"ოცნების" გამარჯვებისთვის მათ შორის საჭიროა: ირაკლი კობახიძის შეცვლა ლევან კობერიძით, იუსტიცის მინისტრად კახი კახიშვილის დანიშვნა და..." - კვირის პალიტრა

"ოცნების" გამარჯვებისთვის მათ შორის საჭიროა: ირაკლი კობახიძის შეცვლა ლევან კობერიძით, იუსტიცის მინისტრად კახი კახიშვილის დანიშვნა და..."

"ქართული ოცნების" გენერალური ხაზი არის აპოკალიფტური პიარი - მოვა მიშა და დაიწყებს რევანშს. მხოლოდ ამ ლოზუნგით გამარჯვებამდე ვერ მივა, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა.

"ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" შიში ჰქონდა, მათი უმრავლესობა პირველ ტურში უკვე გამოვიდა. ახლა "ქართულ ოცნებას" სჭირდება დაეწიოს გაერთიანებულ ოპოზიციას, "ევროპულ საქართველოს" ხმებს და გადაუსწროს. გაცილებით მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება", - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა საკმარისი არ არის "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის.

"სრული პაკეტია გასაკეთებელი. ის, რომ გენერალური აუდიტორის ცემისთვის ფარცხალაძეზე საქმე აღიძრა, ან მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს გამოიწვევენ, არ არის საკმარისი "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის. მათ სრული პაკეტი უნდა შესთავაზონ საზოგადოებას. პაკეტზე როცა ვსაუბრობ, ასე წარმომიდგენია, მაგალითად: პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ლევან კობერიძით, რომელიც კონსენსუსური ფიგურაა და მისაღებია ყველასთვის, იუსტიცის მინისტრად - "ქართულ ოცნებაში" შემორჩენილი რეიტინგული კახი კახიშვილის დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სამი ისეთი შესაძლო კანდიდატის შეთავაზებას, რომლებმაც შეძლეს და ამ წლების განმავლობაში, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ დარჩნენ. ასევე, აუცილებელია პარლამენტიდან მინუსებში გადასული რეიტინგის მქონე ფიგურების ეკრანებიდან და თანამდებობიდან ჩამოშორება, ასევე, სასამართლო სისტემაში განგრენად ქცეული პერსონების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება და ამ ცვლილებების შინაარსი უნდა იყოს ის, რომ მომავალი პარლამენტი აირჩეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

ექსპერტმა ასევე ლარის კურსზეც გაამახვილა ყურადღება.

"თუ ლარის კურის ვერ შეაკავეს, არაფერს ეფექტი არ ექნება. ლარის კურის იმდენად დამანგრეველია, რომ ვერაფერი ამას ვერ გადაწონის", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.