"ივანიშვილმა დამფრთხალი ბელადის შთაბეჭდილება დატოვა, მას ამდენი ბოდიში 6 წლის განმავლობაში არ მოუხდია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა დამფრთხალი ბელადის შთაბეჭდილება დატოვა, მას ამდენი ბოდიში 6 წლის განმავლობაში არ მოუხდია"

ივანიშვილმა დამფრთხალი ბელადის შთაბეჭდილება დატოვა, მას ამდენი ბოდიში 6 წლის განმავლობაში არ მოუხდია, არათუ ხალხისთვის, არამედ არავისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განუხადა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მისი გადასაწყვეტია ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ.

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან შემცბარი საუბრობდა, ასეთი ის არ გვახსოვს. გარეგნულადაც კი ეტყობოდა მას, რომ ძალიან შეშფოთებულია. დამფრთხალი ბელადის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ამდენი ბოდიში მას ერთად აღებული არ მოუხდია 6 წლის განმავლობაში არათუ ხალხისთვის, არამედ საერთოდ ვინმესთვის. სრულიად ნათელია, რომ ივანიშვილი ერთი მხრივ, კვლავ თვლის, რომ მისი გადასაწყვეტია ბევრი რამ, რომ შეცვლის საკადრო პოლიტიკას, ძველ გვარდიას მოუწოდებს, პენსიონერებს მოისყიდის, ანუ, ინტელექტის თვალსაზრისით რაიმე სიახლე არ ყოფილა, მე მგონი, კიდევ უფრო გაუარესებაა, ვიდრე იყო",- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა.