რა მოხდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში - კვირის პალიტრა

რა მოხდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში

მოვლენების განვითარების რა სცენარს პროგნოზირებს თინა ხიდაშელი: "დაიწყება ერთწლიანი დიდი კლოუნადა, ბოლოს და ბოლოს "ქართული ოცნების" წევრებს ნერვები უმტყუნებთ და..."

"მეტი რა უნდა დაგემართოს, როდესაც გამარჯვებიდან მეექვსე წლისთავზე იმ პარტიამ, რომელზეც სულ ამბობდი, გავაქრეო, არჩევნები მოგიგო", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც თავის დროზე კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე იყო. მისი თქმით, ბოლო დღეებმა ცხადყო, რომ მმართველი პარტია რიტორიკის შეცვლას არ აპირებს და ეს ვაშაძის გამარჯვებას გარანტირებულს ხდის.

- ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით იმავე სტრატეგიით განაგრძობს საარჩევნო კამპანიას, რაც პირველი ტურის წინ იყო, შემაშფოთებელია. ჩნდება განცდა, რომ ვერ გაიგეს, რას ითხოვდა მათგან ამომრჩეველი და რატომ მიიღეს ეს შედეგი. ამომრჩეველთან ერთგვარად შანტაჟის, მუქარის ენით საუბრით, დაშინების, უმძიმესი მომავლის ჩვენების ხარჯზე ცდილობენ არჩევნების მოგებას, სინამდვილეში კი ამით ამომრჩეველს უმტკიცებენ საკუთარ უსუსურობას. ხელისუფლებაში ხარ, ძალაუფლება შენს ხელშია, ქვეყნის წესრიგზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება და ამასობაში ამომრჩეველს ეუბნები, რომ კონკრეტული არჩევნის გაკეთების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნი. ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ხელისუფლება არის "ქართული ოცნება" კონსტიტუციურადაც, არსებითადაც და ყველანაირად. ვინ გახდება პრეზიდენტი, სამოქალაქო ომი იქნება თუ არა, ამ მესიჯით "ქართული ოცნება" მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ვერ ფლობს სიტუაციას. ქართველი ამომრჩეველი არ აძლევს ხმას სუსტსა და უსასოოს, რომელიც იმაზეც კი ვერ აგებს პასუხს, რისი მანდატიც, მინიმუმ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ხელთ უპყრია. იმიტომ წააგეს არჩევნები პირველ ტურში, რომ სულ იმის მტკიცებაში იყვნენ, ეს ექვსი წელი თვითონ კი არა, "ნაცმოძრაობა" მართავდა სიტუაციას, არადა, "ნაციონალები" ხალხმა ექვსი წლის წინ გაისტუმრა. ამიტომ, ჩემი აზრით, მეორე ტურშიც იმავე შედეგს მიიღებენ.

- "ქართული ოცნების" მთავარი შეცდომა ეს იყო?

- ყველაზე მთავარი შეცდომა ამომრჩეველთან კომუნიკაციის არარსებობაა. ამ ექვსი წლის განმავლობაში იმის ძახილი, მე კი არა, ის არის დამნაშავეო, მაშინ, როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში, უნდობლობისა და სისუსტის განცდას აჩენს. ამიტომ გაბრაზდა ამომრჩეველი და გადაწყვიტა, დაესაჯა ხელისუფლება ისე, როგორც მას ყველაზე მეტად ეტკინებოდა.

- ხომ დაიჭირეს ზუგდიდის მერი ქრთამის აღებისთვის, განაცხადეს, რომ კანაფის ექსპორტზე უარს ამბობენ... - ზუგდიდის მერის დაკავება ერთგვარი დემონსტრაციაა მთელი იმ უბედურებისა, რაც "ქართულ ოცნებას" სჭირს. ამ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მას კი არჩევნები ჩააბარეს და რომ წააგო, მერე გადაწყვიტეს მისი დასჯა. ეს უკვე ცინიზმიც აღარ არის. რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ამ საქმეებს აპატიებდნენ? ამიტომ არა მგონია, რომ ამ ფაქტმა არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. მათ ფუნდამენტური მიდგომა სჭირდებათ, უპირველესად ამომრჩევლის პატივისცემა. ხელისუფლებამ უნდა უთხრას მოსახლეობას, რომ გზავნილი მიიღო და გაიგო, რომ აღარ აქვს ისეთი ლეგიტიმაცია, როგორიც ჰქონდა, რომ ამ ლეგიტიმაციას განახლება სჭირდება ამომრჩევლის შეხედულებებისადმი ადეკვატური დამოკიდებულებით.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ამომრჩევლის პატივისცემის დასტურად პოლიტიკური განაცხადის გაკეთება, რომ საპარლამენტო არჩევნები 2019 წელს იქნება იმისთვის, რათა იმუშაონ იმ ნდობის შენარჩუნებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ. აუცილებელია, გაბრაზებულ მოსახლეობას უთხრან, რომ მათი პოლიტიკა პრინციპულად შეიცვლება სწორედ მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე. ყველაზე სწრაფი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ანტიმონოპოლიური ღონისძიებები საბანკო სექტორსა და ჯანდაცვის სისტემაში. უნდა აიკრძალოს ორივე სფეროში მონოპოლიები, სწორედ ეს აღარიბებს მოსახლეობას.

