"მე და თაკო ჩარკვიანი ერთად ვიდექით, ახლა განა რა მოხდა ისეთი, რომ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ეს არის ტიპური მოღალატეობრივი სული" - კვირის პალიტრა

"მე და თაკო ჩარკვიანი ერთად ვიდექით, ახლა განა რა მოხდა ისეთი, რომ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ეს არის ტიპური მოღალატეობრივი სული"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ "ძველ გვარდიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ მოწოდებას გამოეხმაურა კასპის ყოფილი გამგებელი და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ოლეგ იაძე:

- ბატონი ბიძინას გამოსვლა, რა თქმა უნდა, მისაღები და მისასალმებელია. მე ხუთი წელია, რაც გამგებელი აღარ ვარ, თორემ პარტიის ცენტრალურ ოფისში სულ ვმუშაობდი. არსად წავსულვარ. დილით, როდესაც ოფისში შემოვედი, ტელევიზიები იდგნენ, მიცნეს და მკითხეს, აქ რა გინდათო? მეც ვუპასუხე, აქ ვმუშაობ-მეთქი და რატომღაც ჩათვალეს, რომ მე ახლა მოვბრუნდი. მე ყოველ დღე ოფისში ვარ, სპორტის მიმართულებით.

- პარტიისა და ხელისუფლების გასაძლიერებლად "ძველი გვარდიის" დაბრუნებას თქვენ როგორ აფასებთ?

- ეს ძალიან კარგი იქნება. ბატონმა ბიძინამ, ფაქტობრივად, სხვების შეცდომები გამოასწორა ამ მხრივ. 2012 წლის იმ გმირი ბიჭების დავიწყება როგორ შეიძლება? რამდენი იბრძოლეს, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო. არც პროფესიონალიზმში ჩამოუვარდებიან ვინმეს და არც პატიოსნებაში, ამ მხრივ შეცდომები ნამდვილად დაიშვა. ეს კოჰაბიტაციის ბრალიც იყო. სირცხვილი არ არის, რომ სპორტის პირველი გვარდიელები - მე, გელა კეტაშვილი, დავით კვაჭაძე, თემურ ჩხაიძე, გურამ ბიგანიშვილი ჩრდილში ვიყავით მაშინ, როცა სპორტის სამინისტროს ხეჩიკაშვილები და ვიღაცები ხელმძღვანელობდნენ, სპორტის ბაიბურში რომ არ არიან. დროული იყო ბატონი ბიძინას მოწოდება, ეს ქვეყანას წაადგება, რადგან რაც მეტი პროფესიონალი უხელმძღვანელებს ყველა სფეროს, მით უკეთესია.

- ამ პიროვნებების გარდა, 2012 წლის "გვარდიელებიდან" ვინ შეგიძლიათ დაასახელოთ? თუნდაც, სხვა სფეროებში.

- ასეთი ბევრია, თუნდაც, რაიონული შტაბები რომ იყო, ადამიანები, ვინც არჩევნები მოიგეს, ხმების დასაცავად იბრძოლეს და ვისაც მაშინ ებრძოდნენ, ბევრგან ისევ ის "ნაციონალები" ასხედან თავზე, ეს პატიოსანი ხალხი კი ჩააჩოჩეს. ესაა პრობლემა და ბიძინა ივანიშვილმაც ეს თქვა.

ყველაფერი კოჰაბიტაციის ბრალია. როცა ბატონ ბიძინას აბრალებდნენ, სახელმწიფოს მართვაში კულისებიდან ერევაო, სწორედაც რომ საერთოდ არ ერეოდა და ეს იმიტომაც მოხდა. მისი დაბრუნება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ სხვები ჯეროვნად ვერ აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც მათ ბატონმა ბიძინამ ანდო.

ადრე ვამბობდი ხოლმე და ახლაც გავიმეორებ, მესმის, რომ საზოგადოება ჩვენგან მეტს მოითხოვდა, ელოდებოდა და რაღაც კუთხით, გაწბილებულები არიან, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ დამანგრეველ ძალას დაუდგნენ გვერდით. "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოერევა, მათ საზოგადოება უნდა მოერიოს, ერთიანი ძალებით. მათი ბოროტი ნამოქმედარიდან გამომდინარე. თორემ, "ოცნებამ" რომ ზოგ რამეში მოიკოჭლა, ამას მეც ვამბობ. მე და თაკო ჩარკვიანი ერთად ვიდექით, მე გამგებლად დავინიშნე, ის - მინისტრის მოადგილედ, მეც მალე გამათავისუფლეს და ისიც, მაგრამ ახლა განა რა მოხდა ისეთი, რომ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ეს არის ტიპური მოღალატეობრივი სული!

რაიმე მესამე ძალას რომ დადგომოდა, კიდევ მესმის. "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" უერთდება, იმაზე უარესი მოღალატეა, ვიდრე თვითონ "ნაციონალური მოძრაობა".

- ბატონი ბიძინას განცხადების შემდეგ, ძველი პარტიელებიდან ვინ დაბრუნდა ოფისში?

- რა გითხრათ, ჩვენ არავინ არსად წავსულვართ, ეკრანზე ან აქტიურად არ ვჩანვართ, თორემ სოსო ჯაჭვლიანიც აქაა, ლუკა კურტანიძეც, თემურ ჩხაიძეც, გელა კეტაშვილიც და სხვები, ბატონ ბიძინას ყველა გვერდში უდგას. იხილეთ სრულად

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)