"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - ამიტომ ქუდზე კაცი არჩევნებზე" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - ამიტომ ქუდზე კაცი არჩევნებზე"

ის ჯოჯოხეთი, სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - ამიტომ ქუდზე კაცი არჩევნებზე! - ასე მიმართა “ვერის პარკში“ შეკრებილებს ამირან რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა. მეტრეველმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სთხოვა და განაცხადა, რომ “ეს არის არჩევნები სიბნელესა და სინათლეს შორის“.

“დღეს აქ ვხედავ იმ სახეებს, რომლებიც მთელი ცხრა წელიწადი ერთად ვიდექით იმ ტყვიებში, ცეცხლში, გაზების გაშვების პერიოდში. ათასი უბედურება გადავიტანეთ და მაშინ არ შეგვშინებია. მინდა აქედან ვუთხრა “ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს აქ ვიკრიბებით იმიტომ კი არა, რომ თქვენი გვეშინია, ჩვენ დაგამარცხებთ ძალიან დიდი გამარჯვებით, დიდი პროცენტით.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად არიან განაწყენებული და მხოლოდ იმიტომ არ მოვიდნენ არჩევნებზე. ასეთი შედეგიც ამიტომ დადგა. თუმცა, ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდში იდგნენ და სისხლით და მთელი ძალისხმევით მოვიპოვეთ 2012 წლის გამარჯვება. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, უკვე აცნობიერებენ რა რეალობის წინაშე დავდექით. ის ჯოჯოხეთი, სააკაშვილის ჯურღმულები შეიძლება დაბრუნდეს უკან, რასაც არ დავუშვებთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში.

ვერაფრით გავჩერდებოდი სახლში, რომ ხმამაღლა არ გამომეთქვა ჩემი აღშფოთება და ჩემი აღელვება. გაიხსენეთ ჩემი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა 40 წლის ქალს დამიმთავრეს აბსოლუტურად ყველაფერი: დედობა, ბებიობა... ახლა უკვე დახუნძლული უნდა ვიყო შვილიშვილებით და არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში. კიდევ კარგი, რომ დისშვილები მყავს და ისეთი ახლობლები, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვცოცხლობ ზუსტად თქვენთვის, ხალხისთვის. ვცდილობდი, ხელისუფლებამდე მიმეტანა ეს ხმები და ვახერხებდი ხშირ შემთხვევაში, რომ ყველას დავხმარებოდი, რითაც შემიძლია. ახლა მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ეს ჩემი ტრაგედია გაითავისეთ! თუ ესენი დაბრუნდნენ, აუცილებლად იქნება სხვა ბუტა, სხვა გიორგი, სხვა სანდრო და მიყვება ამას ასეთი უბედურება - არავინ არის დაზღვეული, რომ მის შვილებს არ შეეხებიან“, - განაცხადა ია მეტრეველმა ვერის პარკში გამართულ აქციაზე.

"ინტერპრესნიუსი"