კოტე ჯანდიერი: "ხალხმა ხელისუფლებას სილა გააწნა" - კვირის პალიტრა

კოტე ჯანდიერი: "ხალხმა ხელისუფლებას სილა გააწნა"

"შემზარავი სცენარი აქვთ გამზადებული რევანშისტებს და ხვალ ის შეიძლება რეალობად იქცეს"

ვის რა შანსები აქვს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები?! არჩევნების პირველი ტურის შედეგებს მწერალი კოტე ჯანდიერი აფასებს.

- ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზე მივიდნენ ძირითადად "ნაცმოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ერთგული, უმეტესად, პარტიულად მოტივირებული ამომრჩევლები. მომხრეთა ორგანიზება "ნაცებს" უკეთ გამოუვიდათ, ვიდრე "ოცნებას", მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს თითქოს ადმინისტრაციული რესურსიც ზურგს უმაგრებდა. ჩანს, აღარც ეს ყბადაღებული რესურსია უკვე ისეთი, რომ პარტიის პირველსავე დაძახილზე დარაზმული მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და მმართველი ძალისთვის სასურველ კანდიდატს ულაპარაკოდ მისცეს ხმა, როგორც ეს თუნდაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი კი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე და ამ ადამიანების უმრავლესობა არა სიზარმაცის, არამედ ხელისუფლებისადმი პროტესტის გამო დარჩა სახლში...

- არ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველმა "ოცნებას" პირველივე ტურში გააწნა სილა? - დიახ! თქვენ სილის გაწვნა ახსენეთ და სწორედ ზემოთ ხსენებული კატეგორიის არჩევნებზე არმისვლა მიმაჩნია ალიყურად, რომელიც ხალხმა რეალობას მოწყვეტილ, გაუცხოებულ ხელისუფლებას უთავაზა.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ თითქოს არც ისე მკაფიოდ, ხოლო კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ აშკარად დაადგა საზოგადოების იგნორირების გზას. დაიჯერეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მარტო დაამარცხეს (ხალხის გარეშე) და ამის გამო მადლიერ საზოგადოებას მუდმივად უნდა ეკრა ტაში.

თუკი ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ახალი საკონსტიტუციო მოდელის, სასამართლო რეფორმის, მურუსიძის, მარიხუანას პლანტაციების, უბიოგრაფიო ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის, იმავე ფარცხალაძის, ან მიშას დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაუბრუნებლობის შესახებ, ეს ხომ სისულელეა და რატომ უნდა გაეწიოს ანგარიში?! - ასე ფიქრობდნენ ისინი. და მოხდა შემდეგი - თუკი მიშას დროს განსხვავებულ აზრს დევნიდნენ და ახშობდნენ, აჩუმათებდნენ ციხეებსა და საწამებელ კამერებში, ახლა, უბრალოდ, მას იგნორირებას უკეთებენ. როდესაც ანა დოლიძისნაირი ახალგაზრდა, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლამის განწირული ყვირის, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხში შევიდა, ხოლო კომპრომეტირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც წამხდარ რეპუტაციას, რა პასუხს ვისმენთ ხელისუფლებისაგან? აზრის იგნორირება, სარკაზმი და მტრული დამოკიდებულება, ნაცვლად დაფიქრებისა. პროფესიონალი კადრების გვერდზე გაწევა და მათი ჩანაცვლება გაუგებარი ღირსებისა და გამოცდილების კადრებით იწვევს იმას, რომ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები სახელმწიფო სამსახურისგან თავს იკავებენ და მათ ადგილს ხშირ შემთხვევაში იჭერენ უვიცი კარიერისტები.

ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მთავარ მიზეზად ადამიანების უნიათობასა და ანალიზის უნარის არქონას მიიჩნევს და მთავრობის მუშაობაში ხარვეზებს ვერ ხედავს. ეს არის უკიდურესად მემარჯვენე ლიბერტარიანული მოსაზრება, რომელსაც საქართველოში კახა ბენდუქიძე ნერგავდა. საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისათვის ეს პოზიცია სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ამ მოსაზრების ტირაჟირება საქართველოში კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში!