თუმცა, სანამ ჩვენი პარლამენტი ისეთი ბიზნესმენებით არის სავსე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მონოპოლიების შექმნით არიან დაკავებული, ეს ვერ გაკეთდება. ხელისუფლებამ ამ ორ კვირაში უარი სწორედ ამაზე უნდა თქვას, თან კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რაც ხალხს დააჯერებს, რომ ეს ფუჭი სიტყვები არ არის.

- ამას რატომ ვერ აცნობიერებენ? თქვენ ხომ იყავით ამ ხელისუფლებაში და იცით, როგორ ხდება პრობლემის აღქმა... - არ ვიცი, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, იმიტომ, რომ მეტი რა უნდა დაგემართოს, როდესაც გამარჯვებიდან მეექვსე წლისთავზე იმ პარტიამ, რომელზეც სულ ამბობდი, გავაქრეო, არჩევნები მოგიგო. რატომაც წააგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები, შეიძლება გრძელი სია წარმოვადგინოთ. იმის ნაცვლად, რომ რეფორმების, პრობლემების მოგვარების დამაანონსებელი პრესკონფერენცია გამართულიყო, ივანიშვილს ხალხთან ელაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებს ხვალიდან, კვესიტაძეს ეკამათა და ხანდახან დიანა ტრაპაიძესაც ეტყოდა, შენც არა ხარ კარგი გოგოო. ამიტომ წააგო "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები. პრესკონფერენციაზე მათთვის მთავარი ამბავი იყო "ნაცმოძრაობასა" თუ "რუსთავი 2"-თან "შპილკაობა", ეკა გიგაურისთვის "კაპიტან გიგაურის" ძახილი და არა ამომრჩევლებთან მათი პრობლემების მოგვარებაზე ლაპარაკი.

- როდიდან გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ "ქართულმა ოცნებამ" გზიდან გადაუხვია, რა ფაქტორებმა იქონია გავლენა? - ვფიქრობ, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყო. ჩვენ ამას მაშინვე ვამბობდით, თუმცა, თუ მოვლენები სწორად განვითარდებოდა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ვითარების შეცვლა. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილმაც დიდი შეცდომები დაუშვა, როდესაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. არ შეიძლება პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდეს პოლიტიკური ამოცანები და არ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი. კვირიკაშვილის მთავარი შეცდომა ეს იყო და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემების უზარმაზარი კასკადი. ამის შემდეგ მივიღეთ ბიზნესმენების პარლამენტი, პოლიტიკური დღის წესრიგისგან დაცლილი მმართველობა და შესაბამისად, მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ჩვენ გვყავს ისეთი პარლამენტი და მთავრობა, სადაც ერთმანეთს ასწრებენ იმის თქმას, რომ პოლიტიკოსები არ არიან. არჩევნები, ქვეყნის მართვა პოლიტიკური პროცესია და როგორც კი ამისგან დისტანცირებას დაიწყებ, შედეგიც არ დააყოვნებს.

- როგორ იმართება "ქართული ოცნება"? - როგორც ბიზნესკორპორაცია. კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობისას მთელი სისტემა ასეთ მართვაზე გადავიდა, იმის მიუხედავად, ივანიშვილის სტილი როგორია, რომელიც, ცხადია, ასეთივეა. მაგრამ პასუხისმგებლობა კვირიკაშვილზეა, არ გამოვა ქვეყნის ექსელის ფაილით მართვა, სადაც წაგება-მოგებას დააჯამებ. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკურ გამოცდილებას და უამრავი რამის ცოდნას მოითხოვს. ჩემი აზრით, აქ იყო მთავარი შეცდომა და ყველა დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. მაგალითად, ეძახო შვილმკვდარ მამას რომელიმე პარტიის კოორდინატორი, ზუსტად იმის ბრალია, რომ წარმოდგენა არა გაქვს, პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა მართო, მორალი რომ არა გაქვს, ეს სხვა საკითხია. ვერ ხვდები, რომ ასეთი დამოკიდებულება იმ ადამიანებსაც კი აბრაზებს, რომლებიც შენ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. ასეთ დროს ყველა მშობელი ფიქრობს, რომ შესაძლოა ასეთი რამ მასაც დაემართოს და ხელისუფლება ასეთ პასუხს გასცემს.

- ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან უცნაურია, რომ არც ერთი მხარე არ ახსენებს არც ოქუაშვილის და არც სუბელიანის ამბავს. მით უმეტეს, რომ ოქუაშვილის ხელისუფლებასთან მორიგების შემდეგ ოპოზიცია ამაზე უფრო ხშირად უნდა ლაპარაკობდეს. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას ეს ამბები "დაავიწყდა"? - "ნაცმოძრაობა" ცალკე საუბრის თემაა. კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30-ე წლისთავზე, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს, კაცი, რომელიც ტიპაჟურად ქრესტომათიული კაგებეშნიკია. მე პირადად საშინელი განცდა მეუფლება.

- რა შეიძლება მოხდეს მისი პრეზიდენტობის დროს? - შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, იმის მიხედვით, თუ სადამდე გაიქაჩება, ჟარგონით რომ ვთქვათ. სააკაშვილი რასაც უნდა ბჟუტურობდეს, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და მერე გვექნება ქვეყანაში ერთწლიანი დიდი კლოუნადა, სადაც "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად უმტყუნებს ნერვები, აუცილებლად დაიწყებენ მეგაშეცდომების დაშვებას და ვიქნებით იმის გარჩევაში, ვინ მეტად ჩურჩუტია და ვინ უფრო დააზარალებს ქვეყანას და არა იმაში, როგორ წავიყვანოთ წინ ქვეყანა.

ძალიან მძიმე რეალობაა - ფაქტია, რომ ერთ-ერთი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი და რომელიც უნდა იყოს, ორივე კატასტროფაა. მაგრამ თუ ეს ორი კატასტროფა მაინცდამაინც უნდა განვასხვაოთ, ერთ შემთხვევაში ჩვეულებრივ კლოუნადას მივიღებთ, ოღონდ სახიფათო ფორმის, მეორე შემთხვევაში კი ჩვეულებრივ ჭაობს, ასევე სახიფათოს. ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და ჭაობში ვიქნებით, ვაშაძის პრეზიდენტობა კი ნიშნავს, რომ კლოუნადაში ვიქნებით, რომელიც ასევე სახიფათოა ქვეყნისთვის. მაგრამ ახლა ვიშვიშვის და "დედა, რა დაგვემართას" ძახილის დრო არ არის. მთავარია, ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ, არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყონ ფიქრი, რომ მინიმალური დანაკარგებით ან საერთოდ უდანაკარგოდ მივაღწიოთ საპარლამენტო არჩევნებამდე და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების ზრდასაც და პერსპექტივის გაჩენასაც...

საქართველოში ისევ ხმას აძლევენ ერთადერთი პრინციპით - გავბრაზდი შენზე, უნდა დაგსაჯოო და არა პოზიტიური მოლოდინის პრინციპით...

- სააკაშვილმა თქვა, რომ ის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს... - რა თქმა უნდა, ის თავის სიტყვას ისევე გადავა, როგორც ასიათასჯერ გადასულა. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაჩეროს, რომ არჩევნებიდან მესამე დღესვე ან ინაუგურაციის დღეს არ გამოგვეცხადოს, არის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ჯერ სასამართლო განაჩენი არ არის გამოტანილი და რაზეც ჯერ ვერ შეიწყალებს მომავალი პრეზიდენტი და ამ საქმეს მსვლელობა მიეცეს... ამან შეიძლება შეაჩეროს, რადგან ის ძალიან მშიშარაა და თეორიულადაც იმ საფრთხის არსებობის გამო, რომ შესაძლოა დააკავონ, დაბრუნება გადაიფიქროს.

- რესპუბლიკელებმა ვაშაძეს დაუჭირეს მხარი. რითი ხსნით ამ გადაწყვეტილებას? - "ნაცმოძრაობას" სჭირდება, ასე ვთქვათ, "გარეცხვა" იმით, რომ ვინც მისი ოპოზიციის წინა ხაზზე იყვნენ, მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე ასეთი პარტია მათ გვერდში დაუდგეს და ამიტომ არის, რომ სააკაშვილი დღეს რესპუბლიკელებს პირდაპირი მნიშვნელობით 24-საათიან რეჟიმში ეფერება.

მე ამ პარტიიდან წასვლის დღიდან ვთქვი, რომ მათზე არ გავაკეთებდი კომენტარს, მიუხედავად იმისა, რაც უნდა თქვან, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ თქვეს ჩვენზე, მაგრამ მე პატივს ვცემ იმ 12 წელს, რომელიც მათთან ერთად გავატარე და ნამდვილად არ ვაპირებ მათთან სპარინგის რეჟიმში ჩართვას. მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ მიკვირს... პრინციპში, მათი ამ ნაბიჯით შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ დავტოვე"რესპუბლიკური პარტია.

რუსა მაჩაიძე