თორდია ფარცხალაძეზე: "ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?" - კვირის პალიტრა

თორდია ფარცხალაძეზე: "ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?"

"შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს", - ასე აფასებს ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთახრ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას.

როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ "მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას".

"შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!" - წერს თორდია სოციალურ ქსელში.

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა გირაოს შეფარსებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი გუშინ, 20:00 საათზე დაინიშნა. ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.