"ბიძინა ივანიშვილი იზოლაციიდან გათავისუფლდა... ძველი გვარდია კი ადგილზეა, ჩვენ არსად წავსულვართ" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი იზოლაციიდან გათავისუფლდა... ძველი გვარდია კი ადგილზეა, ჩვენ არსად წავსულვართ"

"ვინც "ნაციონალებს" დაუდგა, მათზე უარესი მოღალატეა"

გულგატეხილი და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებული მოსახლეობისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე საზოგადოების აზრი, როგორც ხდება ხოლმე, ორად გაიყო და ოპონენტები და მომხრეები მას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ყოფილი პრემიერის პოსტსაარჩევნო განცხადებებისა და "ძველი გვარდიის" დაბრუნებასთან დაკავშირებული მოწოდების შეფასება იმ ადამიანებს ვთხოვეთ, ვინც 2012 წელს მისი აქტიური მხარდამჭერები და თანამებრძოლები იყვნენ.

თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი:

- ბატონი ბიძინას მიმართვას დადებითად შევაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ მე ბოლოს, პირველი ტურის წინ, მივიღე გადაწყეტილება და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუჭირე მხარი, შეიძლება კარგიცაა, რომ მეორე ტური გახდა საჭირო. რადგან "ქართული ოცნების" პირველივე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩებოდა და ხელისუფლების განვლილ საქმიანობას სწორი შეფასება არ მიეცემოდა.

ბიძინა ივანიშვილის ორშაბათის გამოსვლა მნიშვნელოვნად განსხვავდება არჩევნების წინ მისი გამოსვლებისგან, თუნდაც იმით, რომ თვითკრიტიკული იყო, ეს მხოლოდ არჩევნების შედეგებზე ნამდვილად არ იყო გათვლილი, იგრძნობოდა, რომ ბევრ შემთხვევაში მას სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა და ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ის იზოლაციაში მოექცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა და მართვის სადავეები სხვა ჯგუფმა აიღო, რომელიც ამისთვის არც მზად იყო და არც დიდი წვლილი მიუძღოდა "ქართული ოცნების" გამარჯვებაში. უფრო მეტიც, ეს ხალხი კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს მათთან, ვისი დამსახურებაც იყო ეს გამარჯვება და მაქსიმალურად, სხვადასხვა საშუალებებით, ბიძინა ივანიშვილს ისეთ ინფორმაციებს აწვდიდა, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, მოახერხეს ის, რომ ყველამ თავისი გუნდი მოიყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც არა დამსახურების, არამედ პირადი ერთგულების მიხედვით აარჩიეს. ამ ფონზე, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოსული გუნდის ჩაჩოჩება და იგნორირება მოხდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც მივიღეთ ეს რეალობა. ისინი ჩამოკიდებულები იყვნენ ივანიშვილის ავტორიტეტზე და მას შემდეგ, რაც ესეც აღარ გახდა საკმარისი, რომ არჩევნები პირველსავე ტურში დაემთავრებინათ, ამან ბატონი ბიძინაც დააფიქრა. ის იზოლაციიდან გათავისუფლდა...

როცა "ქართულ ოცნებას" გავემიჯნე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ მათ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხეს. მეორე პოლიტიკური ძალის დანაშაულებების და იმ შედეგების ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო და არა - მათი დაწინაურება. მოკლედ, ბატონი ბიძინა ამ ყველაფერს მიხვდა და იმედს ვიტოვებ, რომ ის რადიკალურ ზომებს მიიღებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარში ამოვუდგებით. ვფიქრობ, ეს შედეგი კარგიც იყო, რათა ხელისუფლება გამოფხიზლდეს. ხალხის სასარგებლოდ, ცვლილებები უნდა განახორციელოს!

- ბიძინა ივანიშვილთან პირადად თუ გქონდათ კომუნიკაცია? - დიახ, სატელეფონო. მე მის მოწოდებამდეც ქალბატონ სალომეს დავუჭირე მხარი და მერეც იგივეს ვიზამდი ისედაც. თუმცა, როცა დავინახე, რომ მან შეცდომები გაითავისა, მეტი ენთუზიაზმით დავუდგები გვერდით საპრეზიდენტო კანდიდატს.

- როდის ესაუბრეთ მას?

- ამ დღეებში.

- ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებმა მისი გამოსვლა დამფრთხალი და ნირწამხდარი, დამარცხებული ლიდერის გამოსვლად შეაფასეს...

- არა, ჩემი აზრით, ეს იყო პასუხისმგებლობის მქონე ლიდერის გამოსვლა, რომელმაც გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ დასკვნები გამოიტანა. ეს არ იყო დამარცხება, მაგრამ იყო გარკვეულწილად წარუმატებლობა, რომელიც მას შეუძლია წარმატებად აქციოს, თუ აქედან რეალურ დასკვნებს გააკეთებს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ამ უმოკლეს დროში. ბატონ ბიძინას ეს ნამდვილად შეუძლია, თუ მართვას საკუთარ თავზე აიღებს.

- გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის წინასწარი ზეიმი მეორე ტურთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ? - პირველი ტურის შედეგი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათთვის საზეიმო იყო იმ მხრივ, რომ მაინც მაღალი მაჩვენებელი მიიღეს.

ოლეგ იაძე, კასპის ყოფილი გამგებელი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში:

- ბატონი ბიძინას გამოსვლა, რა თქმა უნდა, მისაღები და მისასალმებელია. მე ხუთი წელია, რაც გამგებელი აღარ ვარ, თორემ პარტიის ცენტრალურ ოფისში სულ ვმუშაობდი. არსად წავსულვარ. დილით, როდესაც ოფისში შემოვედი, ტელევიზიები იდგნენ, მიცნეს და მკითხეს, აქ რა გინდათო? მეც ვუპასუხე, აქ ვმუშაობ-მეთქი და რატომღაც ჩათვალეს, რომ მე ახლა მოვბრუნდი. მე ყოველ დღე ოფისში ვარ, სპორტის მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილი და ოლეგ იაძე 2012 წელს შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრისას

- პარტიისა და ხელისუფლების გასაძლიერებლად "ძველი გვარდიის" დაბრუნებას თქვენ როგორ აფასებთ?

- ეს ძალიან კარგი იქნება. ბატონმა ბიძინამ, ფაქტობრივად, სხვების შეცდომები გამოასწორა ამ მხრივ. 2012 წლის იმ გმირი ბიჭების დავიწყება როგორ შეიძლება? რამდენი იბრძოლეს, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო. არც პროფესიონალიზმში ჩამოუვარდებიან ვინმეს და არც პატიოსნებაში, ამ მხრივ შეცდომები ნამდვილად დაიშვა. ეს კოჰაბიტაციის ბრალიც იყო. სირცხვილი არ არის, რომ სპორტის პირველი გვარდიელები - მე, გელა კეტაშვილი, დავით კვაჭაძე, თემურ ჩხაიძე, გურამ ბიგანიშვილი ჩრდილში ვიყავით მაშინ, როცა სპორტის სამინისტროს ხეჩიკაშვილები და ვიღაცები ხელმძღვანელობდნენ, სპორტის ბაიბურში რომ არ არიან. დროული იყო ბატონი ბიძინას მოწოდება, ეს ქვეყანას წაადგება, რადგან რაც მეტი პროფესიონალი უხელმძღვანელებს ყველა სფეროს, მით უკეთესია.

- ამ პიროვნებების გარდა, 2012 წლის "გვარდიელებიდან" ვინ შეგიძლიათ დაასახელოთ? თუნდაც, სხვა სფეროებში. - ასეთი ბევრია, თუნდაც, რაიონული შტაბები რომ იყო, ადამიანები, ვინც არჩევნები მოიგეს, ხმების დასაცავად იბრძოლეს და ვისაც მაშინ ებრძოდნენ, ბევრგან ისევ ის "ნაციონალები" ასხედან თავზე, ეს პატიოსანი ხალხი კი ჩააჩოჩეს. ესაა პრობლემა და ბიძინა ივანიშვილმაც ეს თქვა. ყველაფერი კოჰაბიტაციის ბრალია. როცა ბატონ ბიძინას აბრალებდნენ, სახელმწიფოს მართვაში კულისებიდან ერევაო, სწორედაც რომ საერთოდ არ ერეოდა და ეს იმიტომაც მოხდა. მისი დაბრუნება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ სხვები ჯეროვნად ვერ აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც მათ ბატონმა ბიძინამ ანდო.

ადრე ვამბობდი ხოლმე და ახლაც გავიმეორებ, მესმის, რომ საზოგადოება ჩვენგან მეტს მოითხოვდა, ელოდებოდა და რაღაც კუთხით, გაწბილებულები არიან, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ დამანგრეველ ძალას დაუდგნენ გვერდით. "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოერევა, მათ საზოგადოება უნდა მოერიოს, ერთიანი ძალებით. მათი ბოროტი ნამოქმედარიდან გამომდინარე. თორემ, "ოცნებამ" რომ ზოგ რამეში მოიკოჭლა, ამას მეც ვამბობ. მე და თაკო ჩარკვიანი თავის დროზე ერთად ვიდექით, მე გამგებლად დავინიშნე, თაკო ჩარკვიანი - მინისტრის მოადგილედ, მეც მალე გავთავისუფლდი და ისიც და რა არ მოეწონა? რა მოხდა ისეთი, რომ ისევ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ტიპური მოღალატეობრივი სული! რაიმე მესამე ძალას რომ დადგომოდა, კიდევ მესმის. "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" უერთდება, იმაზე უარესი მოღალატეა, ვიდრე თვითონ "ნაციონალური მოძრაობა".

- ბატონი ბიძინას განცხადების შემდეგ, ძველი პარტიელებიდან ვინ დაბრუნდა ოფისში? - რა გითხრათ, ჩვენ არავინ არსად წავსულვართ, ეკრანზე ან აქტიურად არ ვჩანვართ, თორემ სოსო ჯაჭვლიანიც აქაა, ლუკა კურტანიძეც, თემურ ჩხაიძეც, გელა კეტაშვილიც და სხვები, ბატონ ბიძინას ყველა გვერდში უდგას.

სოსო ჯაჭვლიანი, ყოფილი პარლამენტარი, ამონარიდი "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციიდან: ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი 2012 წელს - მსვლელობა გელათიდან-სამებამდე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით

- მივესალმები ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, იყო კოჰაბიტაცია, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ვერ გამოასწორებ სისხლის სამართლის დანაშაულს, ასეთი დანაშაულის მქონე ადამიანი, ყველა უნდა დაისაჯოს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებთან მივიტანოთ ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. არამც და არამც ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს დამნაშავე და მანიაკი ხელისუფლება, ხოლო ჩვენ ეს ყველაფერი ადამიანებთან უნდა მივიტანოთ, უნდა ავუხსნათ, რის წინაშე ვდგავართ ჩვენ.

რა თქმა უნდა, ადამიანები განაწყენებულები არიან ამ კოჰაბიტაციასთან, სამართლიანობასა და ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით რომ მოიკოჭლებს "ქართული ოცნება", მაგრამ მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ამ არჩევნების მერე, როცა სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, "ქართულ ოცნებას" ძალიან მკაცრად მოვთხოვ იმ ყველა დანაპირების შეძლებისდაგვარად შესრულებას. რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, თუ არადა მაშინ განაწყენებული ხალხისგან გაათმაგებულ, გაასმაგებულ უკურეაქციას მივიღებთ.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)