ამას დავუმატოთ გამოუძიებელი საქმეები, რომლებსაც პროკურატურამ ვერა და ვერ დაადგა თავი, სურვილის არქონისა თუ კადრების დაბალი პროფესიონალიზმის გამო, იგულისხმება მირზა სუბელიანის ბნელით მოცული საქმე და სხვ. ჩემთვის სრულიად გასაგებია პროტესტი, რომელიც ამომრჩეველმა გამოხატა.

- მოვლენების როგორი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? - ახლა ჩვენ ძალიან სახიფათო მიჯნას მივუახლოვდით, რომლის იქითაც, სავარაუდოდ, ქაოსი, კრიზისი და სამოქალაქო დაპირისპირება იწყება. ამიტომ მეორე ტურში ისე ვეღარ მოვიქცევით, როგორც 28 ოქტომბერს, თავს ვერ მივცემთ ამის უფლებას. თუ პირველ ტურში სილა გავაწანით ხელისუფლებას, ახლა ჩვენი არჩევანით "ნაცმოძრაობას" უნდა ვუთხრათ - არა! წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

- ცოტა გადამეტებული ხომ არ არის ასეთი მოსაზრება? - როდესაც მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე გამოვთქვამ ვარაუდს, ამის სრული საფუძველი მაქვს. მე ვწერდი და ვლაპარაკობდი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე და ვითხოვდი იმ ხელისუფლების გასამართლებას... თუმცა სრულიად მიუღებელია, როდესაც ანალოგიურ აზრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრისგან ვისმენ. ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ არ დაუშვას მოვლენათა ასეთი ტრაგიკული განვითარება და მუდმივად უნდა იმეორებდეს, რომ ყველა რესურსსა და საშუალებას გამოიყენებს ამის აღსაკვეთად. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ შეცდომებსა და გაუაზრებელ გამონათქვამებს "რუსთავი 2", ან სხვა რომელიმე მედიასაშუალება ხელზე დაიხვევს და სათავისოდ გამოიყენებს.

- არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის მხრიდან მედიისა და არა ხელისუფლების გადაჭარბებულმა კრიტიკამ გამოიწვია გაღიზიანება? - შესაძლოა, თუმცა საქმე არა იმდენად მედიის კრიტიკაში, არამედ ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკის დეფიციტშია. ქართული მედიის მიმართ ბევრი კრიტიკული აზრი მომისმენია და ბევრ მათგანს ვეთანხმები, მაგრამ ჟურნალისტური კორპუსი ჩვენი საზოგადოების ნაწილია და ხასიათდება ყველა იმ ღირსებითა და მანკიერებით, რითაც დღეს ჩვენ ვართ ნიშანდებული. კარგია, რომ დღეს ჟურნალისტს შეუძლია მოურიდებლად დასვას ნებისმიერი შეკითხვა და გამოთქვას ნებისმიერი აზრი. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი ამ თავისუფლებას ზედმეტად პრაგმატული, ზოგჯერ მერკანტილური მიზნით, იაფფასიანი პოპულარობის ან წუთიერი რეიტინგის მოსაპოვებლად იყენებს და არ ფიქრობს გლობალურ შედეგებზე. მაგრამ განა ეს მარტო მედიის სენია? განა ჩვენ, არაჟურნალისტები, ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენი საქციელის შედეგებზე?!

ის ხალხი არა ვართ, რომელსაც "ქართული ოცნების" ქედმაღლობაზე გაბრაზებულს შეგვიძლია ხმა გრიგოლ ვაშაძეს მივცეთ, რომელიც "ნაცების" კაცთმოძულე რეჟიმის რეანიმაციას, ადამიანის მწამებლების ციხიდან გამოშვებას და მანიაკი სააკაშვილის დაბრუნებას ისახავს მიზნად?! ვფიქრობთ, ამას ხვალ რა შეიძლება მოჰყვეს?!

ქართულ მედიას, ცხადია, სერიოზული პრობლემები აქვს. ადრე თუ აშკარა მიკერძოება ან ტყუილი ცუდ ტონად ითვლებოდა და რაღაცნაირად ინიღბებოდა მაინც, ახლა ეს ხდება მოურიდებლად და თავხედურად. ეს მარტო ქართულ მედიას არ ეხება. მაგალითად, ჟურნალისტური პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის ეტალონად ცნობილი ტელეარხი CNN, ტრამპის პოლიტიკაში მოსვლისთანავე, "რუსთავი 2"-ის მაგვარ ოდიოზურ მედიად გადაიქცა.

- როდის იწყებს ხელისუფლება საკუთარი თავის "ჭამას" და, თქვენი აზრით, ეს "ქართულმა ოცნებამ" როდიდან დაიწყო? - საზოგადოებრივი აზრის იგნორირება პირადად ჩემთვის პირველად ცხადი შეიქნა, როდესაც საყდრისის საბადო ააფეთქეს.

იქ ვიყავი და კარგად მახსოვს იმ ახალგაზრდების სახეები, რომლებიც საბადოს გადარჩენას ცდილობდნენ. რა უთხრეს მათ? უთხრეს, რომ აქ არავითარი ღირებული ობიექტი არ არის, რომ საქვეყნოდ ცნობილი არქეოლოგი, თომას შტოლნერი, თაღლითი და კორუმპირებულია, რომ აშენდება ახალი მუზეუმი, სადაც გამოიფინება ის რაღაც არცთუ მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომლებიც აქამდე საყდრისშია აღმოჩენილი. საკითხის არსში ჩაუხედავი ჩინოვნიკები მსჯელობდნენ სამეცნიერო პრობლემატიკაზე, იმის ნაცვლად, რომ ჩამოეყვანათ ნეიტრალური, კომპეტენტური სპეციალისტები და მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე მიეღოთ გადაწყვეტილება.

უკულტურობასა და სიჯიუტესთან ერთად, ეს იყო საზოგადოების იგნორირებისა და საკუთარი–სურვილის აღსრულების დემონსტრირება. საინტერესოა, რა დივიდენდი მოუტანა ქვეყანას ამ ბარბაროსობამ? რა მოგება ნახა "არემჯი გოლდმა" და გადასახადების სახით რა თანხა შეიტანა ბიუჯეტში, რომ ამ სირცხვილად ღირდეს?

- კარგად გეცოდინებათ, თუ როგორი იყო მწერლების (უმრავლესობის) პოზიცია, ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს. მწერლების ფრანკფურტში "გასეირნებაზე" რას იტყვით? - არ მინდა ახლა ასე დაწვრილმანება... მე ვისაც ვიცნობ და ვისთანაც მეგობრობა მაკავშირებს, ადეკვატურად აფასებს ხელისუფლებასაც და "ნაცებსაც". როდესაც ნასვამ კაცს, ცუდადაც რომ იქცეოდეს, პოლიციის მანქანაში ჩააგდებ, ერთი საათი ქალაქის ქუჩებში ატარებ, სცემ, შეურაცხყოფ, მხოლოდ ამის მერე მიგყავს განყოფილებაში, ვიდეოს უღებ დამცირებულ, გაგიჟებულ კაცს და მთელ ქვეყანას აჩვენებ - ხედავთ, როგორ იგინება და ხულიგნობსო, რა ჰქვია ამას?! რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამაზე ნორმალურ ადამიანს, გინდა მწერალი იყოს და გინდა მევენახე?!

