკიდებულება, უნდა მოვიშოროთ ამხელა რეიტინგის მქონე პარტიაო, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება? - ეს რეიტინგი არის ძალიან კარგი პიარტექნოლოგიებით მოქმედების შედეგი. მათ აქვთ ძალიან ძლიერი მედიასაშუალება, რომელსაც უკვე აღარ აქვს ობიექტურობაზე პრეტენზია. გარდა ამისა, მამა აბრამის ბატკნის ქურქში გაეხვივნენ და ეს არის ჩემთვის პოლიტიკური ცბიერების მწვერვალი. კა-გე-ბეს ნომენკლატურა, რომლისთვისაც რუსეთი მეორე სამშობლოა, წარმოაჩინეს როგორც პროდასავლური, პროევროპელი და ანტირუსული კანდიდატი, ხოლო ევროპაში დაბადებული და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების შთამომავალი - პრორუსულ კანდიდატად.

- გაჟღერდა რეორგანიზაციის საკითხიც. ვინ წავა და ვინ დაიკავებს მათ ადგილს? - ეს დეტალებია და მოგვანდეთ, რომ პარტიაშივე გადავწყვიტოთ. ძირითადად, პარტიულ სტრუქტურებზეა ლაპარაკი. როგორც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, პარტია უნდა გაძლიერდეს, ჩამოყალიბდეს სტრუქტურები და შეიქმნას მძლავრი ევროპული ტიპის პარტია. ამ პროცესებმა ეს უფრო დააჩქარა, თორემ ახალი არაფერია.

- თქვენ მიერ გამოქვეყნებული კვლევებიც და ეგზიტპოლებიც, ფაქტია, მცდარი აღმოჩნდა. ამის გათვალისწინებით, კვლევებს აღარ ჩაატარებთ თუ ბიგვავას აღარ დაუკვეთთ? - კვლევები, რა თქმა უნდა, იქნება. სამწუხაროა, რომ ეგზიტპოლების შედეგები რეალობას ასცდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბევრი სხვა პრობლემაც იყო.

რუსა მაჩაიძემ