"ოქრუაშვილი წითელი ხაზია" - რას წერს გიგი უგულვა გრიგოლ ვაშაძის ირაკლი ოქრუაშვილთან ვიზიტზე? - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილი წითელი ხაზია" - რას წერს გიგი უგულვა გრიგოლ ვაშაძის ირაკლი ოქრუაშვილთან ვიზიტზე?

გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს.

როგორც უგულავა ამბობს, „გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს "პოდმოსკოვსკი" „დაჩაზე“, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა, როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება“.

„გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი. აქვე ვიტყვი, ეს პოსტი ეძღვნება ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას. „ევროპული საქართველო“ ერთგულია თავისი გადაწყვეტილების - ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მიმართ უარს, ასუსტებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს და პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წაყვანის შანსს იძლევა. ანუ ის, რაც ივანიშვილის გეგმით 2024-დან შეიძლება დაწყებულიყო, შეგვიძლია დავიწყოთ 2019-დან. ამ ხუთი წლისთვის კი ღირს ბრძოლა და ბევრი უსიამოვნების ატანა.

ოღონდ რა შუაშია აქ ოქრუაშვილი? თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ გორის რაიონში რამდენიმე პროცენტით მოვიმატებთ მხარდაჭერას, მწარედ სცდება. მართალია, იმ 605 ათასი ადამიანისთვის მეორე ტურისთვის შესაძლოა სულერთია, ვის შეხვდება მათი რჩეული კანდიდატი ვაშაძე. ისინი მას მხარს დაუჭერენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ხედავენ, მაგრამ მეორე ტურში ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საჭიროა „ევროპული საქართველოსა“ და სხვა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა. აქ კი ოქრუაშვილი წითელი ხაზია. ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს "პოდმოსკოვსკი" „დაჩაზე“, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა, როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება. ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენებები მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა ლამის მუხლზე იქვე დარბაზში უწერდა ტექსტებს, რა უნდა ელაპარაკა, რომ საქმე შეკერილიყო. საზოგადოებას არ უნახავს ამ თემაზე მისგან სინანული, მეტიც, აქეთ ამადლის გრიგოლ ვაშაძეს, ჩემთვის ძნელია იმის დავიწყება, რა „პერიპეტიებიც გვქონდაო“. ამით პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას „ოცნებას“, რადგან ოქრუაშვილი „ოცნების“ იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უარი უთხრა. უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს. როდესაც იქეთ იგორ გიორგაძე აქტიურობს, აქეთ ოქრუაშვილის გამოჩენა, ბევრ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, უბიძგებს დასვას ტოლობის ნიშანი. „ოცნებასთან“ ტოლობა კი მეორე ტურში მარცხის ტოლფასია.

ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რას ეფუძნება „ოცნების“ პროპაგანდა. შიშის დათესვას, რომ თუ „ოცნება“ დამარცხდა ყველას გააკულაკებენ. თუ ვინმე იყო ჩვენი ხელისუფლებიდან, ვინც საზოგადოების მეტწილად ლეგიტიმურ შიშებს ასაზრდოვებს, ეს ერთ-ერთი ოქრუაშვილია. სად არის აქ არჩევნებისთვის აუცილებელი პრაგმატულობა ან მორალური სიმტკიცე. ან რა ფასი აქვს ოქრუაშვილის მხარდაჭერის სიტყვებს, მას ჩვენება 10-ჯერ აქვს შეცვლილი. რა ფასი აქვს მის მე-11 თუ მეოცე სიტყვებს? ის ხომ მას სიტუაციის მიხედვით კიდევ მრავალგზის შეცვლის. ან ჩვენებები მაინც უარყოს, სასამართლოში ფიცის ქვეშ, ზღაპრებს რომ ყვებოდა. სად, როდის ან რატომ უნდა ვენდოთ ამ პოლიტიკურ გვამს, ბოლო დრომდე „ოცნების“ პროკურატურის სათამაშოს. ფასი გვითხარით, რატომ უნდა ავიტანოთ და მივიღოთ მორალურად და პრაგმატულად დამანგრეველი გადაწყვეტილება? ერთი სიტყვით ირაკლი ოქრუაშვილი არ „პრავდება“!

როგორ მოვიქცეთ? მივიდეთ და ხმა მივცეთ აბსოლუტური ბოროტების წინააღმდეგ. თვალი არ დავხუჭოთ და ვაკრიტიკოთ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ უაზრო ქმედებისთვის, სულ მცირე იმ მიზნით, რომ კიდევ არ გაიმეოროს. ნაცვლად ლანძღვა-გინებისა ვეძებოთ მოკავშირეები მის შტაბში, რომ თავი დავიზღვიოთ მომდევნო ავარიებისგან. ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია და მუდამ უნდა გვახსოვდეს: #არასალომეს, #არაივანიშვილს, #კიპროპორციულარჩევნებს, #ვაშაძეპრეზიდენტად“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტობის კანდიდატი და ექსმაღალჩინოსანი?

"ინტერპრესნიუსი"