"თუ "ქართული ოცნების" რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"თუ "ქართული ოცნების" რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ"

"ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს.

"რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს! ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას, და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის.

არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს - ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ "ქართული ოცნება" ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. მაგრამ არ შეიძლება მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად! ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია. 2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა", - აცხადებს ივანიშვილი.

იხილეთ ვიდეო - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა