"ბევრ ქართველს არ სურს, მისი "საქმენი საგმირონი" სამშობლოში გაიგონ" - რატომ აძევებენ ქართველ მიგრანტებს საქსონიიდან? - კვირის პალიტრა

"ბევრ ქართველს არ სურს, მისი "საქმენი საგმირონი" სამშობლოში გაიგონ" - რატომ აძევებენ ქართველ მიგრანტებს საქსონიიდან?

გერმანიაში სოციალური დახმარებით მიღებული "შემოსავალი" ბევრად მეტია საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე. უვიზო რეჟიმი კი ხელს უწყობს ბედნიერების საძებნელად წასვლას. გერმანიის სამაუწყებლო კომპანია «Deutsche Welle»-ს მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეოსიუჟეტში ასახულია ქართველი მიგრანტების მდგომარეობა საქსონიაში, სამშობლოში მათი დეპორტაციის მიზეზები და მიგრაციის შემცირების პერსპექტივა.

სტუდიაშია "DW - ახალი ამბების" წამყვანი მარგარიტა კალცი:

"მიგრაციული კრიზისი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ლტოლვილები გერმანიაში მარტო იმისთვის არ ჩამოდიან, რომ თავი დააღწიონ სამოქალაქო ომს ან რეპრესიებს, არამედ სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად და სამუშაოს საძებნელად. ამას წინათ ჩვენს გადაცემაში ვაჩვენეთ ჩეჩნეთიდან ჩამოსული ლტოლვილები, მოგიყევით, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სამშობლოდან მოშორებით, დღეს კი გთავაზობთ ნახოთ ვიდეოსიუჟეტი საქართველოდან ჩამოსული მიგრანტების შესახებ.

როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, საქსონიის დედაქალაქს ელბაზე მდებარე ფლორენციას უწოდებენ. გასულ წელს ქალაქმა ორ მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. მაგრამ დრეზდენში ყველა ბაროკოს ტიპის არქიტექტურული ძეგლების სანახავად არ ჩადის. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო (უფრო სწორედ, ვიზალიბერალიზების) რეჟიმი დააწესა, საქსონიაში ქართველთა თხოვნებმა თავშესაფრის მიღების თაობაზე თითქმის სამჯერ იმატა.

ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა პირველადი განთავსების ცენტრი დრეზდენის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ქალაქის მაინცდამაინც პრესტიჟული კვარტალი არ არის. ჰამბურგერშტრასეს 19 ნომერში მდებარე მავთულხლართშემოვლებულ შენობაში თითქმის 500-მდე ლტოლვილის სტატუსის მაძიებელია განთავსებული. მათ ვერ დაელაპარაკები, გარეშე პირებისათვის შესვლა აკრძალულია - დაცვა ჟურნალისტებს ახლოს არ უშვებს, თუმცა თვითონ მიგრანტებსაც ინტერვიუს მოცემა მაინცდამაინც დიდად არ სურთ, რადგან ადვოკატები და სოციალური უზრუნველყოფის კონსულტანტები მათ ჟურნალისტებთან კონტაქტს არ ურჩევენ. აქ პოლიცია ხშირად მოდის და ქუჩის დასახელებასაც მასმედიის მასალებში ხშირად წაიკითხავთ. ჰამბურგერშტრასეს 19-ში მომხდარ ამბებს ექსპერტები კორექტულად უწოდებენ "კონფლიქტს ძალადობით", რაც, უბრალოდ, ჩხუბია და სხვა არაფერი.

გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა შორის, განაცხადების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობენ სირია, ერაყი, ავღანეთი და, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, დემოკრატიული, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მსურველი მზიური საქართველო. ჰამბურგერშტრასეს №19-ში მდებარე შენობის ყოველი მე-5 ბინადარი სწორედ საქართველოდან გახლავთ. 2018 წელს გერმანიაში 2976 განცხადებაა დაფიქსირებული ქართველების მიერ.

ეთერ ხახმანი სანიმუშო-საჩვენებელი ქართველი მიგრანტი გახლავთ. იგი თბილისში გაიზარდა. რვა წლის წინ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩამოვიდა, მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, შევიდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და ამჟამად პარტიის დრეზდენის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა აქვს, წერს სადოქტორო დისერტაციას და შეთავსებით მუშაობს უცხოელთა საქმეების საქალაქო საბჭოში, რომლის მიზანს მიგრანტებისადმი დახმარების გაწევა წარმოადგენს. ეთერ ხახმანს ზოგჯერ სასამართლოებში თარჯიმნადაც ეძახიან, სადაც მას მიგრაციის კიდევ ერთ ასპექტთან აქვს შეხება: "მინახავს ადამიანები, რომლებიც საქართველოდან, რუსეთიდან (ჩეჩნეთიდან) ჩამოდიან. ისინი, ასე ვთქვათ, ერთად "მუშაობენ" მაღაზიებშიც, სადაც ცუდ საქმეებს აკეთებენ, ქურდობენ".

ეთერ ხახმანი თვლის, რომ ქართველებს გერმანია ცხოვრების მაღალი დონითა და სოციალური უზრუნველყოფის საუკეთესო მდგომარეობით ხიბლავთ. "საქართველოში ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ სოციალური პრობლემები მაინც დარჩა, გერმანიასთან შედარებით სიტუაცია კოლოსალურად განსხვავდება", - ამბობს ეთერი და უბრალო მაგალითი მოჰყავს: გერმანიაში ადგილობრივი მასშტაბით საკმაოდ მცირე სოციალური დახმარება, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელს ეძლევა, თვეში 400 ევროა. თუ ჩამოსული წყვილია (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი...) მათი საერთო შემოსავალი, შესაბამისად, 800 ევრო. იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის მობინადრეები ფულს არ იხდიან არც საცხოვრებელ ფართობსა და არც კვებაში, სოციალური დახმარებით მიღებული სუფთა "შემოსავალი" ბევრად მეტია საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე. უვიზო რეჟიმი კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცდუნებას ევროპაში წასვლისათვის, ბედნიერების საძებნელად. ეთერ ხახმანი

მაგრამ გერმანიის ხელისუფლება კატეგორიულადაა განწყობილი: სიღარიბე გერმანიაში ჩამოსვლისა და აქ საცხოვრებლად დარჩენის მიზეზი არ უნდა იყოს. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობა 1%-ს არ აღემატება. გერმანიაში დარჩენის მიზნით ჩამომსვლელთა რაოდენობის შესამცირებლად ფედერალური მთავრობა გეგმავს საქართველო "უსაფრთხო" ქვეყნად გამოაცხადოს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით საბოლოოდ მიღებული არ არის.

გასულ თვეებში (სექტემბერ-ოქტომბერში) ლაიფციგიდან თბილისში ორი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდა - თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. მიგრანტების გაძევება სპეციალურად ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ხელისუფლებისათვის "იაფი სიამოვნება" ნამდვილად არაა: საქსონიაში მოქმედ ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, ხარჯებმა შეიძლება 95 ათას ევროს მიაღწიოს.

საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად ფედერალური მხარის ტერიტორიაზე საქართველოს 511 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე და რომლებიც ვალდებულნი არიან გერმანია დატოვონ.

ლტოლვილთა საბჭოში მიგრანტების მასობრივად გაძევებას კრიტიკულად უყურებენ. საბჭოს პრეს-მდივანი მარკ გერტნერი ხელისუფლების ქმედებას "საშინელს და უმოწყალოს" უწოდებს: იყოფა ოჯახები, უკან აბრუნებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებთაც სამშობლოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლიათ. მარკ გარტნერი განმარტავს ხელისუფლების პოლიტიკის მიზეზს: საქმე ისაა, რომ საქსონიის მესვეურები, რეგიონული პარლამენტის არჩევნების წინ (რომელიც 2019 წელს გაიმართება), მიგრანტების დეპორტაციის სტატისტიკის ზრდით არიან დაინტერესებულები. ადგილობრივი მმართველი პოლიტიკურ ძალა - ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია - შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აკონტროლებს და მკაცრი პოლიტიკის მეშვეობით მემარჯვენე-რადიკალურ პარტია "გერმანიის ალტერნატივას" კრიტიკისათვის არგუმენტებს ხელიდან აცლის. თვითონ მარკ გერტნერი ქართველებს "ეკონომიკურ მიგრანტებად" არ მიიჩნევს: როგორც იგი ამბობს, საქართველოში კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარების არარსებობა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება და ამიტომაც სამშობლოდან მათ გაქცევას ლეგიტიმური საფუძველი აქვს.

გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი Deutsche Welle-ს კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველ მიგრანტთა დიდი უმრავლესობის თხოვნები თავშესაფრის მიღებაზე უსაფუძვლოა. "საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა მიგრანტების მხრიდან განცხადებების მატებაზე - არამარტო გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც - და შესაბამისი ზომები მიიღო საკანონმდებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით: მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, არალეგალურ მიგრანტთა სისხლის სამართლებრივი დევნა და მკაცრი კონტროლი ქვეყნიდან გასვლაზე საქართველოს საელჩოს მონაცემებით, ამ ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღო: 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ, იანვართან შედარებით, 77%-ით იკლო. "იმედი გვაქვს, სიტუაციის გაუმჯობესება გაგრძელდება", - თვლის ქართველი დიპლომატი.

საქსონიაში ქართველ მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ქართული ენის მცოდნე თარჯიმნებზე მოთხოვნის ზრდასაც იწვევს. მხარის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქსონიის ფედერალური მხარის საპყრობილეებში მყოფი პატიმრების თითქმის მესამედი უცხოელია, თანაც ქართველები რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილს იკავებენ (წინ მხოლოდ პოლონეთი, ტუნისი და ლიბიაა). შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები თარჯიმნებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა: 104 ათასი ევროდან 2015 წელს 534 ათას ევრომდე 2018 წელს. ქართული ენა ისეთი ენების რიცხვში შედის, რომლის მცოდნე თარჯიმნებზე დიდი მოთხოვნილებაა - სადღეღამისო "ცხელი ხაზების" მეშვეობით გამოძახებისათვის - პოლიციებში, სასამართლოებში და საავადმყოფოებში.

როგორც ეთერ ხახმანი ვარაუდობს, ბევრ ქართველ მიგრანტს არ სურს, რომ მათი "საქმენი საგმირონი" სამშობლოში გაიგონ: ისინი ნათესავებს ეუბნებიან, რომ გერმანიაში მუშაობენ ან უნივერსიტეტებში სწავლობენ, სინამდვილეში კი ლტოლვილთა განთავსების ცენტრში, მავთულხლართების მიღმა სხედან. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები

მოამზადა სიმონ კილაძემ