ერთმა ქალმა ისიც თქვა, აბა, მიშას დრო ყოფილიყო, ნახავდით რასაც უზამდნენო! უბედურება ის არის, ძალაუფლების მქონე ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე - რა გინდათ, "ნაცებს" ხომ ვჯობივართ, ხომ არ მოვკალით, ხომ არ გავაუპატიურეთ, ხომ არ დავიჭირეთო? ამიტომ რა, მადლობა გადაგიხადოთ და ხმა აღარ ამოვიღოთ?! რა გადაუხდელი ვალი გვაქვს თქვენი? ქართველმა ხალხმა აქამდე თქვენ მოგცათ ხმა ყველანაირ არჩევნებში და ახლა ხალხს კი არა, თქვენ გაქვთ ვალიც და ვალდებულებაც ქვეყნისა და მისი მოსახლეობის წინაშე, რომლის აზრსაც აქამდე ანგარიშს არ უწევდით.

- და მაინც, თუ გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, პროცესების როგორი განვითარება მოჰყვება ამას? ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემამდე მივალთ თუ უფრო რთულად ელოდებით მოვლენების განვითარებას? - ვიმეორებ, "ნაცების" კანდიდატი ღიად აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი სააკაშვილის, "ორი გვამის" მაძიებელი მერაბიშვილის, ახალაიების, ქარდავების, "ქილერასა" და სხვა სახელმოხვეჭილი სადისტების შეწყალებაა. მავანი იკითხავს: რა გეშინიათ ამ ერთი მუჭა დამნაშავეებისა?! მათი არც მაშინ შეშინებია ხალხს, როდესაც ეს პოლიტიკური კანიბალები ძალაუფლების ყველა ბერკეტს ფლობდნენ, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს, ქუჩებში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ციხეებში წამებით კლავდნენ და არც ახლა შეეშინდება.

მაგრამ ასეთი შეწყალების აქტი აუცილებლად გამოიწვევს უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, პროცესების რადიკალიზაციას (რაზედაც თემურ ალასანია ოცნებობს), ქუჩის აქციებსა და სამოქალაქო დაპირისპირებას; ქაოსი, ნგრევა და არეულობა რამდენიმე ათწლეულით უკან გადააგდებს ჩვენს ქვეყანას და შედეგად მოიტანს ინვესტიციების შეჩერებას, ისედაც სუსტი ეკონომიკის სრულ მოშლას, კატასტროფულ უმუშევრობასა და ტოტალურ სიღარიბეს.

ეს შემზარავი სცენარი აქვთ გამზადებული რევანშისტებს და ხვალ ის შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი ჩვენს განაწყენებას და სიბრაზეს გონივრულ კალაპოტში არ მივმართავთ, ყველანი ერთად არ გამოვალთ არჩევნების მეორე ტურში და საბოლოოდ უარს არ ვეტყვით "ნაცმოძრაობას". ეს არ იქნება დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვება, ეს საზოგადოების გამარჯვება იქნება, თანაც ისეთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ მიიწერს საკუთარ თავზე, ვერ მიითვისებს და ვერ მოგვპარავს. მე მჯერა ქართველი საზოგადოების გონიერების.

- როგორ ფიქრობთ, "ქართულ ოცნებას" სხვა კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი, პირველი ტურის შედეგები შეიცვლებოდა? - არ ვიცი, მაგრამ ერთში კი დარწმუნებული ვარ - პირველ ტურში ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სისხლიან რევანშისტებზე გამარჯვების გზა დღეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე გადის და სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. მან უნდა გაიმარჯვოს არა ხელისუფლების, ან ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, არამედ ჩვენი საზოგადოების გონივრული, კარგად გააზრებული არჩევანის საფუძველზე. წერტილი უნდა დავუსვათ გაუთავებელ არჩევანს "ნაცებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის. პირველ ტურში დამარცხდა "ქართული ოცნება", მეორეში კი "ნაცები" უნდა დავამარცხოთ! მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიბადოს ახალი, ნორმალური პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეცვალოს ხელისუფლება და ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადაიბაროს.