"ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყება?! - ვის აჩვენებს წითელ ბარათს ივანიშვილი? - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყება?! - ვის აჩვენებს წითელ ბარათს ივანიშვილი?

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი, რომლის თანახმად, მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ქვეყანაში კვლავაც განხილვის მთავარ თემად რჩება. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერილ და ოპოზიციური კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის 1%-იანი სხვაობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა, რომ არა აგრესიული რევანშის საფრთხე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" მომდინარეობს.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაანალიზებით? - ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან.

მამუკა არეშიძე: - მიღებული შედეგი საზოგადოებამაც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კულუარულად "ქართული ოცნების" დამარცხებად აღიქვეს. ის სტაბილური შედეგი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, თვალსა და ხელს შუა გაქრა.

"ქართულმა ოცნებამ" ეს უპირველესად, უნდა დააბრალოს საკუთარ თავს და სხვას არავის, თუმცა თავიდანვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სათავისოდ სწორად წარმართული წინასაარჩევნო კამპანია. შემთხვევით არ მითქვამს, სათავისოდ-მეთქი, ზოგადად კი ეს კამპანია დაფუძნებული იყო ადამიანის ღირსების შელახვაზე, ტყუილზე, თავაშვებულობასა და ზიზღის დამკვიდრებაზე, რაშიც მათ მოახერხეს მმართველი ძალის აყოლიებაც, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობაში "ქართული ოცნება" ისეთივე ამორფული იყო წინასაარჩევნო კამპანიისას, როგორიც წლების განმავლობაში.

მამუკა არეშიძე

"ქართულ ოცნებას" დაუდგა მომენტი, როდესაც მასზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა უარი უთხრა, ნაწილობრივ - არჩევნებზე წაუსვლელობით, ნაწილობრივ კი - მის წინააღმდეგ ხმის მიცემით; მეტიც - ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილ კანდიდატსაც კი მისცა ხმა.

ასეთი გაბრაზება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: სამართლიანობის აღდგენის პროცესის უკიდურესად გაჭიანურებამ, დაპირებების შეუსრულებლობამ, უმძიმესმა საკადრო პოლიტიკამ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმახინჯესმა კოაბიტაციამ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი აზრითაც კოაბიტაცია აუცილებელი იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ფორმა. ამას დაემატა მხარდაჭერისთვის, შეიძლება ითქვას, მთლად სწორად ვერშერჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც არ არის არჩევნების შედეგის უმთავრესი მიზეზი, მაგრამ თავისი წვლილი ამანაც შეიტანა.

თუ გონს ვერ მოვა "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი, რომელიც გაქსუებულ პოზაში დგას, 2020 წელს "ოცნება" უარეს შედეგს მიიღებს.

...

თუ ხელისუფლება ყველა მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს ვერ დაინახავს, ვერ გააანალიზებს და დაგროვილ კითხვებს ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს, მაშინ ეს არჩევნები რომც გადააგორონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აღარ ექნებათ. მხოლოდ საკუთარი დაპირებების თანამიმდევრულად შესრულებით შეიძლება მიაღწიონ წარმატებას.

ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა და სამუშაო ადგილების შექმნა მცირე ინდუსტრიის განვითარების მეშვეობით; მხოლოდ ასე შეიძლება მოახერხონ დაკარგული ნდობის აღდგენა.

...

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასა" და მისდამი დამოკიდებულებას... კოაბიტაცია ვახსენე და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და არ მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" სწორედ იმიტომ, რომ ეს კოაბიტაცია არ მოსწონს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ლამის სააკაშვილის რეჟიმის ამა თუ იმ წარმომადგენელთან შერწყმად იქცა...

ვერ იგებენ ადამიანები, რაღატომ იდგნენ წლების განმავლობაში ქუჩაში, წვიმასა და ქარში, თუკი ის ადამიანები, ვისაც ებრძოდნენ, ვინც ამდენი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ისევ მაღალ თანამდებობებზე იქნებიან - სამართალდამცავი სტრუქტურები იქნება, პროკურატურა თუ სასამართლო...

მათ რომ ჰკითხო, "ნაციონალური მოძრაობა" არსად წასულა, ისევ ხელისუფლებაშია. მართალია, მართვის მეორე, მესამე რგოლებში, მაგრამ ისევ ხელისუფლებაში.

ამათ პირველ რგოლშიც "ნაციონალები" თუ დაემატნენ, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დაატრიალონ ქვეყანაში.

ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია "ნაციონალური მოძრაობის" ნაშთის სახით, იმავეს აკეთებენ, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს აკეთებდნენ...

"ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერი გაუთავებლად ლაპარაკობს ცხრა წელზე, მაგრამ ეს ცხრა წელი არ არის, ცხრას ექვსიც უნდა მიუმატონ, რაც უკვე 15-ია. დიახ, 15 წელია, ისინი უყურებენ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს კონკრეტულ თანამდებობებზე, რომლებიც კვლავაც ძველი მეთოდებით ემსახურებიან სისტემას და ამაგრებენ მას... ამის პარალელურად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა სოციალური ფენა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ "გაბრაზებულები". მათი თავისკენ შეტრიალება ხელისუფლებას ხუთჯერ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა დასჯდომოდა. აქ თანხაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რაც ამ ხალხს "ქართული ოცნებისკენ" მოატრიალებს.

თუ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა თუნდაც ერთ კვირაში - მე არ ვამბობ კოაბიტაციის სრულად მოშლას, ეს ასე უცებ არ გამოვა - შეიძლება ჯერ კიდევ მოახერხოს ამ "გაბრაზებულების" გულის მოგება. მაგალითად, ოქუაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებს სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი. მინისტრები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მაგან ბოლო კაპიკამდე უნდა გადაიხადოს დავალიანებაო; ახლა მილიონი შეიტანა და ეს ამბავიც დასრულდა, არადა, კაცმა ლამის ქვეყანა დააქცია. ოქუაშვილმა მოატყუა "იბერიის" თანამშრომლები, დააშანტაჟა მთელი საზოგადოება, მაგრამ გაუვიდა, იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი; ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივედით და ახლა ვითომ არაფერი - არხეინად მუშაობს საწარმო, ყველაფერი რიგზეა, ერთადერთი "იბერია" შეეწირა ამ ამბავს.

რატომ და როგორ დაექვემდებარა ხელისუფლება შანტაჟს?! ვინ უნდა აგოს ამ პროცესებზე პასუხი?! - აი, ამ კითხვებს უნდა გაეცეს სასწრაფოდ პასუხი. თუ მმართველ პარტიას გადარჩენა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიცილოს და გამოძიება დაიწყოს ხელისუფლებასთან შეზრდილ იმ "რუხი კარდინალების" წინააღმდეგ, რომლებიც ხელს აფათურებენ ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მაფიოზურ-ოლიგარქიული სქემებით მუშაობენ.

დროულად, მეორე ტურამდე უნდა გაეცეს პასუხი 16 წლის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც, თორემ "ქართული ოცნება" ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის ტვირთისგან ვერასდროს გათავისუფლდება.

იმ ადამიანების უგულებელყოფა - დავარქვათ მათ პირობითად 2012-იანები - რომელთაც მოიყვანეს ეს ხელისუფლება, გვერდით ედგნენ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, იყო უდიდესი შეცდომა. ამ ხალხის დაბრუნებაა ახლა საჭირო.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება!"